ბლოგი

10:04 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული ინვენტარის მაღაზიაში

– მობრძანდით, ბატონო. რას ინებებთ? აი სულ ახალი, ორიგინალი მაისურები გვაქვს მიღებული გერმანიიდან...

– რატომ იტყუებით, ქალბატონო? რა გერმანიიდან? გუშინ ვიყავი თქვენთან, ბავშვს “ბაიერნის“ მაისური ვუყიდე და სახლში რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ უკან “მეიდ ინ ჩაინა“ ეწერა. ასეთი თვალსა და ხელს შუა ტყუილი როგორ შეიძლება? ახლავე დაიბრუნეთ თქვენი ჩინური მაისური.

– რას ბრძანებთ? ხომ ხედავთ, მაღაზიის შემოსასვლელშივე აწერია, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. თანაც, წესით კი უნდა იცოდეთ, რომ დღეს ყველა დიდი და ცნობილი ევროპული ფირმა ჩინეთში აწარმოებს თავიანთ პროდუქციას და ძალიან ხარისხიანადაც, სხვათა შორის.

– მე არ ვიცი, ვინ რას აწარმოებს. გუშინ მომატყუეთ და მიიღეთ ეს თქვენი ჩინური ძონძი უკან!

– ესაა ძონძი? როგორ გეკადრებათ?! ჩემს შვილს ორი წელია ზუსტად ასეთი აცვია და ისევ ახალივით აქვს. ისეთი ხარისხიანებია, მგონი საერთოდ არ იხევა.

– როგორ? ზუსტად ასეთი მაისური აქვს თქვენს შვილს ორი წელია?

– დიახ, არ გატყუებთ, ზუსტად ასეთი აქვს.

– სულ მთლად ასეთი?

– რას ჩამაცივდი კაცო. გეუბნები, “ბაიერნია“ თუ რაღაც ოხრობა – ზუსტად ასეთი მაისური აქვს მეთქი...

– თქვენ, ქალბატონო, აფერისტთან ერთად უნამუსოც ყოფილხართ!

– რატომ კადრულობთ მაგას?! იძულებულს მხდით პატრული გამოვიძახო და შეურაცხყობაზე პასუხი გაგებინოთ!

– როგორ ექნებოდა თქვენს შვილს ზუსტად ასეთი მაისური 2 წლის წინ, როცა ეს მაისური სპეციალურად ამ სეზონისთვისაა შეკერილი? აგერ ქვემოთ კიდეც აწერია 2014 წლის საფეხბურთო სეზონის მაისური რომაა. ასე თვალსა და ხელს შუა მოტყუება აღარ გამიგონია, კაცო. მიიბრუნეთ თქვენი მაისური გეუბნებით! მე ეს არაფერში მჭირდება!

– გეუბნებით, არ შემიძლია უკან მიბრუნება. აკრძალული გვაქვს ეგ. სანაცვლოდ სხვა მაისური რომ შემოგთავაზოთ, არ გნებავთ? აგერ ნახეთ, სულ ახალი მაისურები გაქვს. აი “რეალის“ ეს მაისური - დღეს 13 ცალი გავყიდე. დიდი მოთხოვნაა ამაზე.

– ჩემი შვილი გერმანელებს გულშემატკივრობს და “რეალის“ მაისური რად გვინდა?

– მერე რა? ესეც კარგი გუნდი არაა? ჩემს შვილსაც აქვს “რეალის“ მაისურები.

– ბოლოს და ბოლოს, ქალბატონო, ამიხსენით, თქვენი შვილი “ბაიერნს“ გულშემარტკივრობს, “რეალს“ თუ სერთოდ არ გყავთ შვილი და ამასაც იგონებთ...

– რატომაა რთული გასაგები ბატონო? ორი შვილი მყავს. ერთი “რეალის“ გულშემატივარია და მეორე კიდევ “ბაიერნის“. არ შეიძლება, ასე რომ იყოს?

– რა ვიცი, თქვენ ისეთ რამეებს ამბობთ, შესაძლებელია მესამე შვილიც გყავდეთ და ფრანც ბეკენბაუერი ერქვას...

– უკაცრავად, მაღაზია უნდა დავკეტო. აარჩევთ სანაცვლოდ სხვა მაისურს თუ მიბრძანდებით?

– სად უნდა წავიდე ქალბატონო. გამომიცვალეთ მაისური.

– ვერაფრით ვხვდები რას ერჩით ამ ჩინელებს და ჩინურ მაისურებს.

– ქალბატონო, დაგიშავეთ რამე?

– არა რას ბრძანებთ.

– აბა რა ვქნა?

– მიბრძანდით და ხვალ მოდით. იქნებ მოვიფიქროთ რამე.

– სულ აღარ მინდა თქვენი მაისური.

– ჰოდა ძალიანაც კარგი. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127197