ძიუდო

11:53 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დასაწყისი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ტოკიოს გრან სლემზე მე-7 ადგილი დაიკავა. ეროვნული გუნდის დებიუტანტმა იაპონურ ტატამზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში საწყის ეტაპზე იტალიელ ემანუელ ბრუნოს დაუპირისპირდა და მეორე წუთზე შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე.

მეორე წრეში, კანადელ პატრიკ განიესთან პირველსავე წუთზე იუკოზე დავარდა. სწრაფადვე აღადგინა წონასწორობა. მერე იუკოთივე დაწინაურდა. მეხუთე წუთის დასაწყისში კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა. მართალია ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ვაზარი მაინც გამოიმუშავა და უპირატესობა საფინალო გონგამდე მშვიდად შეინარჩუნა.

მესამე მეტოქეს - სლოვენიელ ადრიან გომბოცს მარგველაშვილმა ბეჭებზე გასაკრავად წუთნახევარი აკმარა და მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი ებრაელ გორან პოლაკთან თავად წააგო სუფთად და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტისთვის დაუძლეველი ზღუდე იაპონელი კენგო ტაკაიჩი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საწყის წამებზევე ვაზარი შეასრულა და გდება შებოჭვით დააგვირგვინა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ბექა შავდათუაშვილმაც იჭიდავა, რომელიც იაპონიაში ნაკრებს საკუთარი ხარჯით გაჰყვა. ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ძმა შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთკორეელ ბაულ ანთან იპონით წააგო.

დღესვე მედლები 60 კილოგრამშიც თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უმსუბუქეს წონაში მონაწილე არ ჰყავდა, რადგან გუნდის ლიდერმა, ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატების პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა ტრავმა ახლახან მოიშუშა და მწვრთნელებმა მისი დატვირთვისგან თავი შეიკავეს.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ზეგ კი დარჩენილი სამი წონა: 90, 100 და +100 კილოგრამები დაინომრება.

გრან სლემის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის პრიზიორები პირად რეიტინგს 300 ქულას შემატებენ, ხოლო ბრინჯაოსნები – 200-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111531