ძიუდო

22:18 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს გრან სლემმა მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები შეკრიბა

ხვალიდან შაბათის ჩათვლით ტოკიო ძიუდოში სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირს – გრან სლემს უმასპინძლებს. ტრადიციულ, პრესტიჟულ შეჯიბრებაში 65 ქვეყნის 424 ძიუდოისტი ჩაერთვება. სამთვიანი პაუზის შემდეგ ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გავლენ. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში რვა შეგირდი შეიყვანა. ტურნირის მიმომხილველი ვებ-გვერდის წინასწარი ინფორმაციით კიმონო ათ ქართველს უნდა მოერგო, მაგრამ შემადგენლობას ბოლო მომენტში გამოაკლდნენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

პაპინაშვილის შემთხვევაში მიზეზი ძველი ტრავმაა, რომელიც ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი პირველობების პრიზიორმა უკვე მოიშუშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ზედმეტ დატვირთვას მაინც აარიდა. ოქრუაშვილის ჭიდაობა კი წინასატურნირო შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გამოირიცხა.

საქართველოს ნაკრები უკვე მესამე კვირაა, იაპონიაში გადის საწვრთნელ პროცესს. გუნდის ლიდერები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) კი სულაც, ორ თვეზე მეტია, ტოკიოში ვარჯიშობენ.

სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 5 დეკემბერს მედლები ვაჟებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსო. 66-ში კი კიმონოს ვაჟა მარგველაშვილი და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ძმა ბექა შავდათუაშვილი მოირგებენ.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან და საქმეში ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან. გრან სლემის დასკვნით დღეს კი ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.

ტოკიოში შეკრებილი შემადგენლობის გათვალისწინებით, მომავალ ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატიც შეიძლება ეწოდოს. ვაჟებში შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში პირველ ნომრად მსოფლიო რეიტინგის ლიდერია განთესილი.

უკვე შედგა წილისყრა და ქართველი ძიუდოისტების პირველი მეტოქეებიც გამოვლინდნენ.

მარგველაშვილი გრან სლემს იტალიელ ემანუელ ბრუნოსთან დაჭიდებით გახსნის. ბექა შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება, სამხრეთკორეელ ბაულ ანთან შეხვედრით. ტატალაშვილიც მეორე წრით დაიწყებს, სადაც მეტოქედ სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანსა და ჩინელ შუაი სუნს შორის უძლიერესი ეყოლება. ლაშა შავდათუაშვილი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს დაუპირისპირდება. ჭრიკიშვილი აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუსა და ესპანელი დანიელ გონზალესის წყვილიდან გასულს შეხვდება. ლიპარტელიანი - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილსა და პუერტორიკოელ აქსელ რივერას შორის მოგებულს. ბექა ღვინიაშვილი - უზბეკ კამოლიდინ ხოლმამატოვს ან აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს, ხოლო ლევან მატიაშვილი - უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს.

გრან სლემის ჩემპიონებს ოქროს მედალი 500 სარეიტინგო ქულით დაუფასდებათ. ფინალისტები 300-300 ქულას ჩაიწერენ, ბრინჯაოს პრიზიორები – 200-200-ს, ხოლო რეპეშაჟის ფინალში წაგებულები – 100-100-ს.

საქართველოს ნაკრები

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ბექა შავდათუაშვილი

73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი

90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ - ლევან მატიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115465