ფეხბურთი

18:18 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძე: “2015 წლის სეზონს “ფახთაქორში” დავიწყებ”

“ფახთაქორის” ქართველმა კაპიტანმა კახა მახარაძემ უზბეკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ წელსაც ტაშკენტელთა შემადგენლობაში ითამაშებს.

- სეზონმა როგორ ჩაიარა? ამჯერად, ჩემპიონობის მოპოვება რამდენად რთული იყო?

- რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. თუმცა, საბოლოო გამარჯვებას როდესაც აღნიშნავ, ყველაფერი გავიწყდება. ეს საუცხოო მომენტია. პირველ ყოვლისა, მსურს ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო. განვლილი სეზონისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდით. წლის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, რომ მოვდუნებულიყავით. ყოველი მატჩის მერე, მომავალი შეხვედრისთვის თავდაუზოგავად ვემზადებოდით. ეს ძალას გვმატებდა. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში განსაკუთრებული ატმოსფეროა და საჭირო მომენტებში ეს დიდწილად ძალას გვმატებდა.

- შარშანდელი სეზონის ბოლოს გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა. კლუბის მენეჯერი სამველ ბაბაიანი გახდა. ამ თანამდებობაზე მის მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ და რა შეიცვალა?

- ბევრი რამ შეიცვალა – ვარჯიშები, თამაშებისთვის მომზადება და ფეხბურთელთა ფსიქოლოგია. ფეხბურთელებს შორის შიდა ურთიერთობა პირველ ადგილზე წამოიწია. ის ძალიან კარგი ფსიქოლოგია. საპასუხოდ თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით და ჩემპიონები გავხდით. სამველ ბაბაიანი, როგორც მენეჯერი, გასულ სეზონში ოქროს მედლების ღირსი იყო, ისევე როგორც მთელი გუნდი. ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. წარუმატებელი წინა სეზონის შემდეგ, უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ის შემთხვევითობა იყო. ჩვენ ეს დავამტკიცეთ.

- სეზონის დასაწყისში წარმოგედგინათ, რომ გუნდი ჩემპიონობას თამაშის წაუგებლად მოიპოვებდა?

- სიმართლე გითხრათ, პირველ წრეში ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ერთი თამაში წაგვეგო. მეორე წრეში კიდევ უფრო ძლიერები ვიყავით. ეს მაფიქრებდა, რომ ჩემპიონატში გავიმარჯვებდით. ჩვენ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენეთ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოპონენტებზე ძლიერები ვიყავით. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდიოდით და საბოლოოდ, ჩვენსას მივაღწიეთ.

- მოედანზე გუნდის ნამდვილი ლიდერი ხდებით. “ფახთაქორში” მოსვლის შემდეგ რამდენად შეიცვალეთ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდში ძალიან შევიცვალე. დრო მიდის და მეც “ვიზრდები”. უფრო მეტად მესმის რა მინდა.

- მომავალ წელს “ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ამ ტურნირში გუნდის წარმატებულად გამოსვლის შანსი როგორია?

- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოედანზე გავიდეთ და გულშემატკივრებს გამარჯვებები ვაჩუქეთ.

- გულშემატკივრებს აინტერესებთ ახალ სეზონში გუნდში თუ დარჩებით?

- “ფახთაქორის” გულშემატკივრების დიდ არმიას პატივს ვცემ. შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წლის სეზონს “ფახთაქორში” დავიწყებ. იმ გუნდის ნაწილი გავხდები, რომელიც ახალი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.

0.112728