ფეხბურთი

17:43 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირას შესაძლოა რუსთავში მატჩი ჩაიშალოს

“მეტალურგმა” საქართველოს თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩი “ზუგდიდთან” სტუმრად 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა როგორც იტყვიან “ტექნიკის საქმე” იყო. მითუმეტეს, ზუგდიდელებს თასისთვის ნამდვილად არ ცხელათ და მათი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გუნდი რუსთავში მხოლოდ 14 ფეხბურთელით ჩავიდა, თან მეორე შემადგენლობით, ხოლო მთავარი მწვრთნელი ბესო შეროზია შეუძლოდ გამხდარა და შეგირდებს ამიტომ არ ახლდა. თავის მხრივ, რუსთაველთა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.

მატჩამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ფედერაციის ოფიციალურმა პირმა ირაკლი ოყროშიძემ ბანერიც გაშალა: “სპორტმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ”. ფეხბურთელებს კი ანალოგიური წარწერით მაისურები ეცვათ, რომელიც შემდეგ გაიხადეს.

“მეტალურგის” ხელმძღვანელებმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადარიცხული 200000 ლარიდან მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი დაურიგეს და კიდევ ერთი თვის გასასტუმრებელი დარჩათ. გარდა ამისა, გასაცემია პრემიები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ თანხაში არ შედის.

კლუბის პერსონალის და სტადიონზე მომუშავეთა 4 თვის ხელფასი ჯერ არ გაუსტუმრებიათ. თუ ხსენებულ პირებს თანხას პარასკევს არ გადაურიცხავენ, დიდი შანსია, რომ კვირას ეროვნული პირველობის მორიგის ტურის შეხვედრა “ფოლადზე” არ ჩატარდეს, ვინაიდან პერსონალი თავის მოვალეობას არ შეასრულებს. მათ მხარს ფეხბურთელებიც უჭერენ. შესაბამისად, სტადიონზე არ იქნება სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია.

ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, “მეტალურგის” მესვეურებს მიღებული თანხიდან პერსონალის ვალის დაფარვა არ შეუძლიათ და ფული თავად უნდა მოიძიონ. “ფოლადს” ეტყობა თუ რა შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვინც მის მოვლაზეა პასუხისმგებელი. პრესლოჟაში მაგიდები საშინლად მტვრიანი, შემადგენლობები არ გამოუცხადებიათ, ინტერნეტი გაითიშა. თამაშის წინა დღეს სტადიონზე დავალიანების გამო დენი და წყალი გათიშეს. ოთხშაბათს დიდი ხვეწნა-მუდარით ორივე ჩაართვევინეს.

განვლილ მატჩში ერთი ნოვაციაც ვიხილეთ. კერძოდ, უეფას ახალი წესის თანახმად, ბურთის მომწოდებელი ბავშვები სარბენ ბილიკებზე სკამებზე უნდა ისხდნენ.

შეხვედრის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულიყო, რომ გიორგი კილასონიამ სიოლო რეიდის შემდეგ რამდენიმე მეტოქე ჩამოცილა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდიდან ათ წუთში, მასპინძელთა ფეხბურთელის მიერ საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმული ბურთი ზუგდიდელთა მეკარემ ხელებში პირველ ცდაზე ვერ შეიმაგრა და მამუკა ტორონჯაძემაც დააგვიანა, თორემ შესაძლოა ანგარიში გაეხსნა.

რუსთაველები 33-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მარცხენა ფრთიდან გიორგი კილასონიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა კახა კაკაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.

ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მარჯვნიდან ლაშა მჭედლიშვილმა პასი სტუმართა საჯარიმოში გააკეთა და ირაკლი სიხარულიძემ თავით მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ზუგდიდელები ბურთის “ამოტანისას” უხეშას შეცდნენ და მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შესულმა გიორგი ვასაძემ პასი სიხარულიძეს მისცა, რომელმაც ანგარიში გაზარდა – 2:0.

მალე, “მეტალურგის” ფორვარდმა დუბლი შეასრულა, როცა საჯარიმოს გარედან დაარტყა და სტუმართა მეკარის შეცდომის მერე, ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა – 3:0.

ცოტა ხანში, იკა ქირიამ ბურთის თამაშში შეყვანისას ძალიან უხეიროდ ითამაშა და ბურთი სიხარულიძეს ჩააბარა, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა – 4:0.

75-ე წუთზე, გიორგი კილასონიამ მარჯვნიდან “სტანდარტული” შეასრულების დროს ბურთი მოწინააღმდეგის კართან ჩააწოდა და მამუკა ტორონჯაძემ თავით შეაგდო – 5:0.

მატჩის მიწურულს, კოტე ახალაიამ მარცხნიდან ჩააწოდა მასპინძელთა საჯარიმოში და ლევან გულორდავამ თავით ახლო მანძილიდან გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 5:0 (1:0) (პირველი მატჩი 2:0)

26 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “მეტალურგი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე, ნარიმანიძე, გიორგი კილასონია, კაკაშვილი, კიტეიშვილი, სიხარულიძე (ხაბელაშვილი, 58), ბიწკინაშვილი (ვარლამ გიორგის ძე კილასონია, 46), ტორონჯაძე, ლაშა მჭედლიშვილი (მიქელაძე, 57), კოტე ხიზანეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

ზუგდიდი: იკა ქირია, კოკა ქომეთიანი, ქურდაძე, ჭაავა (ნიკოლაძე, 58), დათა ქირია, ნიკა ქირია (გივი შალამბერიძე, 46), კოტე ახალაია, გვაზავა, შენგელია, გულორდავა, თუთბერიძე.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ელგუჯა ქომეთიანი.

გოლები: 1:0 კაკაშვილი (33), 2:0 სიხარულიძე (47), 3:0 სიხარულიძე (49), 4:0 სიხარულიძე (55), 5:0 ტორონჯაძე (75)

გაფრთხილება: ახალაია (32)

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.

0.325592