სხვა

10:38 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეთილი ნების ელჩების შეკრება ყვარელში

იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში Wings for Life World Run 2015-ის კეთილი ნების ელჩების შეკრება გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ 2014 წლის მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩები, სხვადასხვა კომპანიების, სამინისტროების, საელჩოების და არასამთავრობო ორგანიზაციების 80-ზე მეტი წარმომადგენელი და სპეციალური სტუმარი - ანატოლი ოლეინიკოვი, 2014 წლის მსოფლიო რბენის საქართველოს გამარჯვებული.

შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის მსოფლიო რბენის შედეგების, საინტერესო ფაქტების და 2015 წლის გეგმების გაცნობა.

პრეზენტაციის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარები გაიმართა:

რა არის ჯანსაღი კვება / დავით ტატიშვილის კონსულტაცია

როდის და რამდენი წყალი დავლიოთ ფიზიკური დატვირთვის დროს / ირმა შერაზადიშვილის კონსულტაცია

როგორ მოვემზადოთ სირბილისთვის (გახურება, სტრეჩი) და როგორ მუსიკას ვუსმინოთ სირბილის დროს / ქეთი ხატიაშვილი და სამორი ბალდე

როგორ ვირბინოთ სწორად / მაია აზარაშვილი და დავით ქაცარავა

შეხვედრის ფარგლებში საჩვენებელი გარბენიც გაიმართა, რომელშიც დავით ქაცარავამ გაიმარჯვა.

მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა.

2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 40 ქვეყნიდან გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე, შედეგების კონტროლი ხორციელდება ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან. ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშება, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

10 ფაქტი 2014 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში!

▶ 2986 რეგისტრირებული მონაწილე

▶ 1808 მონაწილე სტარტზე

▶ 46% მდედრობითი სქესის, 54% მამრობითი სქესის

▶ გამარჯვებულმა მამაკაცმა გაირბინა 52.65 კმ.

▶ გამარჯვებულმა ქალმა გაირბინა 25.34 კმ.

▶ 36 ქვეყნის მონაწილემ მიიღო მონაწილეობა საქართველოში

▶ 99 მონაწილე კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება

▶ საჯარო რეესტრი ყველაზე აქტიური მონაწილე - 80 რეგისტრირებული თანამშრომელი.

▶ ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 80 წელი, გაირბინა 3.59კმ

▶ საქართველოს გამარჯვებული მამაკაცი ირბენს კალიფორნიაში 2015 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146694