ფეხბურთი

13:20 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ჩემპიონის ბოლო შანსი

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მოთამაშე გუნდებიდან ოთხმა 1/8-ფინალის საგზური უკვე მოიპოვა. დღეს, შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი კიდევ 3 გუნდის ვინაობა გავიგოთ. ერთადერთი ოთხეული, რომელშიც დღეს ორივე 1/8-ფინალისტი ვერ გაირკვევა, G ჯგუფია. E ჯგუფში კი, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას შეეცდება.

E ჯგუფი

ცსკა-რომა (პირველი მატჩი 1:5)

წინა ორ ტურში, “ბაიერნთან” გამართულ ორ შეხვედრაში, “რომა” უქულოდ დარჩა, მაგრამ რუდი გარსიას გუნდი ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების ყველაზე მეტ შანსს მაინც ინარჩუნებს. დღეს, რომაელები ხიმკის ეწვევიან. ნოემბრის ბოლოს რუსეთში თამაში ადვილი ნამდვილად არაა და ადგილობრივი კლიმატი უპირატესობას მასპინძლებს აძლევს, თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ცსკა-ს დღეს წარმატების არცთუ დიდი შანსი უნდა ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ “არმიელებს”, ბოლო დროს, ევროტურნირებზე საკუთარ კედლებში თამაში უჭირთ. “რომა” კი, რუსეთიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში მანჩესტერში 3 ქულის აღების შემდეგ, ცსკა-მ შიდა ასპარეზზე ცუდად თამაში განაგრძო. მოსკოველებმა რუსეთის პრემიერლიგის ზედიზედ 3 შეხვედრა წააგეს და მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.

“რომას” საქმეები კარგად მისდის. “ბაიერნთან” წაგების შემდეგ, “ჯალოროსიმ” სერია A-ში ორივე მატჩი მოიგო. “რომა” ლიდერ “იუვენტუსს” კვლავ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მე-3 ადგილზე მყოფ გუნდს უკვე 6 ქულით უსწრებს.

ცსკა მეტოქეს ტრავმირებული ნატხოსა და ელმის გარეშე ხვდება. რომაელები კი კასტანს, იანგა-მბივასა და ბორიელოს მოისაკლისებენ.

  • “რომა” 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებს, თუ ცსკა-ს დაამარცხებს და ჯგუფის მე-2 შეხვედრაში “ბაიერნი” ქულას მაინც აიღებს;
  • ცსკა შემდეგ ეტაპზე გავა, თუ “რომას” 4:0 ან უფრო დიდი სხვაობით დაამარცხებს და “სიტი” “ბაიერნს” ვერ მოუგებს;
  • ცსკა-მ, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 7 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • ცსკა იტალიურ გუნდებთან სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრეს საკუთარ კედლებში. მოსკოველებმა, რუსეთში, 2 თამაში მოიგეს, ხოლო იტალიაში – 3;
  • “რომა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, წინა 4 ცდაზე, სტუმრად ერთი თამაშის მოგებას მაინც ახერხებდა. მიმდინარე გათამაშებაში რომაელებს მეტოქის მოედანზე ჯერ არ მოუგიათ;
  • “რომას”, იტალიაში ჩატარებული 3 თამაშიდან ყველა მოგებული აქვს;
  • იგორ აკინფეევმა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 25 თამაშიდან გოლი ყველაში გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდეში, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შჩენიკოვი, ვერნბლუმი, ძაგოევი, ტოშიჩი, ერემენკო, მუსა, დუმბია.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, ასტორი, მანოლასი, კოული, პიანიჩი, როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, იტურბე.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

სიტი-ბაიერნი (პირველი მატჩი 0:1)

“ბაიერნმა” ჯგუფური ეტაპის ამოცანა უკვე შეასრულა და პირველი ადგილი გაინაღდა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით “სიტიზე”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კიდევ ერთხელ ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა. “ქალაქელებმა” 4 ტურში თავი მხოლოდ 2 ქულას მოუყარეს. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სულ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჯგუფის 4 ტურის შემდეგ 2 ან ნაკლები ქულის მქონე გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. 2004 წელს, იმ დროისთვის მოქმედმა ჩემპიონმა “პორტუმ”, ჯგუფის ბოლო 2 ტურის მოგების შემდეგ 8 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. 2 წლით ადრე, კიდევ უფრო რთული მდგომარეობიდან გამოძვრა “ლოკომოტივი”, რომელსაც 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, მაგრამ მოსკოველებმა, საბოლოოდ, 7 ქულა აიღეს და ჯგუფიდან გააღწიეს. ამ ორი მაგალითის გათვალისწინებით, “სიტის” ამოცანა შეუსრულებელი სულაც არაა. “ქალაქელების” პირველი ამოცანა კი უმოტივაციო “ბაიერნის” დამარცხებაა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში გუნდების გზები მესამედ გადაიკვეთა. 2011 წლის შემოდგომაზე, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ორივე თამაში მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 2 წლის შემდეგ, იმავე ეტაპზე, გუნდებმა კვლავ 3-3 ქულა აიღეს, მაგრამ ამჯერად “ბაიერნმაც” და “სიტიმაც” სტუმრად იმარჯვეს. მიმდინარე გათამაშებაში კი, მიუნხენში გამართული შეხვედრა გერმანელებმა 1:0 მოიგეს.

მე-4 ტურში ცსკა-სთან საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ, “სიტიმ” პრემიერლიგაში 2 თამაში ჩაატარა. პელეგრინის შეგირდები ჯერ ქპრ-ს დაუზავდნენ, შემდეგ კი მათ “სუონსი” დაამარცხეს. “ქალაქელები”, 12 ტურის შემდეგ, ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან.

“ბაიერნს” საქმეები ბუნდესლიგაშიც კარგად მისდის. მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში ერთნაირი ანგარიშით, 4:0 მოიგეს და ისინი გათამაშებას 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

დღევანდელ შეხვედრაში “სიტი” დისკვალიფიცირებული ფერნანდინიოსა და იაია ტურეს ვერ დაიხმარს. ტრავმების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯეკოს, კოლაროვისა და სილვას მოედანზე გამოჩენა. სტუმართა რიგებში ტრავმირებულები ალაბა, ბადშტუბერი, ლამი, შტარკე, მარტინესი, ტიაგო და რეინა არიან.

  • “ბაიერნს” ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს;
  • თუ დღეს “სიტიმ” ვერ მოიგო და ჯგუფის მე-2 მატჩში რომელიმე გუნდმა 3 ქულა აიღო, “ქალაქელები” 1/8-ფინალისთვის ვეღარ იბრძოლებენ;
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პირველ 4 ტურში მხოლოდ 2 ქულის აღების მიუხედავად გუნდი ჯგუფიდან გავიდა;
  • “სიტის”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 2 მოგება აქვს;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბაიერნმა”, ინგლისში ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • სერხიო აგუერომ, “სიტის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 11 თამაშში 11 გოლი გაიტანა;
  • “ბაიერნს”, ყველა ტურნირზე, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, მილნერი, ფერნანდო, ლემპარდი, ნასრი, სილვა, აგუერო.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბენატია, დანტე, ბერნატი, ალონსო, რობენი, გიოტცე, შვაინშტაიგერი, რიბერი, მიულერი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

1. ბაიერნი 4 4 0 0 11:1 12
2. რომა 4 1 1 2 7:11 4
3. ცსკა 4 1 1 2 5:9 4
4. სიტი 4 0 2 2 4:6 2

F ჯგუფი

პსჟ-აიაქსი (პირველი მატჩი 1:1)

ეს ჯგუფი ერთადერთია, რომელშიც ორივე 1/8-ფინალისტი უკვე გამოვლენილია. პსჟ და “ბარსელონა” პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო “აიაქსი” და აპოელ-ი ერთმანეთს ევროპის ლიგის საგზურისთვის შეეცილებიან. იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონა” აპოელ-ს დიდი ალბათობით დაამარცხებს, პსჟ-ს, პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, დღეს “აიაქსთან” მოგება დასჭირდება.

პსჟ მიმდინარე სეზონში კვლავ წაუგებელია. სეზონის სტარტზე პარიზელები ქულებს ხშირად კარგავდნენ, მაგრამ ბოლო დროს მათ სტაბილურად მოგება დაიწყეს. ლორან ბლანის გუნდმა, ლიგა ერთში, ზედიზედ 5 თამაში მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ჰოლანდიის ჩემპიონატში ბოლო 4 თამაში მოიგო “აიაქსმა”, რომელიც მე-2 ადგილზეა და პსვ-ს 2 ქულით ჩამორჩება.

დღევანდელ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენას უნდა ველოდოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის შემდეგ არ უთამაშია. სამაგიეროდ, პარიზელებს ბაებეკი, დუშე, კაბაიე, ვერატი და სავარაუდოდ ლუკას მოურა არ ეყოლებათ. სტუმრების დანაკლისს ტრავმირებული ფიშერი და დისკვალიფიცირბეული ველტმანი შეადგენენ.

  • პსჟ-ს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს. თუ დღეს პარიზელებმა მოიგეს, ხოლო პარალელურ მატჩში “ბარსელონა” უქულოდ დარჩა, ლორან ბლანის გუნდი პირველ ადგილს გაიფორმებს;
  • თუ დღეს “აიაქსმა” მოიგო, ხოლო აპოელ-მა “ბარსელონასთან” წააგო, ამსტერდამელები ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებენ;
  • პსჟ-ს, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, 31 თამაშია არ წაუგია;
  • პსჟ, მიმდინარე სეზონში, წაუგებელია. პარიზელებმა, ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა ერთში ჩატარებული ბოლო 7 თამაში მოიგეს;
  • არკადიუშ მილიკმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 13 თამშში 16 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ორიე, სილვა, მარკინიოსი, მაქსველი, პასტორე, მოტა, რაბიო, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ჰოორნი, მოიზანდერი, ბოილესენი, კლაასენი, სერერო, ვიერგევერი, შონე, სიგთორსონი, ანდერსენი.

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).

აპოელ-ბარსელონა (პირველი მატჩი 0:1)

პირველ ტურში ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. “ბარსელონამ” უსახელო აპოელ-ი საკუთარ კედლებში კი დაამარცხა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით.

იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსას”, კვირის ბოლოს, ვალენსიაში რთული გასვლა ელის, არაა გამორიცხული, ლუის ენრიკემ გუნდის რამდენიმე ლიდერი ამჯერადაც დაასვენოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი სტუმარი გუნდი იქნება.

აპოელ-ს რომ მიმდინარე სეზონში გოლის გატანა უჭირს, ეს ჩემპიონთა ლიგაზეც ჩანს. ბოლო დროს, დონისის შეგირდებს ვეღარც კვიპროსის ჩემპიონატში გააქვთ. შიდა ასპარეზზე აპოელ-ის ბოლო 2 თამაში 0:0 დასრულდა.

“ბარსელონამ” ლა ლიგაში შედეგები გამოასწორა. ზედიზედ ორ მარცხს კატალონიელებმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსთან” 3 ქულის აღება, შემდეგ კი პრიმერას 2 თამაშის მოგება მოაყოლეს.

შეხვედრის მთავარი დანაკლისი ანდრეს ინიესტაა. ორივე გუნდის მხრიდან კიდევ თითო ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, მაგრამ მასპინძელთათვის ჩარალამბიდესი და სტუმართათვის ვერმალენი, მიმდინარე სეზონში, მნიშვნელოვან ძალას ნამდვილად არ წარმოადგენენ.

  • “ბარსელონა” 1/8-ფინალში უკვე გასულია. თუ დღეს კატალონიელებმა წააგეს, ხოლო პსჟ-მ “აიაქსი” დაამარცხა, ლუის ენრიკეს გუნდი პირველ ადგილზე გასვლის შანსს კარგავს;
  • აპოელ-ი, წაგებისა და პარალელურ შეხვედრაში “აიაქსის” მოგების შემთხვევაში, მე-3 ადგილისთვის ვეღარ იბრძოლებს;
  • აპოელ-მა, მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა;
  • აპოელ-მა, მიმდინარე გათამაშებაში, 3 თამაში წააგო და სამივე ანგარიშით 0:1;
  • აპოელ-ს, ესპანურ გუნდებთან გამართულ 13 თამაშში მოგება არ აქვს;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან 5 წააგო;
  • აპოელ-ს, ყველა ტურნირზე, გოლი უკვე 275 წუთია არ გაუტანია;
  • ლიონელ მესი, გასულ უქმეებზე, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარიდი გახდა;
  • ლიონელ მესის, ისევე, როგორც რაულ გონსალესს, ჩემპიონთა ლიგაზე, 71 გოლი აქვს გატანილი. დღეს მეტოქის კარის აღების შემთხვევაში, არგენტინელი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

სავარაუდო შემადგენლობები

აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, კარლაო, გილერმე, ანტონიადესი, გომეში, მორაიში, ვინიციუსი, ეფრემი, მანდუკა, ჯებური.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, რაფინია, სუარესი, მესი, ნეიმარი.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

1. პსჟ 4 3 1 0 6:3 10
2. ბარსელონა 4 3 0 1 8:4 9
3. აიაქსი 4 0 2 2 3:7 2
4. აპოელ 4 0 1 3 1:4 1

G ჯგუფი

შალკე-ჩელსი (პირველი მატჩი 1:1)

დღევანდელი ჯგუფებიდან G ჯგუფი ერთადერთია, რომელსაც 1/8-ფინალისტი ჯერ არ გამოუვლენია. არცთუ მცირეა იმის შანსი, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს და “ჩელსიმ” შემდეგი ეტაპის საგზური ვადაზე ადრე გაიფორმოს. ამისთვის მოგება, ან შედეგიანი ფრე საკმარისი იქნება.

მას შემდეგ, რაც “შალკეს” სათავეში “ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი რობერტო დი მატეო ჩაუდგა, გელზენკირხენელები არასტაბილურად ათამაშდნენ. ისინი საკუთარ კედლებში იგებენ, მაგრამ სტუმრად აგებენ. ასე მოხდა ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურშიც. “შალკემ” “ფრაიბურგთან” 0:2 წააგო, ხოლო გასულ უქმეებზე, “ვოლფსბურგთან” 3:2 მოიგო.

“ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მე-4 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ორივე თამაში მოიგო და ჟოზე მოურინიოს გუნდი გათამაშებას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

“შალკესა” და “ჩელსის” ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 მატჩს ითვლის. ყველა შემთხვევაში გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. 2007 წელს, ლონდონელებმა შინ 2:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად უგოლოდ ითამაშეს. გასულ სეზონში, “ჩელსიმ” ორივე თამაში 3:0 მოიგო, მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში კი, “შალკემ” “არისტოკრატების” კარში გოლის გატანა ისტორიაში პირველად მოახერხა და ქულაც აიღო.

“ჩელსი” გელზენკირხენს უდანაკარგოდ ეწვია, მასპინძლებს კი ტრავმირებული კოლასინაცი, დრაქსლერი და ფარფანი არ ეყოლებათ. მცირე ტრავმები აწუხებთ გიფერს, გორეცკას, სამსა და ობასის.

  • “ჩელსი” 2 გოლის გატანის და არწაგების შემთხვევაში 1/8-ფინალში გავა. თუ ლონდონელებმა მოიგეს, მათ პირველ ადგილში ვეღარავინ შეეცილება;
  • “შალკე” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, თუ “ჩელსისთან” მოიგებს, ხოლო პარალელურ თამაშში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება;
  • “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოუგია. ლონდონური გუნდი, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ჯგუფში ერთადერთხელ ჩარჩა. ორივე ამ შემთხვევაში “ჩელსის” რობერტო დი მატეო წვრთნიდა, რომელიც დღეს “შალკეს” თავკაცობს;
  • გუნდში რობერტო დი მატეოს მისვლის შემდეგ, “შალკემ” ოთხივე საშინაო თამაში მოიგო და სამივე გასვლითი მატჩი წააგო;
  • “შალკემ”, ინგლისურ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 5 საშინაო თამაშიდან 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • “ჩელსი”, მიმდინარე სეზონში, წაუგებელია.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი, აოგო, ნოიშტადტერი, ობასი, ბოატენგი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, რამირესი, ოსკარი, აზარი, კოსტა.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

სპორტინგი-მარიბორი (პირველი მატჩი 1:1)

“მარიბორი” მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. სლოვენიელებმა ქულები ჯგუფის დანარჩენ სამივე მონაწილეს აართვეს. თუ “მარიბორმა” დღესაც არ წააგო, არაა გამორიცხული, ბოლო ტურში ამ გუნდმა 1/8-ფინალისთვის იბრძოლოს.

“სპორტინგი” დღევანდელ მატჩს არცთუ კარგი განწყობით ხვდება. ლისაბონელებმა, გასულ უქმეებზე, პორტუგალიის თასზე, მესამელიგელი “ესპინიო” კი გაანადგურეს, მაგრამ მანამდე, ქვეყნის ჩემპიონატში, ქულები დაკარგეს და მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს.

“მარიბორმა”, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატში 2, ხოლო თასზე 1 თამაში ჩაატარა და ანტე სიმუნძას შეგირდებმა სამივე შემთხვევაში იმარჯვეს.

  • თუ დღეს “სპორტინგმა” მოიგო, ხოლო “შალკემ” “ჩელსი” დაამარცხა, “მარიბორი” მე-3 ადგილზე გასვლის შანსს დაკარგავს;
  • “მარიბორმა” ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, სოარეში, მაურიციო, სარი, კ. სილვა, მარიო, კარვალიო, ა. სილვა, კარილიო, სლიმანი, ნანი.

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, არგუსი, რაიჩევიჩი, ვილერი, ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, სალალიჩი, ტავარესი, ზაჰოვიჩი.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

1. ჩელსი 4 2 2 0 9:2 8
2. შალკე 4 1 2 1 8:9 5
3. სპორტინგი 4 1 1 2 8:8 4
4. მარიბორი 4 0 3 1 3:9 3

H ჯგუფი

ბატე-პორტუ (პირველი მატჩი 0:6)

შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფში ორივე 1/8-ფინალისტის ვინაობა გარკვეულია. ძნელი წარმოსადგენია, ბატე მის მიწასთან გამსწორებელ “შახტარს” 1/8-ფინალის საგზურში შეეცილოს. იერმაკოვიჩის გუნდის მაქსიმუმი მე-3 ადგილის შენარჩუნება იქნება. რაც შეეხება “პორტუს”, ეს გუნდი პირველობისთვის იბრძვის და დღეს არწაგების შემთხვევაში, პორტუგალიელები მიზანს კიდევ უფრო მიაუხლოვდებიან.

ბატე მეტოქეს კარგი განწყობით ხვდება. ბორისოველებმა ბელარუსის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში ერთნაირი ანგარიშით, 4:0 მოიგეს და ჩემპიონობა გაინაღდეს.

დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, შიდა ასპარეზზე საქმეები არცთუ კარგად მისდის “პორტუს”. ლოპეტეგის შეგირდებმა, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარეს და ქულები დაკარგეს. 10 ტურის შემდეგ ისინი მე-3 ადგილზე არიან.

შეხვედრის ერთადერთი დანაკლისი მასპინძელთა მცველი ანრი კაგუშია, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდის.

  • “პორტუს” ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს. პორტუგალიელები პირველ ადგილს გაიფორმებენ, თუ მოიგებენ და “შახტარი” “ბილბაოს” ვერ დაამარცხებს;
  • ბატე 1/8-ფინალში გასვლის შანსს დაკარგავს, თუ დღეს ვერ მოიგებს, ან პარალელურ მატჩში “შახტარი” “ბილბაოს” დაამარცხებს;
  • ბატე-მ, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 4 მატჩში უკვე 19 გოლი გაუშვა. ჯგუფური ეტაპის ანტირეკორდი 22 გოლის გაშვებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, ოლეხნოვიჩი, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, ა. ვოლოდკო, იაბლონსკი, გორდეიჩუკი, კარნიცკი, მ. ვოლოდკო, სიგნევიჩი.

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, ინდი, სანდრო, ერერა, კაზემირო, ოლივერი, ტელიო, მარტინესი, ბრაიმი.

მსაჯი: ოვიდიუე ჰატეგანი (რუმინეთი).

შახტარი-ბილბაო (პირველი მატჩი 0:0)

გუდნები დღევანდელ მატჩს ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანებით ხვდებიან. “შახტარის” პროგრამა მინიმუმი არწაგება და 1/8-ფინალის საგზურის ოფიციალურად მოპოვება, ხოლო მაქსიმუმი მოგება და პირველობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. “ბილბაო” ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, რომლებმაც მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. ბასკების მაქსიმუმი მე-3 ადგილის დაკავება იქნება.

“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 თამაში ძალიან იოლად კი მოიგო, მაგრამ დონეცკელები შიდა ასპარეზზე ვერ ბრწყინავენ. ლუჩესკუს გუნდმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და შედეგად, მე-3 ადგილზე მყოფი “შახტარი” ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

“ბილბაომ”, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, პრიმერა დივიზიონში შედეგების გამოსწორება მოახერხა. ბასკებმა, ლა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან 3 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.

  • “ბილბაოს” 1/8-ფინალში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. თუ დღეს ბასკებმა ვერ მოიგეს და ბატე-მ “პორტუ” დაამარცხა, ესპანური გუნდი ევროპის ლიგისთვის ბრძოლასაც შეწყვეტს;
  • “შახტარი” ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს თუ მოიგებს, ან ბატე “პორტუს” ვერ დაამარცხებს;
  • “შახტარის” თავდამსხმელი ლუის ადრიანო, 9 გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია;
  • მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 14 გოლი “შახტარმა” გაიტანა. აქედან 12-ჯერ დონეცკელებმა ბატე-ს კარი აიღეს;
  • “ბილბაომ”, მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებული 9 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, ფერნანდო, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მუნიაინი, ვიგეირა, ადურისი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

1. პორტუ 4 3 1 0 12:3 10
2. შახტარი 4 2 2 0 14:2 8
3. ბატე 4 1 0 3 2:19 3
4. ბილბაო 4 0 1 3 2:6 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159051