ფეხბურთი

20:17 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა გოგიჩაიშვილი: “დინამოს” მიზანი უცვლელია”

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის “დინამო”, ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილს ლიდერობს. დინამოელებმა ბოლო შეხვედრა ზუგდიდში გამართეს ადგილობრივ კლუბთან და დასავლეთიდანაც სასურველი სამი ქულა წაიღეს. “დინამოს” მომავალ გეგმებზე მისმა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

_ მომავალ გეგმებთან დაკავშირებულ კითხვამდე, რას იტყვით “ზუგდიდთან” თქვენი გუნდის მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე?

_ ზუგდიდში თამაში ყოველთვის რთულია. ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ. ჩვენ სხვადასხვა მიზნები გვაქვს. მეტად მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის მოპოვება. გვინდა, პირველი წრე მოწინავე პოზიციაზე დავამთავროთ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ვფიქრობ გამარჯვებაც ღირსეულად მოვიპოვეთ.

_ თბილისის “დინამოს” მიმართ გულშემატკივარს განსაკუთრებული მოთხოვნები და იმედები აქვს. რა იქნება წელს “დინამოს” პროგრამა მაქსიმუმი?

_ გეთანხმებით და ასეცა, “დინამო” ყოველთვის იბრძვის მაღალი ადგილებისთვის. ცნობილია, რაც მოხდა “დინამოში”. ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მოგვიწია ახალგაზრდული გუნდის შექმნა. ამის გათვალისწინებით, შედეგი დამაკმაყოფილებელია. თამაშის ხარისხითაც ყოველთვის ვცდილობთ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ზოგჯერ ისე არ გამოდის, როგორც გვინდა - ფეხბურთია. კარგია, რომ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცათ.

_ ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. ჩვენი პირველი გუნდი დღეს მთავარი მწვრთნელის გარეშეა. მწვრთნელის შეცვლა თუ უშველის ნაკრებს და ვის მიიჩნევთ დამრიგებლობის რეალურ კანდიდატად?

_ ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრები ასეთ მდგომარეობაშია. გასაგებია, მწვრთნელს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ვიტყოდი, რომ არასასურველ შედეგში ყველას პასუხისმგებლობააა. პირველ რიგში ფეხბურთელების, ფედერაციის, ყველასი აბსოლუტურად, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ერთად შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ალბათ იქნება მსჯელობა. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ვნახოთ, ისეთი კაცი გვჭირდება, რომელიც ნაკრებში ყველა საკითხს ძირეულად შეცვლის.

0.121621