რაგბი

14:32 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

Pro D2-ში 9 ქართველმა ითამაშა

შაბათ-კვირას საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ლეგიონერთა ნაწილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იაპონიის წინააღმდეგ თამაშობდა, რვა მატჩში 9 ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” “ბიარიცთან” 18:42 დამარცხდა. თეთრაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 46-ე წუთზე შეცვალეს და 57-ეზე 10 წუთით კვლავ მოუწია თამაშში ჩართვა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, ორი ლელო გაიტანეს, თავად ერთი გაუშვეს და 18:13 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმი სრულად მასპინძლების იყო, რომლებმაც შერკინებაში იმძლავრეს, მეტოქეს ქულა აღარ ააღებინეს, თავად 4 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. “აჟენს” 25 ქულა დარჩა და მე-10 ადგილზე დაეშვა.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” “კარკასონო” 34:22 დაამარცხა, ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ახლა უკვე 4-მატჩიანმა მოგებათა სერიამ შეცვალა და 35 ქულით მეორე ადგილზე გამაგრდა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მეორეხაზელმა მაისურაძემ სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი შეყლაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს, აქედან ერთი შერკინებამ დაიმსახურა (ტექნიკური). შერკინებამვე მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება - 17:3. მეორე ტაიმში “ალბიმ” კიდევ ორი ლელო გაიტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” “კოლომიე” ქართველი ლეგიონერების გარეშე 20:13 დაამარცხა და სამ სხვა გუნდთან 30-30 ქულით მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” ლაშა ლომიძის გარეშე მოთამაშე “ბეზიე” 32:18 დაამარცხა. რატიანიძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია. “მონ-დე-მარსანი” 31 ქულით მესამე, ხოლო “ბეზიე” 27 ქულით მე-9 ადგილზეა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერმა, გიორგი ნაცარაშვილის “პომ” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” 22:19 დამარცხდა. ამ დროს ბასილაია თბილისში იმყოფებოდა, ხოლო ქართველი პირველხაზელები თამაშში ერთდროულად, 53-ე წუთიდან ჩაერთვნენ. 67-ეზე მჭედლიშვილი მეტოქის ბურჯთან ერთად სინბინით დაისაჯა და მოედანზე 10 წუთით ნაკლები დრო გაატარა. “პო” 44 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “პერპინიანი” 30 ქულით მეოთხე-მეშვიდე პოზიციებს იყოფს.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” “დაქსი” პრემიალური ქულით, 50:13 დაამარცხა და 24 ქულით მე-11 ადგილამდე დაწინაურდა. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყუფარაძემ შესვენებისას შეცვალა. მასპინძლები ჯარიმების ხარჯზე 15:6 იგებდნენ და ზედ შესვენების წინ პირველი ლელო გაიტანეს (22:6). მეორე ტაიმში მათ კიდევ ოთხჯერ გადაკვეთეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი (50:6), რის შემდეგაც მოეშვნენ და ბოლო წუთზე ერთი პრესტიჟის ლელო “დაქსმაც” მიითვალა.

ასტამურ იოსელიანის “ნარბონმა” კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 36:23 დაამარცხა. განაცხადში მხოლოდ კობერიძე იყო და შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა. ამ დროს სტუმრები 23:14 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში 3 ლელო გაუშვეს, ჯამში 22 უპასუხო ქულა და 19 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან. “ნარბონი” 21 ქულით მეცამეტეა.

Pro D2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 29-30 ნოემბერს გაიმართება.

0.113224