რაგბი

23:49 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგობა ჩვენი დღეა!

23 ნოემბერი, გიორგობა დღე, უკვე მეორედ შევიდა ქართული რაგბის ისტორიაში. შარშან “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი სამოა 16:15 დაამარცხეს და არსებობის ისტორიაში პირველად სძლიეს ტოპ ათეულის წარმომადგენელს, წელს კი, პლანეტის მე-10 გუნდ იაპონიას ულაპარაკოდ სძლიეს და შარშანწინდელი წყენისთვის ღირსეული რევანში აიღეს.

საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე წაგებების ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა და, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ეს გამარჯვება მოსალოდნელი იყო: ასეთ ღირშესანიშნავ დღეებში გუნდი განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს ხოლმე. წინა დღეს “ბორჯღალოსნებს” საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II უმასპინძლა და პირადად დალოცა. ქართველი გულშემატკივრის წინაშე, მით უმეტეს ორი მარცხის ფონზე, მორაგბეები მუდამ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ და მეტოქე იყო იაპონია, რომელთანაც 2006 წლის და განსაკუთრებით შარშანწინდელი მარცხის გამო, ბიჭებს რევანში სწყუროდათ.

იყო სხვა მომენტიც. დღევანდელ თამაშამდე გუნდს თითქმის მთელი თვე ერთად ჰქონდა გატარებული და როგორც წესი, ასეთი ხანგრძლივი შეკრება საქართველოს ნაკრებზე დადებითად მოქმედებს. ეს უშუალოდ მოედანზეც გამოჩნდა - გუნდი იყო შეთამაშებული, წინა თამაშებისგან განსხვავებით, მეტოქეს თამამად უტევდა და შედეგმაც არ დააყოვნა. გამარჯვება ძველ, ძალისმიერ სტილში დადგა, მაგრამ ეს სულაც არაა დასაძრახი, რადგან ნებისმიერ მეტოქეს იქ უნდა აჯობო, რაშიც უკეთესი ხარ და გარდა ამისა, იყო მომენტები, როდესაც საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ფაზები აკინძა და ისე უტია, მაყურებელს დამსახურებული ტაში მოსწყვიტა.

იყო მომენტები, რომლებიც დაფიქრების ხასიათზე დაგაყენებდა. ნოემბრის ტესტებს საქართველოს ნაკრები დანაკლისით შეხვდა, რასაც ტრავმებიც დაემატა და იაპონიასთან გასულ გუნდს ოპტიმალური ნამდვილად არ ეთქმოდა. მაგრამ ახალგაზრდებისთვის გაცემულმა ნდობამ გაამართლა. ლაშა ლომიძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი დაისაკუთრა, ვაჟა ხუციშვილი სწრაფად შლიდა შეტევებს და რამდენჯერმე თავადაც თამამად შეუტია, დებიუტანტ გიორგი აფციაურს დაუგეგმავად მოუწია მოედანზე შესვლა და სანამ ტრავმამ არ შეაწუხა, არაფერი გაუფუჭებია. მოკლედ, გუნდი შეიკრა, მეტოქე ძალისმიერ თამაშში დაჩაგრა და 35:24 მოგებით მაყურებელი გაახარა.

იყო შეცდომებიც, რის გამოც არმისაღები ლელოები გავუშვით. განსაკუთრებით საწყენი იყო პირველ ტაიმში გაშვებული 10 ქულა, რადგან ამ დროს მეტოქე კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ ნებისმიერი გუნდი ძლიერ მეტოქეებთან თამაშით და მათთან დაშვებული შეცდომებით იზრდება და იმედია, ეს ყველაფერი მსოფლიო თასამდე გამოსწორდება. პირადად მე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ასე მოთამაშე საქართველო ტონგასაც აუცილებლად მოერეოდა და თბილისში განცდილი მარცხისთვის, იმედია რევანში 2015 წლის 19 სექტემბერს გლოსტერში, მსოფლიო თასზე შედგება.

უშუალოდ შეხვედრა უსასიამოვნი ინციდენტით დაიწყო. გუნდის კაპიტანი დავით კაჭარავა ბოჭვაზე ცუდად შევიდა და გონი დაკარგა. საბოლოოდ მან ფეხზე წამოდგომა მოახერხა, მაგრამ მოედნის დატოვება მაინც მოუხდა (მე-3 წუთზე) და წინასწარი გეგმები თავიდანვე აირია - აფციაური მარჯვენა ფლანგზე დადგა, თამაზ მჭედლიძემ მარცხნივ გადაინაცვლა, ხოლო ალექსანდრე თოდუამ ცენტრში კაჭარავას ადგილი დაიკავა.

მე-10 წუთისთვის ინიციატივა ქართველთა ხელში გადავიდა. ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დანიშნულ შერკინებაში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე მაგრად დაჩაგრეს და ჯარიმის უფლება მოიპოვეს. ამ კომპონენტში მოედნის ბატონ-პატრონი მასპინძლები იყვნენ და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გამარჯვებაში ლომის წილი შერკინების პირველმა ხაზმა შეიტანა. ზემოთნახსენებ ჯარიმას აუტი მოყვა, მოლში იაპონია ისევ დაჯარიმდა, მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი კვლავ აუტში გაგზავნა და ამჯერად მოლს შალვა მამუკაშვილის ლელო მოყვა. ასე დასრულდა ქართველთა პირველი შეტევა შედეგიანად და ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვება მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი.

ტაიმის შუაში შერკინებაში აღებულ ჯარიმას კვლავ მოლი მოყვა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი იარა. სტუმრებს ჯარიმა ლუკ ტომპსონის სინბინად დაუჯდათ, საქართველოს ნაკრებმაც კარში დარტყმას ან დერეფანს შერკინება არჩია და იაპონია კვლავ დაჯარიმდა. 5-მეტრა შერკინებაში საქართველომ მეტოქეს უკან დაახევინა და ლაშა ლომიძე ბურთს დაამიწებდა, მაგრამ მეტოქემ წესების დარღვევით მას ამის საშუალება არ მისცა. შედეგად, რომენ პუატმა საჯარიმო ლელო გვიბოძადა მერაბ კვირიკაშვილმაც გარდასახვით ანგარიში 12:0 გახადა.

“ბორჯღალოსნებს” მეტობა უნდა გამოეყენებინათ და უპირატესობა გაეზარდათ, მაგრამ მოხდა პირიქით. ჯერ იყო და კარის წინ 37 მეტრში რაქში დავჯარიმდით და აიუმუ გორომარუმ ბურთი ძელებსშუა გააძვრიანა, მერე კვირიკაშვილმა ოვალი თამაშში ცუდად შეიყვანა, ცენტრში დანიშნული შერკინებიდან ამანაკი ლელეი-მაფიმ ბურთი კარგად გაიტანა და ხაზი გაჭრა, მერე ის ქარნ ჰესქეთს მიაწოდა და საპასუხო ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 2-ქულიანი სხვაობა არალოგიკური იყო და თამაში რომ განახლდა, ტრიბუნაზე შეკრებილმა 15 ათასამდე მაყურებელმა ქართველთა კარგი, 23-ფაზიანი შეტევა იხილა, რომლის დროსაც გუნდი ცენტრიდან მეტოქის ჩათვლის მოედანს 7-8 მეტრამდე მიუახლოვდა და იქ შერკინების უფლება მოიპოვა. პირველ და მეორე ჯერზე ვერა, მაგრამ მესამეზე საქართველოს ნაკრებმა კოზირი კარგად გამოიყენა, შერკინებიდან ბურთი ლომიძემ გაიტანა და კვირიკაშვილს აუგდო, რომელმაც ორი მბოჭავი ტრიალში ჩამოიცილა და ლელო გაიტანა. მას გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 17:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველების იყო, მაგრამ ანგარიშის შეცვლამდე მთელი 13 წუთი გავიდა. მერე კვირიკაშვილმა 22-ის ხაზიდან ჯარიმა კარში დაარტყა და “ბორჯღალოსნების” უპირატესობა 10-ქულამდე გაზარდა. ორიოდე წუთში კვირიკაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქეს ფეხითვე დაუბრუნა, ის მოიერიშეებისთვის კარგად ახტა და თოდუამ კვლავ ფეხით შეაგორა, ყველას ლაშა ხმალაძემ დაასწრო, რომელმაც ოვალს ჯერ ფეხი წაკრა, მერე ხელებში მოიქცია და ლელო გაიტანა. კვირიკაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო - 25:10.

კიდევ ოთხი ლელო მაყურებელმა დასაკვნით 15 წუთში იხილა და სამწუხაროდ, ქართველებს ერთი რეფერიმ არ ჩაუთვალა, ხოლო ორი სტუმრების იყო. 68-ე წუთზე სტუმრებმა ჩვენს 22-ში სწრაფად გაათამაშეს ჯარიმა, სანამ მცველები გონზე მოვიდოდნენ ტომპსონმა ხაზი გაჭრა და ბურთი ძელებს უკან ჰესქეთს შეაყოლა. რა თქმა უნდა გარდასახვა ზუსტი იყო და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. თამაში რომ განახლდა, ულამაზესი ლელო გავიდა. სტუმრებმა ბურთი დაკარგეს, ის შარიქაძემ ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 25 მეტრში აიტაცა და თავად დაიძრა, მისი წაქცევა ორმა მცველმა რომ ვერ მოახერხა კიდევ ორი წამოეშველა, მაგრამ ბუკა ფეხზე დარჩა და ლელოში შევიდა. რეფერიმ ხელი აღმართა, მაგრამ მერე გვერდით მსაჯს ყური უგდო, ეპიზოდი გადაამოწმა და ცხადი გახდა, რომ შარიქაძეს ბურთი მასზე უკან მყოფი ვიტო კოლელიშვილისგან მიუვიდა, რომელსაც წინგადავარდნილი ბურთი მუხლზე შემთხვევით მოხვდა.

შერკინებაში იაპონია ტრადიციულად დაჯარიმდა, კეიტა ინაგაკი სინბინით დაისაჯა, ხოლო კვირიკაშვილმა აღარ გარისკა და გუნდს 3 ქულა შესძინა, რის შემდეგაც ქართველთა უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა. მალე შარიქაძე დაშავდა, მანაც გონი დაკარგა და მოედანი ნაადრევად დატოვა, მის ნაცვლად შესული გიორგი ბეგაძე კი ფლანგზე დადგა. მალე იპოანელებმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, ვაჟა ხუციშვილმა მორკინალივით თამამად შეუტია, რაქიდან ბურთი ზურაბ ჟვანიამ მოიპოარა, მცველს ფეხით თავზე გადაავლო და ლელოც გავიდოდა, მაგრამ მისი დაჭერა ვეღარ მოახერხა. იაპონიამ საკუთარი 22-დან სწრაფად, ხელდახელ სცადა შეტევის წამოწყება, მაგრამ ბურთი ისევ დაკარგა, კვირიკაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, ხმალაძემ და მჭედლიძემ კი, ალამთან ლელო ბექა წიკლაურს გაატანინეს. მსაჯმა კვლავ ვიდეორეფერი მოითხოვა, ამჯერად დარღვევა ვერ აღმოაჩინა და კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში 35:17 გახადა.

15-ქულაზე მეტი სხვაობით მოგება პრესტიჟის საქმეც იყო და რეიტინგშიც დამატებით ქულებს მოგვიტანდა, მაგრამ “ბორჯღალოსნები” მოეშვნენ, რითაც იაპონიამ ისარგებლა, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 35:24. ასე მაჟორულად დაასრულა საქართველოს ნაკრებმა 2014 წელი.

“ბორჯღალოსნები” მომდევნო შეხვედრას უკვე 2015 წლის თებერვალში, ევროპის ერთა თასზე გერმანიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

პრესკონფერენცია

ედი ჯოუნზი (იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრების შერკინება ორი წლის წინანდელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და ფაქტობრივად პირველივე ტაიმის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გამარჯვება მასპინძლებს დარჩებოდათ. ტესტ-რაგბიში ყველაფერი ისე არ გამოდის,როგორც დაგეგმავ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. საქართველოს ნაკრები ფიზიკურადძლიერი გუნდია და კარგია მათთან რომ მოგვიწია თამაში, რადგან მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკა გვყავს მეტოქედ და უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ”.

კენსუკე ჰატაკეიამა (იაპონიის ნაკრების კაპიტანი): “ვიგრძენით, რომ შერკინებით თამაშს ვაგებდით,მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ. კარგია, რომ გარკვეული ქულების აღება ჩვენც მოვახერხეთ. დავრწმუნდით, რომ თუ ამ კომპონენტს არ გამოვასწორებთ, დიდ გუნდებთან წარმატების შანსი არ გვექნება”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კაჭარავა და შარიქაძე კარგად არიან, მათ იგივე დაემართათ, რაც ირლანდიასთან მატჩში მალაღურაძეს. პირველ ტაიმში კარგი დაცვა ვითამაშეთ და დავიცავით დისციპლინა, მაგრამ მეორე ტაიმში დისციპლინა არ ვარგოდა და ქულები მივიღეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ რაც მთავარია მოვიგეთ და ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ეპიზოდურად ის თამაში აჩვენეს, რისკენაც მივისწრაფით.

თანმიმდევრული შეტევები მოწინააღმდეგის წნეხზეა დამოკიდებული. დღეს ჩვენ იაპონიამ საშუალება მოგვცა და მრავალფაზიანი შეტევაც განვახორციელეთ. რაღაც მომენტებში კარგი თამაში შევძელით, თუმცა, მსოფლიო რეიტინგის მე-10 ადგილოსან გუნდთან ყოველთვის ყველაფერი არ გამოგივა. იაპონიის ნაკრების მსგავს გუნდებთან აუცილებელია ერთ-ერთზე კარგი ბოჭვა, ხაზის და დისციპლინის დაცვა. მთელი მატჩის განმავლობაში სულ 7 თუ 8, ხოლოპირველ ტაიმში მხოლოდ 2 ჯარიმა მივიღეთ და ეს ძალიან კარგია.

კმაყოფილი ვარ იმ ახალგაზრდა მორაგბეების, რომლებსაც დღეს ნდობა გამოვუცხადე. კარგები იყვნენ ხუციშვილი და აფციაური, რომელიც დაშავდა და ამის გამო შევცვალეთ. ლომიძემ განსაკუთრებით მაღალ დონეზე ითამაშა. ის კარგი იყო დერეფნებში, ბოჭვებისას და ბურთიც კარგად მიჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია იქნება და ეს ძალიან კარგია”.

23 ნოემბერი. კვირა

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15 000 მაყურებელი

საქართველო - იაპონია 35:24 (17:10)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ.) (23. გიორგი აფციაური 3; 22. ბექა წიკლაური 59), 12. მერაბ შარიქაძე (21. გიორგი ბეგაძე 78), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 66), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 65), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 56), 4. გიორგი ნემსაძე (19. კოტე მიქაუტაძე 56), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 43-52, 69), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

5 ლელო: მამუკაშვილი, საჯარიმო (ლომიძე), კვირიკაშვილი, ხმალაძე, წიკლაური

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

2 ჯარიმა: კვირიკაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. კოტარო მაცუშიმა, 13. მალე საჰუ, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ქარნ ჰესქეთი (23. ტოშიაკი ჰიროსე 75), 10. იუ ტამურა (22. კოსეი ონო 54), 9. აცუში ჰივასა (21. იუკი იატომი 75); 1. მასატაკა მიკამი (16. კეიტა ინაგაკი 63), 2. ტაკეში კიზუ (17. ჰიროკი იუჰარა 72), 3. კენსუკე ჰატაკეიამა (კაპ.) (18. შინოსუკე კაკინაგა 63), 4. ლუკ ტომპსონი, 5. შოძი იტო (20. შინია მაკაბე 51), 6. ჰანდრიუ ტუი, 7. ჰეიდენ ჰოპგუდი (19. ჰიტოში ონო 65), 8. ამანაკი ლელეი-მაფი.

3 ლელო: ჰესქეთი (1, 2), საჰუ

3 გარდასახვა: გორომარუ

1 ჯარიმა: გორომარუ

2 სინბინი: ტომპსონი (23), ინაგაკი (77)

მთავარი მწვრთნელი: ედი ჯოუნზი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129882