ბლოგი

10:08 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები ქეცბაიას შემდგომ...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო პერიოდი დასრულდა. ”ჯვაროსნების” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა ბევრი შეხვდა და სიხარული კი ძალიან ცოტა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა და ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვართ და სადაც ვართ. ქეცბაიას რბილად რომ ვთქვათ უცნაური და რთულად პროგნოზირებადი პერსონის შესახებ ჭორ-მართალს ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მოვისმენთ, მაგრამ წარსულზე ბევრი ლაპარაკის პარალელურად არ იქნებოდა ურიგო, მომავალზეც რომ გვეფიქრა. მომავალზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია.

მე რომ მკითხოთ, საქართველოს ნაკრებისათვის მწვრთნელად გადარეული ჟოზე მოურინიო ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. თუმცა მშვენივრად მოგვეხსენება, რომ სეუ ჟოზეს საქართველში ჩამოყვანა რეალურად შეუძლებელი ამბავია და მისი ხელფასისათვის საკმარისი მილიონები რომც მოვაგროვოთ, ძალიან მეეჭვება მოურინიოს მოეწონოს ის არაჯანსაღი გარემო, რაც ჩვენს ქვეყანაშია. თუმცა, ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შემედავებიან და იტყვიან, რომ საქართველოში არაჯანსაღი არაფერი ხდება და ყველაფერი სწორი და ლოგიკური გზით მიმდინარეობს.

რთულია, ჯანსაღი და ნორმალური უწოდო იმას, რომ საქართველოში გულშემატკივრებისა თუ ფსევდოგულშემატკივრების დიდი ნაწილი თავდაჯერებულად ამტკიცებს უდიდეს აბსურდს, რომელიც ასე ჟღერს: ჩვენს ფეხბურთში სახელმწიფომ ფული ტყუილად აღარ უნდა ჩაყაროს (თითქოს მართლა დიდ ფულს დებდეს ვინმე...) და სპორტის სხვა სახეობებს უნდა “მივაწვეთ”. ამას ამბობს ყველა, ვისაც კი არ ეზარება. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ ყველაფერი, რაც ქართულ ფეხბურთს სჭირს, რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ანდა პარტიების ბრალია და სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში თუ საქართველოს ნაკრებში ღირსეული და პროფესიონალი კადრები მოვლენ.

ახლავე მოგახსენებთ, ვინც არიან ეს “ღირსეული და პროფესიონალი კადრები”. საუბარია იმ ხალხზე, რომლებსაც საფეხბურთო ჩინოსნების სკამებისაკენ თვალი დიდი ხანია უჭირავთ და მავანი პოლიტიკოსების საშუალებით და “ქართული ფეხბურთის გადარჩენის” ლოზუნგით ცდილობენ საწადელის მიღწევას. თავისთავად ცუდი არაფერია იმაში, რომ ადამიანს (ან ადამიანებს) დიდი ამბიციები აქვს (აქვთ) და არც ფეხბურთის მმართველად მოსვლის სურვილია დანაშაულებრივი, მაგრამ გაუგებარია რატომ უნდა გასაღდეს მავანთა სურვილები გადარჩენის გზად, როდესაც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი ფეხბურთის გადარჩენის რაიმე რეალური გეგმა პრაქტიკულად არც ერთ ასეთ ჯგუფს არ გააჩნია. კი ბატონო, იძახიან ბრტყელ-ბრტყელ ლოზუნგებს ქართული ფეხბურთის ”დიადი წარსულის” შესახებ და არც იმის თქმას იზარებენ, “ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერიო”, მაგრამ სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, რეალურ საქმეს კი სწორად განხორციელებული მენეჯმენტი, ხარისხიანი გეგმა და კარგი მენეჯერები სჭირდება. და სადაა ეს ყველაფერი?

ვინც გინდა ის იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი (თუნდაც ჩემთვის ესოდენ სასურველი სეუ ჟოზე დანიშნონ). რთულია, რამე ხელშესახები წარმატებების იმედი გქონდეს, როდესაც ხედავ, რომ სამომავლოდ იმედისმომცემი ბევრი არაფერი მოსჩანს. ჩვენში სულ იძახიან - ძალიან მაგარი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავსო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების შედეგები სულ უფრო და უფრო უარესდება. მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც არის და რაც აშკარად ჩანს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან გინდა, რომ ცდებოდე...

0.113792