ავტოსპორტი

21:24 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოული ისევ როსბერგისაა

ორმაგი ქულების რა გითხრათ, მაგრამ კვალიფიკაციის მოგებისთვის რომ ორი ქულა იწერებოდეს და უსწრაფესი წრისთვის და რბოლაში მეტი წრის ლიდერობისთვის - თითო ქულა, ნიკო როსბერგსა და ლუის ჰამილტონს შორის სხვაობა 17 ქულაზე ნაკლები იქნებოდა და შესაბამისად, ჩემპიონის ვინაობა აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში გაირკვეოდა. ორმაგ ქულებს ალბათ მომავალი სეზონიდან ისევ გააუქმებენ, კვალიფიკაციაში გამარჯვება კი როდის დაფასდება, ამის თქმა ძნელია. არადა, კარგი იქნებოდა...

მოკლედ, ნიკო როსბერგმა კვალიფიკაცია ისევ მოუგო ლუის ჰამილტონს. მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რომ სტარტზე ოდნავ წინ დაიკავებს ადგილს. გერმანელი პილოტისთვის ეს ამ სეზონში მე-11 პოულია. მეორე რიგშიც „მერსედსის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტები - „უილიამსის“ ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა დადგებიან. როსბერგს ჩემპიონობისთვის მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის. რომც მოიგოს, თუ მეორეზე ჰამილტონი გავა, ჩემპიონიც ის გახდება. ცნბისათვის, ბოლო ბრიტანელი, ვისაც ორი ან მეტი ტიტული აქვს მოპოვებული, ჯეკი სტიუარტია, ვინც მეორედ (სამიდან) ჩემპიონი 1971 წელს გახდა.

„მერსედესისთვის“ ეს ამ სეზონში მე-18 პოულია. ერთადერთხელ სამქიმიანებს კვალიფიკაციაში გამარჯვება მასამ არ დააცადა. თუმცა, გერმანული კომპანია 1969 წლის შემდეგ მაინც პირველია, რომლის ძრავებმაც სეზონის ყველა კვალიფიკაცია მოიგეს. ბოლოს ეს „ფორდმა“ შეძლო.

„ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ძალიან პატარა ნაბიჯი. ჩემპიონატის ბედი რბოლაში წყდება და არა კვალიფიკაციაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ჩვენს შორის „უილიამსი“ ჩადგებოდა, მაგრამ ეს შეიძლება ხვალ მოხდეს. ჩემზეა მხოლოდ ისაა დამოკიდებული, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო“, - განაცხადა როსბერგმა, ვისაც ამ ეტაპზე მხოლოდ 5 მოგება აქვს ჰამილტონის 10-ის წინააღმდეგ.

ბრიტანელი ამბობს, რომ მეორე ტიტულის მოპოვება გამარჯვებით სურს. ის კვალიფიკაციაზე თავისი ბოლო წრით უკმაყოფილოა: „ეს ჩემი საუკეთესო წრე არ იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც ხვალ წყდება“, - ამბობს ჰამილტონი, ვისთვისაც ეს მესამე საჩემპიონო რბოლა იქნება. პირველი 2007 წელს, მისთვის სადებიუტო სეზონში შედგა, რომელშიც თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთან ბრძოლაში გაერთო და საბოლოოდ, ტიტულის მოგების საშუალება კიმი რაიკონენს მისცა, რომელსაც „მაკლარენის“ ბიჭები თითო ქულით ჩამორჩნენ. მეორე ბრძოლა 2008 წლის სეზონში ჰქონდა და მაშინ ჩემპიონი გახდა. იმ რბოლაში, მან ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა, თანც ისე, რომ ბოლო მოსახვევში გაასწრო ტიმო გლოკს. რომ ვერ გაესწრო, ჩემპიონი მასა გახდებოდა, რომლის ბანაკიც, ბრაზილიასთან ერთად, უკვე ზეიმობდა ტრიუმფს...

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.480
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.866
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:41.025
  4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.119
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.267
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.893
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:41.908
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.964
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:42.236
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:42.866

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:42.198
  2. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:42.207
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.239
  4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:42.384
  5. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:43.074

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:42.768
  2. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:42.819
  3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:42.860
  4. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:44.540
  5. უილ სტივენსი (ბრიტანთი, კატერჰემი) 1:45.095

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110356