ავტოსპორტი

2:29 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი რბოლის წინ ჰამილტონი უკეთ გახურდა

დიდი პრიზების ქარავანმა აბუ დაბიმდე მიაღწია. ჩემოპიონის სახელს სწორედ ემირატებში, ბოლო რბოლაში გავიგებთ, სადაც საკამათო ორმაგი ქულების წესის წყალობით, ნიკო როსბერგს ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ექნება. ქულების დათვლას ახლა აზრი არ აქვს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას, რომ როსბერგს თავისი ყოფილი გუნდის, „უილიამსის“ იმედი შეიძლება ჰქონდეს.

მიზეზი მარტივია. თუ ის მოიგებს, ჰამილტონი მეორეზე ვერ უნდა გავიდეს იმისათვის, რომ გერმანელმა თავის კარიერაში პირველი სჩემპიონო ტიტული მოიპოვოს. ამაში კი ყველაზე უკეთ სწორედ „უილიამსის“ პილოტებს შეუძლიათ დახმარება. ისინიც „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობენ და ძალიან სწრაფები არიან. მათ არაერთხელ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა, თუმცა სამქიმიანები მხოლოდ მესამე ადგილს უტოვებენ ხოლმე.

მართალია, ამ სეზონში „მერსედესმა“ მხოლოდ სამჯერ ვერ შეძლო რბოლის მოგება და სამივე შემთხვევაში, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური „რედ ბულის“ დანიელ რიკარდომ დაიკავა, მაგრამ ხარებმა გამოაცხადეს, რომ მათი პილოტები სამქიმიანების საჩემპიონო დავაში ჩაბმას არ აპირებენ. მოკლედ, ნიკო „უილიამსის“ იმედზეა...

მანამდე კი უსწრაფესი ჰამილტონია, რომელმაც ორივე სესიაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში, მას როსბერგი 0.1 წამის ფარგლებში ჩამორჩა. დანარჩენები კი მათგან ძალიან შორს არიან. ლიდერებთან ყველაზე მეტად მიახლოება მეორე სესიაზე კევინ მაგნუსენმა შეძლო, რომელიც მომავალ სეზონში შეიძლება საერთოდ უგუნდოდ დარჩეს. პირველ სესიაზე კი მესამე უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, რომელსაც ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რას აპირებს მომავალ სეზონში.

აქ უნდა ითქვას, რომ აბუ დაბის რბოლის შემდეგ, ფ1 აბუ დაბის არ დატოვებს. შემდგომ კვირაში იქ ახალგაზრდა პილოტების ტესტები ჩატარდება. ამ ტესტებზე „მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილ შუალედურ ბოლიდს გამოიყვანს. და როგორც ჩანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სწორედ ამ ძრავის მუშაობას დააკვირდება. თუ „ჰონდამ“ დაარწმუნა იმაში, რომ კონკურენტუნარიანი ძრავი შექმნა, მაშინ ალონსო „მაკლარენთან“ აუცილებლად გააფორმებს კონტრაქტს. თუ არა, დიდი ალბათობით, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში გადაინაცვლებს. ალბათ ერთი სეზონით.

აბუ დაბიში იასპარეზებს „კატერჰემი“, რომელიც გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, თუმცა ფანებმა ფული შეუგროვეს და გუნდმაც ემიატებში ჩააღწია. მისი ერთ-ერთი ბოლიდით იასპარეზა ბრიტანელმა უილ სტივენსმა, ვინც რბოლაშიც გამოვა. მეორე პილოტი ისევ კამუი კობაიში იქნება. კიდევ ერთი ახალბედაა ჰონკონგელი ადერლი ფონგი, რომელსაც მხოლოდ პირველ სესიაზე ანდეს ადრიან სუტილის „ზაუბერი“. მესამე ახალი სახელი კი ესტებან ოკონია. ფრანგმა პილოტმა თანამემამულე რომენ გროჟანის მანქანით ივარჯიშა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:43.476
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:43.609
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:45.184
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:45.334
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.361
  6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:45.718
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:45.835
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:45.913
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:45.983
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:46.030
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:46.049
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:46.131
  13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.549
  14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:46.556
  15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:46.711
  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:47.066
  17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:47.235
  18. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:47.971
  19. ადერლი ფონგი (ჰონ კონგი, ზაუბერი) 1:48.269
  20. უილ სტივენსი (ბრიტანთი, კატერჰემი) 1:50.684

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:42.113
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.196
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:42.895
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:42.959
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:43.070
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.183
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:43.489
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.503
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:43.546
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:43.558
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.746
  12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:44.005
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:44.068
  14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:44.157
  15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:44.316
  16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:44.763
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:44.986
  18. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:45.505
  19. უილ სტივენსი (ბრიტანთი, კატერჰემი) 1:47.057
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135657