ფეხბურთი

14:50 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო დღეს 40 წლის გახდა
იუბილარის დიდი კარიერა ფოტოებში

1974 წლის 9 ნოემბერს იტალიის პატარა ქალაქ კოლელიანოში ალესანდრო დელ პიერო დაიბადა. მას შემდეგ 4 ათეული წელი გავიდა, პიერომ კი თავისი სახელი მსოფლიო საფეხბურთო მატიანეს ოქროს ასოებით შემოუნახა.

დელ პიერომ თავისი კარიერის უდიდესი და გამორჩეული ნაწილი ტურინის “იუვენტუსს” მიუძღვნა. იგი “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა. 2001 წლიდან კი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.

“იუვენტუსში” ალექსის გზა ლეგენდარულ რობერტო ბაჯოსთან გადაიკვეთა, რაც საბოლოოდ გუნდიდან ბაჯოს წასვლით დასრულდა, ხოლო მაშინ ახალგაზრდა დელ პიერომ რობის 10 ნომრიანი მაისური მოირგო. ეს იყო 1995 წელს და ძალზე სარისკო ნაბიჯი გახლდათ, რადგან იმხანად იტალიაში ბაჯოს დარი ფეხბურთელი არავინ იყო, თუმცა დრომ ყველას დაანახა, რომ ალექსმა ბაჯოს ნაკვალევზე წარმატებით გაიარა.

705 თამაში, 289 გოლი – ეს დელ პიეროს მონაგარია “იუვეს” მიასურით, ხოლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მან 91 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დელ პიერომ “სკუადრა აძურში” უკანასკნელად 2008 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (2:0) ითამაშა.

ალესანდრო დელ პიერომ თავის კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, მის კარიერას მხოლოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს ბურთი აკლია. ისიც სათქმელია, რომ ორივე ჯილდოსთან დელ პიერო თავის დროზე საკმაოდ ახლოს იყო.

2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებამდე ალექსს 15 წამი დააკლდა... არადა, ამ თამაშში დელ პიეროს რეალური მომენტები, რომ გამოეყენებინა, შეიძლება საქმე ბოლო წუთამდე არც მისულიყო.

“ოქროს ბურთთან” დელ პიერო ყველაზე ახლოს 1996 და 1997 წელს იყო, ორივე შემთხვევაში “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში მას მე-4 ადგილი ეგრო, მაგრამ ვინძლო იქნებ ეპირველა კიდეც, 1997 წელს “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “დორტმუნდთან” რო არ წაეგო.

ალესანდრო დელ პიერო საფეხბურთო კარიერას დღემდე აგრძელებს. 2012-2014 წლებში მან ავსტრალიურ “სიდნეიში” იასპარეზა, სულ ახლახან კი ინდურ “დინამო დელისთან” 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

თავისი დამსახურებისა და ერთგულების გამო დელ პიერო ნამდვილად იმსახურებდა გამორჩეული კარიერა იმ კლუბში დაესრულებინა, რომელსაც მან 19 წელი მიუძღვნა და რომელშიც მან ყველა შესაძლო პირადი რეკორდი დაამყარა, თუმცა, “იუვემ” 2011 წელს მას კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაუგრძელა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ალექსი ავსტრალიაში გაემგზავრა.

ჩვენ გთავაზობთ ფოტო კოლაჟს, რომელიც მოკლედ ასახავს ამ გენიალური ფეხბურთელის გენიალურ კარიერას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.269744