ჭიდაობა

19:18 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ გიორგაძე: “საქართველომ პროცენტულად ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა”

დასრულდა ვეტერან სამბისტთა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საბერძნეთის ქალაქი სალონიკი მასპინძლობდა. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთაგან ხუთი ჩემპიონი გახდა, ხოლო ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ვეტერან სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 6 ასაკობრივ ჯგუფში (36-40, 41-45, 46-49, 50-54, 55-59, 60-65) ტარდება. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 7 წონითი კატეგორიაა გაერთიანებული. სალონიკში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სამბისტებიდან ჩემპიონები გახდნენ: ზაზა გულიაშვილი (36-40 წლები, 90 კგ), თემურ გიორგაძე (45-49 წლები, 62 კგ), გიგა ალიბეგაშვილი (45-49 წ, 68კგ), ზაურ ხუბაშვილი (60-65 წ, 62კგ) და გელა შინჯიკაშვილი (60-65 წ, მძიმე). ბრინჯაოს მედლები ომარ მეტრეველმა (36-40 წ, მძიმე) და ზაურ სახვაძე (60-65 წ, 90 კგ) მოიპოვეს.

“მსოფლიო სპორტი” ვეტერან სპორტსმენთა შორის ყველაზე ტიტულოვან, ვეტერანთა შორის მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონ თემურ გიორგაძეს ესაუბრა.

  • მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენი შეხვედრა ჩაატარეთ და ვინ იყვნენ თქვენი მეტოქეები?
  • პირველ წრეში ვისვენებდი. ნახევარფინალსა და ფინალში რუსეთის წარმომადგენლები დავამარცხე. მერვედ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და აქედან 90 პროცენტი რუსეთის წარმომადგენლებისთვის მაქვს მოგებული.
  • რამდენი წელია, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობთ?
  • ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატებიდან ოქროს მედლის გარეშე არასოდეს დავბრუნებულვარ. აღნიშნულ ტურნირზე პირველად 10 წლის წინ გამოვედი. მხოლოდ ორი პირველობა გავაცდინე და ისიც იმიტომ, რომ გადაუდებელი საქმე მქონდა.
  • მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?
  • 40-მდე ქვეყანა იქნებოდა. რუსეთსა და ყაზახეთს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა, საქართველომ პროცენტულად ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. სალონიკში შვიდჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
  • თქვენი დელეგაცია ვინ დააფინანსა მსოფლიო ჩემპიონატზე?
  • პირადად მე ნავთობკომპანია “გალფმა” დამაფინანსა. ჩემპიონატის სხვა ქართველ სპონსორებს ვინ დაეხმარა, ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ სახელმწიფო არავის დახმარებია. მოსამზადებელ თანხას არ ვითხოვთ. თუ სახელმწიფო მგზავრობის, ჩემპიონატში სამონაწილეოდ შესატან და ტურნირის მსვლელობის დროს საცხოვრებლისა და კვების ფულით დაგვეხმარება, კარგი იქნება.
  • რამდენია თანხა, რასაც ვეტერანები ითხოვენ?
  • 1000-1500 ამერიკულო დოლარი.
  • ვეტერანთა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი სად ჩატარდება?
  • მომავალ ჩემპიონატს თელ ავივი (ისრაელი) უმასპინძლებს.
  • საქართველო თუ აპირებს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას?
  • საქართველოს სამბოს ფედერაციაში ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113459