ჭიდაობა

11:16 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა თურმანიძე: "აზერბაიჯანელებთან უკვე შეთანხმებული ვიყავი”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორწლიანი პაუზის შემდეგ სათავეში ისევ ზაზა თურმანიძე ჩაუდგება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ გუშინ გააკეთა. საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც აზერბაიჯანული სპორტული სააგენტოები ჯერ კიდევ აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თურმანიძის აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. “მსოფლიო სპორტი” სიტუაციაში უკეთ გასარკვევად ზაზა თურმანიძეს დაუკავშირდა.

"აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა მართლაც შემომთავაზა. ბაქოშიც ვიყავი ჩასული და წინასწარ მოლაპარაკებაც შედგა, მაგრამ თბილისში დაბრუნების შემდეგ საზედამხედველო საბჭოდან შემეხმიანნენ და უცხოური ვარიანტიც მაშინვე გამოვრიცხე, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უკეთეს ფინანსურ პირობებს მთავაზობდნენ. მინდა საქართველოს ნაკრებს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმარო”, – გვითხრა ეროვნული გუნდის ახალმა დამრიგებელმა.

კონტრაქტის თანახმად, ზაზა თურმანიძე საქართველოს ნაკრებს 2016 წლის ბოლომდე უთავკაცებს. აქედანვე ცნობილია, რომ მას ნუგზარ სხირელი დაეხმარება. სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებს კი თავად თურმანიძე შეარჩევს.

0.11762