რაგბი

1:11 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა “დათვებს” ტყავი ლისაბონშიც გააძრეს

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსი თანატოლები 41:5 გაანადგურა და ფინალში მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება.

განვლილ შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში გაიმართა, მეორე ნახევრის 15 წუთში კი, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მეტოქე საბოლოოდ გატეხეს და დასკვნითი 20 წუთი ფორმალობად აქციეს. საქართველოს ნაკრები მეტოქეს საგრძნობლად სჯაბნიდა შერკინებაში, მაგრამ სასიამოვნოა, რომ აქცენტი გაშლილ, კომბინაციურ რაგბიზე გააკეთა და გამარჯვებაც ლამაზ სტილში მოიპოვა.

თამაშში ბურთი რუსებმა შეიყვანეს, შესაბამისად, ის ქართველი მორაგბეების ნადავლი გახდა და აგრესიულ შეტევას მალევე ლელო მოყვა. რამდენიმე მძლავრი დარტყმის შემდეგ, ბურთი მეტოქის 22-ში დაიკარგა, მაგრამ ფეხით გადაკიდებულს უკანახაზელები ცენტრის სიახლოვეს დაუფლნენ, მარცხნიდან დაწყებული იერიში მარჯვნივ გაიშალა და ალამთან რეზი ჯინჭველაშვილის შეჭრით დასრულდა. მანვე რთული პოზიციიდან გარდასახა, მე-5 წუთზე კი, კარის წინ 45 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა - 10:0.

ამის შემდეგ “ბორჯღალოსნებმა” ჯარიმების დარტყმაზე უარი თქვეს და მე-12 წუთზე კარის წინ 30-35 მეტრიდან ბურთი აუტში გადაგზავნეს, მაგრამ ის დერეფანში ცუდად ააგდეს. 22-ე წუთზე ბექა გორგაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ შეიმაგრა და რუსებმა პირველად მოიკიდეს ფეხი ჩვენს ნახევარზე. შერკინებიდან მათ ბურთი დიდი გაჭირვებით გაიტანეს, მაგრამ მცველებმა ფლანგის ჩახურვა დააგვიანეს და ალამთან ლელო გავიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:10. ამან ქართველი ახალგაზრდების გააქტიურება გამოიწვია და შერკინებამ მეტოქის ჩათვლის მოედანში ლამის ერთი მეტრით შეღწია, მაგრამ რეფერიმ ზედახორში ბურთი ვერ დავინახეო. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინებიდან გორგაძე-ვასილ ლობჟანიძემ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა, ხოლო შერკინების შემკვრელმა რამდენიმე წუთის წინ დაშვებული შეცდომა გამოასწორა. აღსანიშნავია, რომ გორგაძე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და მეტოქეს უამრავი პრობლემა შეუქმნა.

ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის საწყის 2 წუთში ბურთს რუსები ფლობდნენ, რამაც მათი გულშემატკივრების გამოცოცხლება გამოიწვია. მეტოქის შეტევები სახიფათო ზღვარამდე არ მისულა. მალე ინიციატივა ქართველებმა დაიბრუნეს, კარის წინ 25 მეტრიდან ბურთი აუტში გაგზავნეს და დერეფნიდან ლელომდე სულ ცოტა დაგვაკლდა. რეფერიმ “დათვების” სასარგებლოდ შერკინება დანიშნა, იქ მეტოქე დაიჩაგრა და თორნიკე ბუბუტეიშვილმა ლელო, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა მიითვალა.

ამის შემდეგ დაიწყო დროის 10-წუთიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც ერთმანეთზე უკეთესი ლელოები გავიდა. 45-ე წუთზე (ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია) ქართველთა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი იერიში, რომლის დროსაც არაერთხელ შეიცვალა შეტევის მიმართულება და რომელშიც ფაქტობრივად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, შეცვლაზე შესული გიორგი მელიქიძის ლელოთი დასრულდა – მართლაც ულამაზესი შეტევა იყო საქართველოს ნაკრების შესრულებით. 49-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებსშუა დავით გულიტაშვილს შეაყოლა, მეექვსე ლელოს ავტორი დავით პაპავაძე გახდა.

დარჩენილმა დრომ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, სალელოვე შანსი რუსეთსაც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და არაერთგზის გამარჯვებულმა, 1 ნოემბერს ფინალში თამაშის უფლება ლამაზ სტილში დამსახურებულად მოიპოვა. პორტუგალიამ ფინალის საგზური ესპანეთის 12:8 ძლევით მოიპოვა. აქ მსაჯების ხელიც ურევია, რადგან ესპანელები 8:7-ს იგებდნენ და რეფერიმ დამატებით დროში პორტუგალიის სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. მასპინძლებმა გასატანი პოზიციიდან, 22-იდან შანსი გაანიავეს, მაგრამ რეფერიმ გუნდები იმდენ ხანს ათამაშა, სანამ პორტუგალიამ ლელო არ გაიტანა. ამ დროს ძირითად დროს 13 წუთი იყო გადაცილებული. მისი ნახევარი, ალბათ, სამართლიანად, რადგან შეხვედრაში ტრავმის გამო იყო ხანგრძლივი პაუზა, აი მეორე ნახევარი კი...

და ერთიც, მსაჯის დახმარებით იყო თუ არა, პორტუგალიის გამარჯვება საქართველოს ნაკრებს აძლევს ხელს. წინ ფინალური შეხვედრაა, თუმცა ერთი მიზანი უკვე მიღწეულია და გაისად საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის “ალაფაზე” ითამაშებს, რადგან ტურნირი პორტუგალიაში ტარდება და ამ ქვეყნის ნაკრებიც იქ მასპინძლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის

(20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი)

თასის ნახევარფინალები. 29 ოქტომბერი

საქართველო - რუსეთი 41:5 (15:5)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე.

პორტუგალია – ესპანეთი 12:8

ფინალი. 1 ნოემბერი

პორტუგალია - საქართველო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137177