ჭიდაობა

13:04 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომან რურუა: “სამწუხაროდ სიტყვა “ჩვენ” დავივიწყეთ”

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეხიკოს ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის, სამეთვალყურეო და საზედამხედველო საბჭოს წევრია. 24 ოქტომბერს გამართულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის და საზედამხედველო საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბატონი რომანი საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა.

- ბატონო რომან, ბოლო დროს ჩვენი მოჭიდავეები საერთაშორისო ასპარეზზე სუსტად გამოდიან... თქვენი აზრით, რაა წარუმატებლობის მიზეზი?

- რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ კარგები ვართ, ფუჭი საუბარი იქნება, თუ ორიენტაცია შედეგზე არ გავაკეთეთ. შედეგი კი რა გვაქვს? მაგალითად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულშიც არავინ მოხვდა. მსგავსი კატასტროფა ისტორიას არ ახსოვს. ვერც წელს დაიკავეს საპრიზო ადგილი. თავისუფალში კი ცოტა რაღაც გვაქვს, თუნდაც ერთი მედალი. რაც ადრე არ ხდებოდა, ახლა გვაქვს ასეთი დაბალი შედეგები. ვთქვათ სიმართლე, განა ადრე არ ჩანდა, რომ აქამდე მივიდოდით? რა თქმა უნდა ჩანდა, მაგრამ სამწუხაროდ ანალიზი არავის გაუკეთებია. შედეგად ამიტომაც მივიღეთ კვალიფიკაციადაკარგული და დაბალი დონის მასწავლებლები, მოუმზადებელი ახალგაზრდობა, რომელთაც აკლიათ ელემენტარული ზრდილობა და ფიზიკური მომზადება. შეიძლება სიტყვა “ზრდილობა” ყურში ვიღაცას ცუდად მოხვდეს, მაგრამ სწორედ ზრდილობაა წესრიგის მაჩვენებელი. როგორც ვხედავთ, ამ კუთხით ყველაფერი რიგზე არაა. საუბედუროდ დაიკარგა პატრიოტიზმის გრძნობა, არადა მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს გახლავთ. სპორტსმენი პატრიოტიზმით უნდა იყოს გამორჩეული. თუ ეს გრძნობა არ ექნება სპორტსმენს, შედეგი დაბალი ექნება. ალბათ შემეკითხებით რა არის ამის მიზეზი. სამწუხაროდ გაძლიერდა აზრი, რომ ყველაფერი ვიცი და სხვას რატომღაც მტრად მიიჩნევ. ბუნება ასე არაა მოწყობილი, ორივე “მეც” და “შენც” მისი შვილები ვართ. რატომღაც დავივიწყეთ მთავარი სიტყვა “ჩვენ”. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი სუსტი წერტილი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სპორტში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ სამომავლოდ მიზნად უნდა დავისახოთ ჩვენი საერთო ურთიერთობა აღვადგინოთ. პირადი ამბიცია უკანა პლანზე გადავწიოთ, რომლის მიზეზითაც ლამის სასიკვდილოდ ვართ ერთმანეთზე გადამტერებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც.

- მწვრთნელების დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითეთ. ამის მიზეზი რამდენიმე წლის წინათ სპორტის აკადემიის გაუქმებაა თუ არის სხვა მიზეზებიც?

- სპორტის აკადემიის დახურვა შემთხვევით არ მომხდარა. ეს უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ არსებობდა, მოდაში იყო უმაღლესი განათლების მიღება, სასწავლებელს მხოლოდ ამთავრებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში ამ უმაღლესმა სასწავლებელმა ძირითადი ფუნქცია, სახე დაკარგა, რადგან სახელმწიფო და საზოგადოებისგან შეკვეთა არ ჰქონია. სპეციალისტები უნდა გაეზარდა, მაგრამ უკონტროლო გახდა და “მიიძინა”. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ სასწავლებელი არაფერს ქმნის, ამიტომაც საჭირო აღარ იყო. აკადემია კი არ უნდა გაეუქმებინათ, ამოცანად დაესახათ მიეღოთ ადამიანი, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტი გამოვიდოდა. ამ შემთხვევაში მისი მუშაობა შედეგიანი იქნებოდა. სწორედ ასეთი შეკვეთა არ ყოფილა და მოხდა აკადემიის გაუქმება. მისი გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რადგან ახლა კარგად ვხედავთ, რომ სპეციალისტები გვჭირდება. უამრავი წერა-კითხვის უცოდინარია. დღეს არც უმაღლესი სკოლაა, აღარც მწვრთნელები გვყავს, ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. თანამედროვე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის აღზრდას სჭირდება მეთოდი, სტილი, საკითხისადმი საგულდაგულო მიდგომა. მართალია, გვყავს ოლიმპიური, მსოფლიო ჩემპიონები, მაგრამ ნახეთ უკვე რამდენი წელია ორჯერ არავინ გაჩემპიონებულა. რატომ? იკითხა ვინმემ თუ რატომ, ხომ უნდა ეკითხა ვინმეს, მაგრამ არა. ამისთვისაა საჭირო უმაღლესი სკოლა - გააკეთონ ანალიზი, შეიმუშაონ მოქმედების გეგმა. შეუძლია ვინმეს თქვას, რატომ ვერ გახდა ვინმე მეორედ ჩემპიონი, თუ ერთხელ გაიმარჯვა მას ხომ პოტენციური შესაძლებლობა აქვს მეორედ, მესამედაც გაიმარჯვოს, ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან.

- თქვენ თვლით, რომ ამის მიზეზი სიზარმაცეა?

- მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არ გახლავთ. ბევრ სიყალბესთან და მოჩვენებასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებით ვერავისზე იტყვი ადამიანი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხოლოდ ლუკა კურტანიძე გახდა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ძველი სკოლის გამოცდილება გადმოჰყვა, დანარჩენი? ხვალ რა გვექნება? არაფერი! საქართველოში ერთი ჩემპიონი ყოველთვის დაიბადება. მწვრთნელებისა და სპეციალისტების გარეშეც, არ იფიქროთ ის ვინმემ გაზარდა, ორჯერ-სამჯერ ჩემპიონი რომ გახდება, მაშინ ჩაითვლება გაზრდილად. თორემ ღმერთის წყალობა ყოველთვის გვქონდა, ერთი ჩემპიონი, ქართველი კაცის ნიჭიერების გამოისობით ყოველთვის გვყავდა.

- ბატონო რომან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ფიზიკური მომზადება მოიკოჭლებს, რაც შარშან თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. რა არის ამის მიზეზი?

- აქ ორი მომენტია. პირველი, წვრთნის პროცესები დეგრადირებულია და ინტენსივობა არასაკმარისია. წვრთნის, ვარჯიშების ხანგრძლოვობის გაზრდას სათანადო სტილი, მეთოდები სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიოკვებაა. ათას უბედურებას იღებენ და ჰგონიათ ამით შედეგს მიაღწევენ. პირადად რამდენჯერმე კატეგორიულად დავაყენე საკითხი, რათა მოვსპოთ ეს მანკიერება. ერთხელ გაუმართლდ, გაძვრა და გახდა ჩემპიონი, მაგრამ მეორედ აღარ გაუმართლებს. სამწუხაროდ ამაზე არ ფიქრობენ.

- ბატონო რომან, უპრიანი იქნება შეიქმნას ჭიდაობის აკადემია, რომელიც კონსულტაციებს გაუწევს ახალგაზრდა სპორტსმენებს? ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმული იქნება თქვენთან, ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა...

- იცით, საჭიროა სისტემის შექმნა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოება. ფედერაციამ უნდა განსაზღვროს, გათვალოს თუ რა არის საჭირო მაღალი შედეგების მისაღწევად. თუმცა მსგავსი არ კეთდება. რატომ? არ იციან რა და როგორ გააკეთონ. მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს თუ არ შეუქმენი სათანადო პირობები, არ დაუნიშნავ ღირსეულ ანაზღაურებას, არ მოვა შენთან სამუშაოდ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი ვთქვი, რადგან ამ სახეობაში წლიურად 2 მილიონია ბიუჯეტში. ეს თანხა 3 თვეც არ ეყოფა ჭიდაობას. სპორტში მხოლოდ შეჯიბრებები არაა. სათანადო პირობების შექმნააა აუცილებელი პირობა. დარბაზი ზოგი გასარემონტებელია, ზოგი ასაშენებელი, ინვენტარია გასაახლებელი და უამრავი სხვა საკითხია გადასაწყვეტი. ამ მცირე თანხით რა უნდა გამეკეთებინა, ვერც და არც ვიქნები ვიღაცის მათხოვარი. ჭიდაობას დღეს 10 მილიონი მაინც სჭირდება. თუ გვინდა ჩემპიონები, ძიუდოს, ჭიდაობას უნდა მივხედოთ, თორემ სხვა სახეობებში იფიქრო ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებზე, ძნელია. რით მივდივართ ოლიმპიადაზე, რისთვის? ისევ ქართველი კაცის ნიჭიერების იმედად? სპორტის ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გაიმიჯნოს დიდი სპორტი და ფიზიკური აღზრდა. პატარა ქვეყანამ მსოფლიო არენაზე თავი მეცნიერებით, კულტურით, სპორტით უნდა გამოიჩინოს. ყველაფერი დროულადაა გასაკეთებელი. სპორტს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება თუნდაც ერის ჯანმრთელობას. დიდ სპორტს დავანებოთ თავი, ნახეთ რა დღეში ვართ. ბავშვმა, რომელსაც ხელებით აზიდვა ერთხელაც არ შეუძლია, როგორ უნდა ისწავლოს? წერა-კითხვასთან ერთად ბავშვს ფიზიკური აღზრდაც სჭირდება.

- შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის მომავალ სხდომას...

- ჩვენ ამისთვის ვემზადებით, სამეთვალყურეო საბჭო ამზადებს ანგარიშს ფედერაციის მუშაობაზე და განსახილველად წარუდგენს პრეზიდიუმს. ჩვენ არ ვაყენებთ ვინმეს გადაყენების ან დასჯის საკითხს, უბრალოდ გამოვხატავთ არსებულ არასახარბიელო, რეალურ სურათს და ასე გაგრძელება არ შეიძლება. დღევანდელი ფედერაციის მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სპორტში მთავარი შედეგია. არ ვეთანხმები იმ ჟურნალისტებს, რომლებიც იმეორებენ ფედერაციის ზოგიერთი თანამშრომლის სიტყვებს, ამდენი და ამდენი ოქროს მედალი გვაქვსო. მოდით ჩამოვყალიბდეთ, რას ნიშნავს და რომელია ოქროს მედალი. ოქროს მედალი სამი ხარისხისაა - ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების. დანარჩენი არ არსებობს. თუ გვინდა სპორტი განვითარდეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ფედერაციის მონაცემებით, შარშან თურმე 52 ოქროს მედალი გვქონია! მათ საანგარიშო მოხსენიებაში სწორედ ასეა ნათქვამი. ფაქტობრივად ,შარშან ერთი ოქროს მედალი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე, ისიც თბილისში. ვიცი შემეკამათებით, ორი გვაქვსო. ერთი გვაჩუქეს, რადგან ევროპირველობა თბილისში ტარდებოდა. საიდან მოიტანეს 52, გაუგებარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11906