ფეხბურთი

23:47 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული დებიუტები „კლასიკოში“, ჟოზეს მე-1000 და „არსენალის“ 1500-ე გოლი

ესპანეთი

ევროპულ მინდვრებზე გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩებიდან ცენტრალური მადრიდში, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული დაპირისპირება იყო. სანამ უშუალოდ თამაშის დროს მომხდარ საინტერესო ფაქტებზე გადავალთ, ძირითად შემადგენლობებს უნდა შევეხოთ. სასტარტო 22 ფეხბურთელიდან 5 (ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, კლაუდიო ბრავო, ლუის სუარესი და ჟერემი მატიე) „ელ კლასიკოში“ პირველად თამაშობდა, რაც 2010 წლის 29 ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა. 4 წლის წინათ „კლასიკოში“ პირველად დავიდ ვილიამ, რიკარდო კარვალიომ, ანხელ დი მარიამ, მესუთ იოზილმა და სამი ხედირამ ითამაშეს.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 29 წელი და 79 დღე იყო. ეს, ბოლო 27 წლის განმავლობაში, „კლასიკოში“ ყველაზე ხანდაზმული ძირითადი შემადგენლობაა.

ლუის სუარესს ლა ლიგაში თავისი დებიუტი „ელ კლასიკოში“ ჰქონდა. „ბარსელონას“ ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც დებიუტი „რეალთან“ ჰქონდა, ალბერტ სელადესია. მან თავისი პირველი „კლასიკო“ 1995 წლის 30 სექტემბერს ჩაატარა. იმ მატჩში, სელადესი შეცვლაზე შევიდა, ხოლო „ბარსას“ ბოლო ფეხბურთლი, რომელიც თავის სადებიუტო მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, რომერიტო იყო. „რეალის“ წინააღმდეგ მან 1989 წლის აპრილში ითამაშა.

რაც შეეხება ხამეს როდრიგესს - ის პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელმაც „ელ კლასიკოში“ ითამაშა.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა და თავი ნეიმარმა გამოიჩინა. „ბარსელონამ“, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ „კლასიკოში“, ასეთი სწრაფი გოლი 1982 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. თუ „კამპ ნოუზე“ გამართულ „კლასიკოებსაც“ მივათვლით, კატალონიელებს გოლი ასე სწრაფად 1999 წლის შემდეგ არ გაუტანიათ. 15 წლის წინათ, თავის ყოფილ გუნდს „ბარსას“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გაუტანა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, „ბარსას“ მაისურით, გოლი ზედიზედ მე-6 თამაშში გაიტანა, რაც მის კატალონიურ კარიერაში პირველად მოხდა. საინტერესოა, რომ ნეიმარს ბოლო 8 გოლის გასატანად მხოლოდ 9 ზუსტი დარტყმა დასჭირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ „ბარსამ“, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საწყის 15 წუთში გოლი პირველად გაიტანა.

ანგარიშში დაწინაურება „ბარსელონასთვის“ წარმატების საწინდარი უნდა ყოფილიყო. „რეალმა“, ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, „კლასიკოს“ მოგება ბოლოს 21 წლის წინათ, 1993 წლის 2 დეკემბერს მოახერხა, ესპანეთის ჩემპიონატში კი ასეთი ფაქტი 1988 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ არ იყო დაფიქსირებული. მადრიდელებმა ეს სერიები შაბათს შეწყვიტეს.

35-ე წუთზე, „ბარსას“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ გამოიყენა. პორტუგალიელის მიერ „ელ კლასიკოში“ გატანილი ბოლო 4 გოლიდან 3 პენალტს მოჰყვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „რეალი“ და მისი ლიდერი თერთმეტმეტრიანების დანიშვნით მეტოქეზე მეტ სარგებელს იღებენ. რონალდუს, „ბარსას“ წინააღმდეგ, სულ 4 პენალტი აქვს გატანილი. „კლასიკოში“ ამდენივე თერთმეტმეტრიანი გაიტანა ლეო მესიმაც. „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩებში დანიშნული ბოლო 15 პენალტიდან მადრიდელთა სასარგებლოდ მხოლოდ 6 დაინიშნა.

რონალდუმ, „ელ კლასიკოში“, თავისი მე-14 გოლი გაიტანა, რაც „ბარსას“ და „რეალის“ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-4 შედეგია. მასზე მეტი მხოლოდ მესის, დი სტეფანოსა და რაულს გაუტანიათ.

პორტუგალიელმა გოლი „რეალის“ ბოლო 11 შეხვედრაში გაიტანა, რაც მის მადრიდულ კარიერაში საუკეთესო შედეგია. მან მეტოქეთა კარი ლა ლიგის უკანასკნელ 15 საშინაო შეხვედრაში აიღო. რონალდუს, რეკორდამდე, კიდევ 3 თამაში აშორებს.

რონალდუს ზუსტი დარტყმის შემდეგ კლაუდიო ბრავოს მშრალი სერია შეწყდა. „ბარსას“ კიპერმა გოლი 776 წუთის განმავლობაში არ გაუშვა, რაც ლა ლიგის ისტორიაში მე-4 შედეგია.

პირველი ტაიმის შედეგი (1:1) „რეალს“ ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა. საქმე ისაა, რომ ბოლო 11 „კლასიკოდან“, რომლის პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა, მადრიდელებს მხოლოდ 1 ჰქონდათ მოგებული. თუმცა, თამაშის განახლებიდან მალევე, „რეალმა“ კუთხურებში თავისი აშკარა უპირატესობა გამოიყენა. 50-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს და პეპემ, თავის 21-ე „კლასიკოში“, პირველი გოლი გაიტანა. ბოლო 5 შემთხვევაში, როდესაც „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში გოლი კუთხურს მოჰყვა, 4-ჯერ თავი მადრიდელმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. ამჯერად გოლი ტონი კროოსის ჩაწოდებას მოჰყვა. გერმანელი ახალწვეული „რეალის“ საუკეთესო მეპასეა. მისი 5 საგოლე გადაცემიდან 3 სწორედ სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს გაკეთდა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მატჩში წერტილი ქარიმ ბენზემამ დასვა. მან, ლა ლიგაში გამართულ ბოლო 4 საშინაო „კლასიკოში“, 5 გოლი გაიტანა. ფრანგი თავდამსხმელი „რეალის“ ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც „ბარსას“, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ლა ლიგის ზედიზედ 4 მატჩში გაუტანა. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ სანტილიანასა და უგო სანჩესს ჰქონდათ.

1977-78 წლების შემდეგ პირველად მოხდა, რომ „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ზედიზედ ორ „კლასიკოში“ 3-3 გოლი გაიტანა. „სამეფო კლუბმა“, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „ბარსა“ 2 ან მეტი ბურთის სხვაობით 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

იკერ კასილიასმა, „რეალის“ კაპიტნის სტატუსით, „ბარსელონას“ ზედიზედ 2-ჯერ დამარცხება პირველად მოახერხა.

25 ოქტომბერს გამართულ „ელ კლასიკოში“ გასული საუკუნეების 50-იან წლებში დამყარებული ორი რეკორდი გამეორდა. გუშინწინდელ დაპირისპირებაში საგოლე გადაცემა „კლასიკოს“ სამმა დებიუტანტმა (სუარესმა, კროოსმა, ხამეს როდრიგესმა) გააკეთა, რაც 1953 წლის შემდეგ არ მომხდარა. 9 ტურის შემდეგ, „რეალს“ უკვე 33 გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგი 1959 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 55 წლის წინათ იგივე შედეგი ასევე „რეალს“ ჰქონდა.

ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა „ეიბარმა“. ბასკური გუნდი უმაღლეს დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. პრიმერაში „ეიბარის“ მიერ გატანილი პირველი 9 გოლი 9 სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. ლა ლიგაში ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ბასკებმა 9 გოლიდან 4 საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანეს. ამაზე უკეთესი შედეგი (6 გოლი) მხოლოდ „რეალს“ აქვს.

ბოლოადგილოსან „ლევანტეს“ მწვრთნელის გამოცვლამაც არ უშველა. ლუკას ალკარასი ვალენსიელთა ზედიზედ მე-4 დამრიგებელია, რომელმაც სადებიუტო თამაშის მოგება ვერ მოახერხა. „სელტასთან“ გამართულ შეხვედრაში „ლევანტეს“ ფეხბურთელებმა კარში ზუსტად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს. ამ გუნდს, მიმდინარე გათამაშებაში, ასეთი ცუდი შედეგი უკვე მესამედ აქვს.

ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს „სევილიას“, რომელმაც ლა ლიგის პირველ 9 თამაშში 22 ქულა მოაგროვა.

წარმატებით თამაშობს „სელტაც“. ვიგოელებმა გოლი პრიმერას ზედიზედ მე-15 შეხვედრაში გაიტანეს. ასეთი შედეგი მათ 1997 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

თუ რომელიმე გუნდზე შეიძლება ითქვს, რომ ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ეს, უპირველესად, „ესპანიოლია“. კატალონიელებს სერხიო გარსია აკლდათ. „დეპორტივოსთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი ზედიზედ 21-ე თამაში იყო, რომელიც „ესპანიოლმა“ 31 წლის თავდამსხმელის გარეშე ჩაატარა და ვერ მოიგო.

ტურის ბოლო მატჩში, „ატლეტიკომ“ „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდმა, მადრიდულ გუნდებთან ზედიზედ მე-9 თამაში არ წააგო, რაც „როხიბლანკოს“ ისტორიაში პირველად მოხდა.

ინგლისი

„ელ კლასიკოს“ შემდეგ ყველაზე დიდ ინტერესს პრემიერლიგაში, „ჩელსისა“ და „მანჩესტერს“ შორის გამართული დაპირისპირება იწვევდა.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრა სტუმარი გუნდის კაპიტნისთვის, ჯონ ტერისთვის განსაკუთრებული იყო. მან, „ჩელსის“ მაისურით, პრემიერლიგაში, 430-ე თამაში ჩაატარა და აქამდე რეკორდსმენ ფრენკ ლემპარდს გადაუსწრო.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, რაც ამ გუნდებს შორის მანჩესტერში გამართულ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ მოხდა.

„ჩელსიმ“ რომ პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა, ამის ერთ-ერთი მიზეზი სესკ ფაბრეგასის არცთუ კარგი თამაშია. ლონდონელთა საუკეთესო მეპასემ, პირველ 45 წუთში, მეტოქის ნახევარზე მხოლოდ 5 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

ესპანელმა ნახევარმცველმა თავისი მოვალეობა მე-2 ტაიმში გაიხსენა და 53-ე წუთზე, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ცნობისთვის, გასულ სეზონში, „ჩელსის“ მხრიდან ასეთი შედეგი არავის ჰქონია.

ფაბრეგასის ზუსტი გადაცემა გოლად დიდიე დროგბამ აქცია, რომელმაც პრემიერლიგაში 2012 წლის მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. დროგბას გოლი ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელი კარიერაში მე-1000 იყო, რომელიც მისმა გუნდებმა ქვეყნის ჩემპიონატებში გაიტანეს.

საიუბილეო გოლი გაიტანა ალექსის სანჩესმაც. „არსენალის“ ჩილელმა თავდამსხმელმა, „სანდერლენდთან“ გამართულ შეხვედრაში, დუბლი გაიფორმა. მისი მე-2 გოლი, „არსენალისთვის“, პრემიერლიგაში გატანილი 1500-ე ბურთი იყო.

ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო „ევერტონმა“, რომელსაც 3 ქულა სამუელ ეტოომ მოუტანა. კამერუნელ თავდამსხმელს, პრემიერლიგაში, 10 გოლი ჰქონდა გატანილი და ყველა მათგანი საშინაო შეხვედრაში. ამჯერად, მან სტუმრად გაიტანა, თან 2-ჯერ.

ეტოოს პირველი გოლი ლეიტონ ბეინსმა გაატანინა, რომელსაც, 2010/11 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე, პრემიერლიგაში, 28 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. არცერთ სხვა მცველს, დროის ამ მონაკვეთში, 14 საგოლე პასზე მეტი არ აქვს.

კვლავ ვერ მოიგო „კრისტალ პალასმა“, რომელიც „ვესტ ბრომვიჩს“ დაუზავდა. ლონდონელებმა ორივე გოლი სტანდარტიდან გაუშვეს, რაც გასაკვირი არაა. მიმდინარე გათამაშებაში მათ კარში გასული 16 ბურთიდან 8 სწორედ სტანდარტს მოჰყვა. ეს კი, ყველაზე ცუდი შედეგია.

საფრანგეთი

6 დღის განმავლობაში 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ევროპულ მინდორზე, ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. 21 ოქტომბერს, ეს „შახტარის“ შემტევმა, ლუის ადრიანომ გააკეთა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, 5-ჯერ ბატე-ს კარი აიღო. 26 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, „ნიცამ“ „გენგამი“ გასვლაზე 7:2 დაამარცხა და სტუმართაგან 5-ჯერ თავი 25 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, კარლოს ედუარდომ გამოიჩინა. ცნობისთვის, მას, კარიერის განმავლობაში, არცერთ სეზონში, 4 გოლზე მეტი გატანილი არ ჰქონდა. ლუის ადრიანო მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე საუკუნეში, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში, ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხბურთლმა ერთ მატჩში 5 გოლის გატანა 1984 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. 30 წლის წინათ, „მეცის“ შემტევმა, ტონი კურბოსმა, ერთ შეხვედრაში მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო. მას შემდეგ, ლიგა ერთში, სტუმარმა გუნდმა 7 გოლი პირველად გაიტანა.

ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ ჟერმენმა“. პარიზულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის თამაშის შემდეგ ლიგა ერთში გამართულ ბოლო 21 შეხვედრაში წაგება არ აქვს.

ცუდი დრო უდგას „ლილს“. რენე ჟირარის გუნდმა, ლიგა ერთში, ზედიზედ მე-3 გასვლითი თამაში წააგო, რაც 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

პარასკევი დღე წარუმატებელია „ტულუზასთვის“. ამ გუნდმა, პარასკევს გამართულ ზედიზედ მე-5 მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა. „ლანსთან“ 0:2 წაგებულ შეხვედრაში, ალენ კაზანოვას შეგირდებმა ბურთი საჯარიმოში 64-ჯერ ჩააწოდეს. მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება (2006/07 წლების სეზონიდან), ლიგა ერთში ასეთი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

იტალია

სერია A-ს ბოლო სამ მატჩში ქულები პირველად დაკარგა „მილანმა“. „როსონერიმ“, „ფიორენტინასთან“ გამართულ მატჩში, ანგარიში კი გახსნა, მაგრამ 64-ე წუთზე, აბიატიმ ილიჩიჩის შორეულ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. მიმდინარე გათამაშებაში ფლორენციელთა მიერ გატანილი გოლების 67% საჯარიმოს გარედან დარტყმას მოჰყვა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე გათამაშებაში პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა „იუვენტუსის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ. 35 წლის ფეხბურთლმა ფერნანდო ლიორენტეს გაატანინა, რომელმაც, თავის მხრივ, მიმდინარე გათამაშებაში გოლების ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, პირლოს მიერ გაკეთებული 5 საგოლე გადაცემიდან 3 სწორედ ლიორენტეზე გაკეთდა.

სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო „პარმამ“. „ჯვაროსნებმა“ სერია A-ს პირველ 8 ტურში 7-ჯერ წააგეს, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

გერმანია

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში, ტაბლოებზე უჩვეულოდ ბევრი 0 ვიხილეთ. 20 გუნდიდან გოლი ნახევარმა ვერ გაიტანა, ასეთი რამ კი გერმანიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

ერთადერთი თამაში, რომელშიც გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, „აინტრახტსა“ და „შტუტგარტს“ შორის გაიმართა. სტუმრებმა კი მოიგეს, მაგრამ არმინ ფეს დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე მუშაობა აშკარად მართებს. „შტუტგარტმა“ 3 ან მეტი გოლი ზედიზედ მე-3 თამაშში გაუშვა, რაც 1987 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ფრანკფურტში გამართული მატჩის მიწურულს, მასპინძელთა შემტევი, ჰარის სეფეროვიჩი მოედნიდან გააძევეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში უკვე 2000 წითელი ბარათია ნაჩვენები.

რომში ფეერიული თამაშის ჩატარების შემდეგ „გლადბახთან“ ქულები გაიყო „ბაიერნმა“, რომელმაც კარი მშრალად ბუნდესლიგის ზედიზედ მე-7 თამაშში შეინახა, ეს კი 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

0.116662