კალათბურთი

10:53 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერი: „ფაჩულიასთან და ცქიტიშვილთან პირველად 14 წლისამ ვითამაშე“

„სან ანტონიოს“ გამთამაშებელი ტონი პარკერი დღეს მსოფლიოს საუკეთესო პირველი ნომერია. სუბიექტურად ჟღერს, რადგან სტატისტიკით, ყველაზე ეფექტური კრის პოლია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში პარკერი სოლოპარტიას ასრულებს, პოლი კი - იკარგება.

„სან ანტონიოს“ ფრანგი გამთამაშებელი დღეს გუნდის ყველაზე ძვირადღირებული წევრია. მან მოქმედ ჩემპიონთან ერთი თვის წინათ ახალი კონტრაქტი გააფორმა და კარიერას „სან ანტონიოში“ დაასრულებს. ყოველ შემთხვევაში, თავად პარკერის სიტყვები ასე ჟღერდა.

ტონის საოცარი წინა სეზონი ჰქონდა. ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შემდეგ იყო „სან ანტონიოსთან“ ერთად მოგებული სუპერფინალი. ბოლო სერიაში ტონის გუნდმა მასტერკლასი ჩაუტარა „მაიამის“ და მის დიდ ტრიოს, ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის შემადგენლობით. „სპერსმა“ სერია 4:1 მოიგო და მართალია, ტონი სუპერფინალის MVP ვერ გახდა, მის გარეშე „სან ანტონიო“ იმ სერიას ვერ მოიგებდა.

„სან ანტონიო“ თურქული ვოიაჟის დროს, ვარჯიშზე ჩვენთვის ღია და გახსნილი იყო. ტონის ვესაუბრეთ და გთავაზობთ ინტერვიუს „სან ანტონიოს“ შემსრულებელთან:

- ტონი, რამდენად მოგწონთ თურქეთი?

- არაჩვეულებრივია. ცოტა გვიან ჩამოვედით, მაგრამ დღეს ვარჯიშის მერე ვაპირებთ ღირსშესანიშნაობები დავათვალიეროთ, ქალაქით დავტკბეთ და რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაშისთვის მოვემზადოთ.

- უკვე იცით, სად უნდა წახვიდეთ და რა ნახოთ?

- არა, ჯერ არ გადამიწყვიტავს. ვნახოთ.

- ხვალინდელ თამაშზე რას გვეტყვით?

- ვეცდებით, გავიდეთ სუპერფინალის, საჩემპიონო დონეზე. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ტესტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ („სან ანტონიომ“ თამაში 96:90 მოიგო).

- რას ფიქრობთ თურქ მოთამაშეებზე ნბა-ში, ვინ არის თქვენი ფავორიტი?

- ასე გამორჩეული ფავორიტი არ მყავს. ყველა ევროპელს ვგულშემატკივრობ, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ საკუთარი თავის წარმოსაჩენად მსოფლიოს საუკეთესო ლიგაზე.

- ზაზა ფაჩულია ჩვენი თანამემამულეა...

- ზაზას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მის წინააღმდეგ პირველად 14 წლისამ ვითამაშე, მაშინ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში იყო. იმ გუნდში იყო ცქიტიშვილიც. ჩვენ ამ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ... არ მახსოვს დეტალები, მაგრამ საინტერესო თამაში იყო. 18-წლამდელთა შემადგენლობაში საქართველოს წინააღმდეგ ვითამაშეთ საფრანგეთში და თუ არ ვცდები, ჩეხეთში. კარგი დრო იყო.

- 7 წლის შემდეგ „სან ანტონიოსთან“ ერთად კვლავ ჩემპიონები ხართ...

- არაჩვეულებრივია... 7 ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ჩვენ კვლავ საუკეთესოები ვართ. დიდი სურვილი მაქვს, „სან ანტონიომ“ ტიტულის დაცვა შეძლოს. დროა, რეალობას დავუბრუნდეთ, უნდა დავიწყოთ ვარჯიში. ძალიან ბევრი კონკურენტის წინააღმდეგ იქნება საინტერესო თამაშები. „სან ანტონიოსთვის“ ეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა.

- რა განსხვავებაა ევროპულსა და ამერიკულ კალათბურთს შორის?

- ამერიკაში კალათბურთი უფრო სწრაფი, ათლეტური, მოქნილია. ამერიკაში ბევრს თამაშობენ 1-1-ზე და ევროპული კალათბურთისგან განსხვავებით, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ტაქტიკურ ნოვაციებს.

- ნებისმიერ სხვა გუნდში თქვენ საშუალოდ 25 ქულას და 10 პასს დააგროვებდით... „სან ანტონიოში“ სტატისტიკა მეორეხარისხოვანია?

- პერსონალური სტატისტიკა არ მაინტერესებს. მთავარია, გუნდმა მოიგოს და მწვრთნელის დავალება შევასრულო. „სან ანტონიოში“ 4-ჯერ გავხდი ჩემპიონი და აქ ბედნიერი ვარ. დიდი სურვილი მაქვს, მეხუთედ მოვიგოთ ფინალი. პერსონალური სტატისტიკა სხვებს ჰქონდეთ, მე მოგებულ ფინალებს შევაგროვებ. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული მოთამაშის გუნდი. არც ტიმის, არც მანუს, არც ტონის გუნდი.

- ტიმ დანკანს თქვენზე ერთი საჩემპიონო ბეჭდით მეტი აქვს, არ აპირებთ გადასწრებას?

- ვნახოთ, 4 ბეჭედიც მაწყობს, მაგრამ ხუთით უფრო ბედნიერი ვიქნები.

- არ გაუშვათ დანკანი...

- რამდენსაც შესძლებს, ითამაშებს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

- ევროტური მოგეწონათ?

- კი, რა თქმა უნდა, ბერლინში არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. სტამბოლშიც კარგ დროს ვატარებთ.

- გასინჯეთ ქაბაბი?

- ჯერ არა და შეიძლება, ვერც გავსინჯოთ. ქაბაბი ადრე მაქვს გასინჯული. თურქეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი.

- ვინ არის „სან ანტონიოს“ მთავარი კონკურენტი?

- რა თქმა უნდა, „ოკლაჰომა“. ძალიან კარგია „ჩიკაგო“, „კლიპერსი“. „კლივლენდი“ თავისთავად. და ალბათ, „გოლდენ სტეიტი“. მაგრამ ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „სან ანტონიომ“ დაისახა გეგმა და ვეცდებით, ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ.

ეკა ლოლუა სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბოლიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176837