კალათბურთი

22:23 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი გუნდებით და იმედით

...”მგზავრები-არმიას” უკანახაზელმა თეიმურაზ ბაბუნაშვილმა კარგი პასი გაუკეთა დავით იოსელიანს და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოთამაშეზე “შსს აკადემია” დაჯარიმდა. იოსელიანმა 2 ჯარიმიდან ერთი გამოიყენა და საქართველოს 24-ე ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ქულა მოიპოვა. დღეს თბილისის სპორტის სასახლეში წლევანდელი სუპერლიგის მონაწილე რვავე გუნდი ვიხილეთ და ყველა მათგანი საფუძვლიანად სახეცვლილია.

საქართველოს ბოლო 4 პირველობის პრიზიორმა “არმიამ” სახელი და სახე იცვალა. გუნდს სპონსორის სახელი “მგზავრები” დაემატა, მწვრთნელი და მოთამაშეები (ბაბუნაშვილის გამოკლებით) ახალი ჰყავს. “შსს აკადემიას” რაც შეეხება, მას სათავეში არმიელთა ყოფილი დამრიგებელი კოტე ტუღუში ჩაუდგა, რომელიც დღეს თავის ექსთანაშემწის ბუბა ბერიშვილის გუნდს დუპირისპირდა. აკადემიელებს მეტოქესთან შედარებით უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ (თუნდაც ჩვენი ნაკრების წევრები ბექა წივწივაძე და ლევან ფაცაცია ავიღოთ) და მიმდინარე სუპერლიგაში მეტი ამბიციაც აქვთ. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულამდე “მგზავრები” დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ აკადემიელებს და მხოლოდ მეორე პერიოდის მიწურულს გამოიკვეთა ტუღუშის ბიჭების საქულე უპირატესობა. ტაიმის ბოლო წუთის დაწყებამდე ანგარიში 30:29 იყო არმიელთა სასარგებლოდ, თუმცა დიდ შესვენებამდე “შსს აკადემიამ” ექვსქულიანი ჰანდიკაპი მიიღო - 39:33.

მესამე პერიოდში აკადემიელთა უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა და მეოთხედის მიწურულს გუნდი მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით (პლუს 14) დაწინაურდა - 63:49. დასკვნით პერიოდში მატჩის ფავორიტმა უპირატესობა შეინარჩუნა, საქმე მოგებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილში 2 ქულაც ჩაიწერა - 82:71.

ტურის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” და გასული სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალისტი “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. წლეულს დინამოელები ლეგიონერის გარეშე ასპარეზობენ, “ბათუმი” კი ჩვენი პირველობის ერთადერთი გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში 2 უცხოელი ჰყავს. მოლოდინისამებრ, შეხვედრა დაძაბული და მაყურებლისთვის საინტერესო გამოდგა. სამი პერიოდის შემდეგ ტაბლოზე თანაფარდობა იყო - 46:46, დასკვნით ათწუთიან მონაკვეთში კი დინამოელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს. ეს ძირითადად 2 ფაქტორით გამოისახა. ჯერ ერთი, ირაკლი ხოშტარიას უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, ვიდრე მიხეილ კობეშავიძეს (თანაც, ტრავმების გამო ბათუმელთა შორის ვერ ითამაშეს ავთანდილ ელიაშვილმა და ლევან ელიაძემ), თანაც მეოთხე პერიოდში 5-5 პერსონალური ჯარიმების გამო მოედანი ლევან რევაზაშვილმა და მამუკა ბოლქვაძემ დატოვეს. აღსანიშნავია მეორე ტაიმში “დინამოს” ლიდერის ლაშა გამყრელიძის “ჩრდილიდან გამოსვლა”. თუკი საწყის 2 მეოთხედში მის ანგარიშზე არცერთი ქულა დარიცხულა, დიდი შესვენების შემდეგ გამყრელიძე შესამჩნევად გააქტიურდა და საბოლოოდ 14 ქულას, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიამატა. ბოლო პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დინამოელთა უპირატესობამ 11 ქულას (64:53) უწია. შემადგენლობაშესუსტებულმა “ბათუმმა” ბოლომდე იბრძოლა, საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე სხვაობა ოთხამდეც დაიყვანა (60:64), მაგრამ დარჩენილ დროში “დინამომ” ყურადღება არ მოადუნა და ახალ ჩემპიონატში პირველი გამარჯვებაც იზეიმა - 68:62. ორივე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშის გამოყოფა შეიძლება, ჩვენ საგანგებოდ ბათუმელთა 2 ახალგაზრდა კალათბურთელი დავით აფხაზავა და ლევან ბაბილოძე გვსურს გამოვარჩიოთ. მართალია, მათთვის მწვრთნელს დიდი სათამაშო დრო არ მიუცია, მაგრამ პირველმა მათგანმა 8 წუთში, მეორემ კი თერთმეტში დაგვარწმუნეს, რომ პერსპექტიული კალათბურთელები არიან, დანარჩენი კი მათ მონდომებასა და იღბალზეა დამოკიდებული...

მწვრთნელიან-მოთამაშეებიანად სრულიად ახალი გუნდია “ოლიმპი”. ერთწლიანი შესვენების შემდეგ გუნდს სათავეში კვლავ გია კაზანჯიანი ჩაუდგა და ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “ოლიმპი” ტემპიან კალათბურთს თამაშობს, დაცვაში სოლიდურად გამოიყურება, მოთამაშეებიც ერთმანეთში კარგად დამუშავებულ კომბინაციებს ათამაშებენ. “ოლიმპმა” პირველი პერიოდი 20:15 მოუგო მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ “ქუთაისს”, მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე კი ანგარიში გააყაიმა 55:55. ამის შემდეგ ქუთაისელებმა “საფუძვლიანად” მოჰკიდეს საქმეს ხელი და 84:73 იმარჯვეს. რიონისპირელთაგან გამოყოფის ღირსი ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალწვეულის ბექა ბექაურის სოლიდური ასპარეზობაა. ორივე მათგანის ანგარიშზე 20-20 ქულაა, ამასთან ლომინაშვილმა ფარიდან ბურთი 11-ჯერ, ბექაურმა - შვიდჯერ მოხსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ “სოხუმიდან” ქუთაისში გადასულ ვახტანგ ქადარიას ჩვეული ფორმა ჯერ არ აუკრიბავს.

“სოხუმისა” და “რუსთავის” მატჩი წესითა და რიგით დაძაბულად უნდა წარმართულიყო, მაგრამ ამჯერად ვაჟა კვარაცხელიას გუნდს თამაში არ წაუვიდა. სოხუმელებმა წინასასტარტოდ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს (ლაშა ფარღალავა, გიორგი ჯგერენაია, გიორგი რევაზაშვილი, გიორგი ფერიაშვილი, მიხეილ ჩიტაშვილი) დაიმატეს, თუმცა, აკაკი დვალიშვილისა და ლეგიონერ ჰეიდენ ჰამსის მცდელობით ქვემოქართლელები 26:11 დაწინაურდნენ. იმ მომენტისთვის დვალიშვილის ანგარიშზე 12, ხოლო ჰამსის აქტივში 10 ქულა გახლდათ. “სოხუმმა” რამდენჯერმე სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა, მესამე პერიოდი მოიგო კიდეც, მაგრამ მთლიანობაში “რუსთავი” უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ 84:68 იმარჯვა კიდეც.

სასტარტო ტურში რამდენიმე კალათბურთელმა გამოიჩინა თავი კარგი თამაშით, განსაკუთრებით კი ქუთაისიდან რუსთავში გადასული აკაკი დვალიშვილის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. მან 30 ქულა გააკეთა და ფარიდან ბურთი 15-ჯერ (7-ჯერ სოხუმელთა ფართან) მოხსნა.

25 ოქტომბერი

მგზავრები-არმია 71 - 82 შსს აკადემია

დინამო 68 - 62 ბათუმი

ოლიმპი 73 - 84 ქუთაისი

სოხუმი 68 - 84 რუსთავი

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი

მ/წ.

ბურთები

ქულა

1

რუსთავი

1

1 / 0

84 / 68

2

2

დინამო

1

1 / 0

68 / 62

2

3

შსს აკადემია

1

1 / 0

82 / 71

2

4

ქუთაისი

1

1 / 0

84 / 73

2

5

მგზავრები-არმია

1

0 / 1

71 / 82

1

6

ბათუმი

1

0 / 1

62 / 68

1

7

სოხუმი

1

0 / 1

68 / 84

1

8

ოლიმპი

1

0 / 1

73 / 84

1

მეორე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

31 ოქტომბერი

“ბათუმი” – “ქუთაისი”

“რუსთავი” – “შსს აკადემია”

1 ნოემბერი

“სოხუმი” – “ოლიმპი”

“დინამო” – “მგზავრები-არმია”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148353