ფეხბურთი

19:07 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სადისციპლინო კომიტეტი "შუქურა" - "დილა" მატჩის ინციდენტს გამოიძიებს

ქობულეთში ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრა "შუქურას" და გორის "დილას" შორის 50-ე წუთზე შეწყდა, მიზეზი? მსაჯზე განხორციელებული უხეშობაა.

ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ "მსოფლიო სპორტთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარემ დიმიტრი ბოკერიამ:

"რა შემიძლია გითხრათ, გულშემატკივარი შეიჭრა მოედანზე და მსაჯს ხელი დაარტყა. სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული ინციდენტი უნდა შეისწავლოს. ველოდებით მატჩის დელეგატის მოხსენებას, შემდეგ სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამ ეტაპზე არ მაქვს უფლება რაიმე სახის კონკრეტული განცხადება გავაკეთო."

თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

0.120952