ძიუდო

12:08 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს ღამე

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრ ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) 21-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ზედიზედ მეორე ოქროს დუბლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. 18 წლის ქართველი ძიუდოისტი მაიამიში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს დასჯერდა. ანალოგიური შედეგით დაასრულა ტურნირი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან გუგავამ. უშანგი მარგიანი კი ამავე წონაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ბექა ღვინიაშვილმა ძირითად ბადეში საწყისი 3 შეხვედრის მოგებას სულ 5 წუთი აკმარა. სამხრეთკორეელ ჯაე იუნ კიმსა და იაპონელ შოიჩირო მუკაის გდებებით ვაზარი შეუსრულა და ილეთი ორივე შემთხვევაში შებოჭვით დააგვირგვინა. ებრაელი ლი კოჩმანს კი იპონი გდებით აუღო. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთან, უნგრელ კრისტიან ტოტთან დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გავიდა, სადაც ცოტა უჩვეულოდ დაიწყო - გერმანელ დავიდ ტეკიჩთან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ სწრაფადვე გამოცოცხლდა და მეტოქე ბეჭებზე დაანარცხა.

90 კილოგრამში პოდიუმზე კიდევ ერთი ქართველი ავიდა. ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ტოტთან ერთი შიდოთი დამარცხდა.

ლევან გუგავამ მექსიკელი გერმან აიალას, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტის, ლატვიელი გლებს ტალალუიევსისა და ფრანგი პაპე დუდუ ნდიაიეს ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე იპონით წააგო. “ბრინჯაოს ფინალში” კი ჰოლანდიელ რიკო ჰარდერსთან ვაზარით ჩამორჩენა სუფთა გდებით შემოატრიალა.

უშანგი მარგიანმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა შვედ იონას ბიორკტორპთან 32 წამში წაგებით. ამ შეხვედრამდე ბერძენ კონსტანტინოს სარიდისს 45 წამში მოუმთავრა საქმე. ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილს კი ვაზარით აჯობა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ჰოლანდიელ რიკო ჰარდერთან პირველსავე წუთზე დავარდა ბეჭებზე და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

დღეს მაიამის ტატამზე ვაჟთა და გოგონათა ორ-ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს დროშის ქვეშ კი ახალგაზრდებს შორის ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100 კგ), გუგა კიბორძალიძე (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

მაიამი

24 ოქტომბერი

ვაჟები

81 კგ

1 რაფაელ მაჩედო (ბრაზილია)

2 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)

3 ლევან გუგავა (საქართველო)

3 პაპე დუდუ ნდიაიე (საფრანგეთი)

7 უშანგი მარგიანი (საქართველო)

90 კგ

1 კრიშტიან ტოტი (უნგრეთი)

2 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)

გოგონები

63 კგ

1 მიო მინეი (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 ვივიან ჰერმანი (გერმანია)

3 კატიეჟემიმა იეტსბრაუნი (ბრიტანეთი)

70 კგ

1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2 ებონი დრისდალ დალი (ბრიტანეთი)

3 მარი ევა გაე (საფრანგეთი)

3 მელისა ელინე (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11205