ავტოსპორტი

2:01 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

„აუდი“ შეიძლება ფორმულა ერთში გადავიდეს
...ალონსო კი „აუდიში“

შესაძლოა, „აუდიმ“ შეწყვიტოს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) გამოსვლა და ფორმულა ერთში გადაინაცვლოს. გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, გერმანული კომპანიის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში 2016 წლიდან ჩაერთვება. გამძლეობაზე რბოლების და ლე მანის გარდა, „აუდი“ ასევე გერმანიის ტურინგის ჩემპიონატსაც (DTM) დატოვებს და მთელ ყურადღებას ფ1-ზე გადაიტანს.

როგორც ინფორმაციის წყარო იუწყება, გერმანული კომპანია DTM-ის და WEC-ის ბიუჯეტებს მთლიანად ფ1-ის მოახმარს. ამასთან, სპონსორად... „რედ ბული“ ეყოლება. „აუდის“ სურს, რომ „მერსედესთან“ 1930-იანი წლების მეტოქეობა აღადგინოს, როცა ამ ორი კომპანიის (აუდის მაშინ აუტო უნიონი ერქვა) გუნდებს დიდი პრიზების ცირკში (ოღონდ მაშინ ფ1 არ არსებობდა) ბადალი პრაქტიკულად არ ჰყავდათ.

ამჯერად ფ1-ში „აუდის“ გადასვლისკენ „ფოლკსვაგენის“ კორპორატიულმა ინტერესებმა უბიძგა: ინგოლშტადტელებმა იმდენჯერ მოიგეს ლე მანი, რომ იქ მათი შემგომში გამოსვლა ნაკლებად საინტერესო და მარკეტინგულად არაეფექტური იქნება. თანაც, ამ სეზონიდან გამძლეობაზე რბოლებში ვოლფსბურგელთა ჯგუფის კიდევ ერთი გრანდი - „პორშე“ ჩაერთო, რომელიც ლე მანზე გამარჯვებების მხრივ რეკორდსმენია (16 გამარჯვება).

სხვათა შორის, როცა გამოცხადდა, რომ „პორშე“ ლე მანზე ბრუნდებოდა, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ „აუდი“ ფ1-ში გადავიდოდა. ასეც იგეგმებოდა. „აუდი“ ფ1-ის ჩემპიონატში 2013 წელს უნდა ჩართულიყო. მაგრამ იმის გამო, რომ FIA-ს მოტორსპორტის საბჭომ ძრავების ახაალი რეგლამენტი შეასწორა და ოთხცილინდრიანი ტურბო აგრეგატების ნაცვლად, V6 ტურბო ჰიბრიდული ძრავები დააკანონა. გერმანულმა კომპანიამ თითქოს გადაიფიქრა, მაგრამ ცოტა ხნით... როგორც ირკვევა, „აუდი“ უკვე მუშაობს ახალ ძრავზე.

ძრავს თავად შეიმუშავებს, მაგრამ გუნდს ახლიდან არ შექმნის - „აუდის“ რომელიმე არსებული გუნდის შესყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ასეთი შეიძლება გახდეს „რედ ბული“, ან მისი იტალიური შვილობილი „ტორო როსო“. სხვათა შორის, „აუდის“ და „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის შეფ ფერდინანდ პიხს ავსტრიასთან ძველი კავშირები აქვთ - გერმანული კომპანიისთვის 30-იან წლებში ტრიუმფატორ ბოლიდებს ლეგენდარული ფერდინანდ პორშე ქმნიდა, ვინც წარმოშობით ავსტრიელია. პიხი კი სწორედ მისი შთამომავალია. მეორე მხრივ, „რედ ბული“ ავსტრიული კომპანიაა და ავსტრიელ დიტრიხ მატეშიცს ეკუთვნის. ეს ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია, წლების განმავლობაში, „აუდის“ DTM-ის კამპანიის პარტნიორი იყო.

დომენიკალი და ალონსო...

და ეს ყველაფერი არაა! ახლახანს „აუდიმ“ „ფერარის“ ფ1-ის გუნდის ყოფილი შეფი, სტეფან დომენიკალი დაიქირავა. ეს კაცი ფ1-ის სპეციალისტია და არასდროს უმუშავია სხვა სერიებში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადასვლა სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ ოთხი რგოლი მალე ფ1-ში იქნება. დაბოლოს, ფერნანდო ალონსო.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არ მალავს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს „მაკლარენთან“ და მის პარტნიორ „ჰონდასთან“. ამათი მთავარი მოთხოვნა მრავალწლიანი კონტრაქტია. ალონსოს ეს არ სურს და მხოლოდ ერთ სეზონზე თანხმდება. არაა გამორიცხული, რომ ესპანელმა უოკინგელებს უარი უთხრას და ერთი სეზონით „დაისვენოს“. ამ ერთ სეზონს ის ლე მანზე საასპარეზოდ გამოიყენებს. სხვათა შორის, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ფ1-ის გარდა, მხოლოდ ლე მანი აინტერესებს...

სხვათა შორის, თავის მომავალზე საუბრისას, ალონსო ძალიან თავდაჯერებულია. არაა გამორიცხული, რომ „აუდისთან“ თანამშრომლობა გადაწყვეტილი აქვს და არც ის აღელვებს, თუ შემდეგი სეზონის გამოტოვება მოუწევს. ლე მანზე ხომ ძლევამოსილ გუნდთან ერთად გამარჯვების რეალური შანსი ექნება, ეს კი მისთვის ფ1-ის ერთი ტიტულის ტოლფასი იქნება. სხვათა შორის, ფ1-ის ჩემპიონებიდან მხოლოდ ოთხია ისეთი, ვინც ლე მანზე გამარჯვებითაც დაიკვეხნის. ესენი არიან ამერიკელი ფილ ჰილი, ბრიტანელი მაიკ ჰოტორნი, ავსტრიელი იოხენ რინდტი და ბრიტანელი გრემ ჰილი. ამასთან, ჰილი ერთადერთია, ვისაც ასევე მოგებული აქვს ინდი 500 და მონაკოს დიდი პრიზი.

ვერცხლისფერი ისრები

მოკლედ, თუ „აუდი“ დაბრუნდა, „ვერცხლისფერი ისრების“ - „აუდის“ და „მერსედესის“ მეტოქეობა განახლდება (ოღონდ, ფიურერის გარეშე). 30-იანი წლების ევროპის ჩემპიონატში გაერთიანებულ დიდი პრიზების რბოლებში, ამ ორი, სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი გიგანტის პაექრობაში ჩართვას ძალიან იშვიათად „ალფა რომეო“ და „მაზერატი“ თუ ახერხებდნენ, ისიც ლეგენდარული ტაციო ნუვოლარის წყალობით.

ორი გერმანული კომპანია, რომლების უმსხვილესი მფლობელიც სახელმწიფო იყო, ერთმანეთს არამხოლოდ სარბოლო ტრასებზე ეჯიბრებოდა, არამედ სიჩქარის რეკორდების დამყარებაშიც. მაგრამ ეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდგ კი მხოლოდ სამქიმიანებმა გააგრძელეს რბოლებში მონაწილეობა და ფ1-ში რამდენიმე გამარჯვებასაც მიაღწიეს. თუმცა, ლე მანზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის შემდეგ, დიდი ავტოსპორტი მათაც დატოვეს.

„მერსედესი“ 1990-იანებში ისევ ლე მანს დაუბრუნდა, მერე კი ფ1-ში გადაინაცვლა. შტუტგარტელებმა ლე მანი რომ დატოვეს, მათი ადგილი ინგოლშტადტელებმა დაიკავეს და იქ თავიანთი ტრიუმფალური სვლა მალევე დაიწყეს. „მერსედესმა“ კი ახლახანს ფ1-ის კონსტრუქტორთა თასი პირველად მოიგო. და რა თქმა უნდა, „აუდის“ ამის უპასუხოდ დატოვება არ შეუძლია...

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111085