ძიუდო

10:55 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილმა ბრინჯაო გამოჭედა

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კობა მჭედლიშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც მაიამი მასპინძლობს, ქართველმა ძიუდოისტმა 6 შეხვედრიდან 5 მოიგო. ძირითად ბადეში გამოსვლა სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩისთვის 20 წამში შესრულებული სუფთა გდებით დაიწყო. მეორე წრეში პოლონელი დამიან სტეპიენი სამჯერ დასცა იუკოზე. მერვედფინალში კი ესპანელ ალფონსო ურკიზა სოლანას გაფრთხილების უპირატესობით გასცდა.

ერთმა შიდომ გადაწყვიტა მეოთხედფინალის ბედიც, ოღონდ მჭედლიშვილის მეტოქის - უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევის სასარგებლოდ. ბრინჯაოს ფრონტზე გადართულმა ქართველმა ძიუდოისტმა იპონ-იპონ ჩამოიშორა უნგრელი გიულა პალი და აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი.

გუშინვე, ამერიკულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა კელიხაშვილი და ბექა ვიბლიანიც გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. თან, ორივემ ისრაელის ნაკრების წევრთან დაკარგა საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის შანსი. კელიხაშვილმა როდიონ გოლოდთან პირველსავე წუთზე გაშვებულ ვაზარს მხოლოდ ორი იუკოთი უპასუხა. ვიბლიანმა კი ბარუჩ შმაილოვთან იპონით წააგო.

გოგონათა ნაკრების წევრმა მზია ბებოშვილმა (52 კგ) მსოფლიო პირველობა ულამაზესი სუფთა გდებით გახსნა, რომელიც ეკვადორელ დიანა დიაზს მეორმოცე წამზე შეუსრულა, მაგრამ მერვედფინალში მომავალ ფინალისტთან, რუმინელ ლარისა ფლორიანთან ვეღარას გახდა.

დღეს მაიამის ტატამი 81 და 90 კილოგრამებში მოჭიდავე ვაჟებს და 63 და 70 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონებს დაეთმობათ. საქართველოს დროშის ქვეშ ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ერთი თვის წინანდელი ევროპირველობის პრიზიორები უშანგი მარგიანი და ლევან გუგავა (ორივე 81 კგ) გავლენ. დღესვე, გოგონები 63 და 70 კილოგრამებში გამოავლენენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები

მაიამი

23 ოქტომბერი

ვაჟები

66 კგ

1 იგორ მგდსიანი (რუსეთი)

2 ჰიფუმი აბე (იაპონია)

3 რიკარდო სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 იუჯი იამამოტო (იაპონია)

3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)

გოგონები

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 მაკო უჩიო (იაპონია)

57 კგ

1 მომო ტამაოკი (იაპონია)

2 ჩრისტა დეგუჩი (იაპონია)

3 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)

3 დარია მეჟეცკაია (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112967