კალათბურთი

22:51 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რუსთავმა“ დადიანის მემორიალი მეექვსედ მოიგო

დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალი, რომელსაც რუსთავი მასპინძლობდა. სუპერლიგის მონაწილე რვა გუნდიდან ტურნირში მონაწილეობის სურვილი „რუსთავმა“, „დინამომ“, „ოლიმპმა“ და „სოხუმმა“ გამოთქვა. რაც შეეხება „ქუთაისი-2010“, „ბათუმი-რსუს“, „შსს აკადემიასა“ და „მგზავრები-არმიას“, რადგან მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ტურნირში მონაწილეობისაგან სხვადასხვა მიზეზით თავი შეიკავეს. მემორიალის ისტორიაში შეჯიბრი პირველად ჩატარდა ჯგუფური ეტაპის გარეშე, ერთ წრედ.

ზედიზედ ორი თამაშის მოგების შემდეგ მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ხუთგზის გამარჯვებული „რუსთავი“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც მემორიალი ერთხელ ჰქონდა მოგებული. უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში „რუსთავმა“ 72:60 შეძლო „დინამოს“ დამარცხება.

ასპარეზობის ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „რუსთავის“ ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი დაასახელეს, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ასევე კარგად გაისარჯა მისი თანაგუნდელი, ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. დინამოელთა შორის საუკეთესო იყო მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე. იგი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მან 20 ქულისა და 11 მოხსნის მოგროვება შეძლო.

შეხვედრა საინტერესო და სანახაობრივად ლამაზი გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა პირველმა ნახევარმა, რომელიც ფრედ 25:25 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გადაწყდა. ქულა ქულაში მიმდინარე მატჩის ბედი აკაკი დვალიშვილის კარგმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც სამი მცდელობიდან სამივე სამქულიანი გამოიყენა და თანაგუნდელებს დაწინაურების საშუალება მისცა. რუსთაველებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მემორიალი მეექვსედ მოიგეს.

0.131609