ბლოგი

15:59 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესის ნაცვლად მარადონა რომ ყოფილიყო...

ლეო მესის დაუჩივლია, ბოლო დროს სულ გერმანიასთან წაგებული ფინალი მესიზმრება და ნამეტანი მიღრღნის სულს ის ავადსახსენებელი ფინალიო. უფრო ადრე, ანხელ დი მარიას უთქვამს, ფინალის წაგება ჩვენთვის უფლისგან მომავალი სასჯელი იყო, რადგან არგენტინელები საკუთარი თავის ხიბლში ვიყავით ჩავარდნილებიო. სულ რამდენიმე დღის წინ კი, მეკარე სერხიო რომერომ განაცხადა, ახლა კარგად ვხვდები, რატომაც წავიდა კარლოს როა ფეხბურთიდან და არგენტინის ნაკრების კარში დგომაზე მძიმე საქმე არ მეგულებაო.

ერთი სიტყვით, არგენტინელებს მუნდიალის ფინალში წაგება ვერა და ვერ მოუნელებიათ და არგენტინელი ფეხბურთელების საუბრებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის იგრძნობა დიდი დარდი და კაეშანი. არადა, როგორ გინდა არ იდარდო, როცა სანუკვარი თასი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო...

მთელს არგენტინაში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წაგებულ ფინალზე საუბარი არ ეზარება და ამით ერთგვარად ხალისობს კიდეც - დიეგო მარადონაა. დიეგოს ბოლო დროს სტატიების წერის სურვილმა წამოუარა და არგენტინული მედია აჭრებულია მარადონას გიჟურ-ჭკვიანური შეხედულებებითა და აზრებით. დიეგოს ლაყაფიდან ყველაზე ყურადსაღები ალბათ მაინც ლეო მესის მისამართით გამოთქმული არცთუ საამო ფრაზებია. მარადონამ მუნდიალზე მოთამაშე მესი არგენტინის ნაკლებ პატრიოტიზმში დაადანაშაულა და ისიც თქვა, რომ ლეო მესი ძალიან დიდი ფეხბურთელია, თუმცა ასეთი ფეხებზემკიდიაობა სამარცხვინოდ მიმაჩნიაო.

ალბათ გახსოვთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში პოპულარული ქართველი პოეტების წიგნები, როგორც წესი, ლენინზე დაწერილი სულელური ლექსებით იწყებოდა და მხოლოდ ასეთი ლექსების შემდეგ მოდიოდა ნორმალური ტექსტები. ეს იყო ერთგვარი ხარკის გადახდა რეჟიმისადმი, რომელიც პოეტებს ასეთი აბსურდების წერას ავალდებულებდა. არგენტინული სპორტული მედიაც დიეგო მარადონას ერთგვარად “ხარკს” უხდის და გაზეთებისა და ჟურნალების გარეკანებზე მარადონას სიფათს უფრო ხშირად შეხვდებით, ვიდრე მოქმედი ფეხბურთელებისას. ეს კარგია თუ არაა სწორი - რთული სათქმელია, მაგრამ სრულიად არგენტინამ “დიეგოიანეალობის” სენი რომ ვერ მოიშორა, ცხადია და როგორც ჭკვიანი ხალხი ამბობს, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ “ალბისელესტეს” უკანასკნელ პერიოდში არც ერთ ტურნირზე არ გაუმარჯვია.

და პაბლო რივიესი... იცით ვინაა პაბლო რივიესი? ერთი ნამეტანი ჭკვიანი კაცი ყოფილა, რომელიც არგენტინული ფეხბურთის ცოცხალ მეისტორიედ ითვლება. აუღია ხელში კალამი პაბლო ბაბუას, დამჯდარა და სულ მისხალ-მისხალ აღუწერია არგენტინული ფეხბურთის წარსული და აწმყო. მაგრამ დახეთ ფეხბურთის ქომაგების გაოცებას, როდესაც პაბლო რივიესის აღწერილობანში ლეო მესი საერთოდ არ ფიგურირებს. ზუსტად ასე - უბრალოდ საერთოდ არ ახსენა მესი და მორჩა! თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არასოდეს ყოფილიყოს. რივიესის თქმით, ესაა საზღაური ლეო მესის მუნდიალზე ინერტულობისა და იგი ამ ფეხბურთელის გვარს მანამდე არ ახსენებს, ვიდრე რაიმე რეალურ გამარჯვებას არ მოიპოვებს არგენტინის ნაკრებში.

ნამეტანი გაცვდა, მოძველდა და გადახუნდა ლეო მესისა და მარადონას შედარება და მსჯელობა იმაზე, რომელი უფრო კარგი ფეხბურთელია. ამ ყველაფერმა აქტუალურობა მუნდიალის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაკარგა, მაგრამ სულ ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ პრინციპში მარტივად წარმოსადგენი რამ - უკანასკნელი მუნდიალის ფინალში ლეო მესის ნაცვლად დიეგო მარადონა რომ ყოფილიყო, რა შეიძლება მომხდარიყო. სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ! სხვისი რა გითხრათ და მართლა მგონია, რომ არგენტინის ნაკრებს მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს მოაგებინებდა. მარადონა მართლა სულ სხვა იყო!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110848