ძიუდო

11:13 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ტოკიო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2014 წლის სეზონის დასრულებამდე ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი 5-7 დეკემბერს გასამართ ტოკიოს გრან სლემზე უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს. ამასთან, იაპონიაში ერთობლივ შეკრებაშიც ჩაერთვება. დეკემბრამდე კი საერთაშორისო შეჯიბრებები ქართველი ძიუდოისტების გარეშე ჩაივლის.

დღეს ტაშკენტში გრან პრი დაიწყო, რომელზეც წინასწარ განაცხადში სამი ქართველიც იყო შეყვანილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უზბეკეთში ნუგზარ ტატალაშვილის, ფრიდონ გიგანისა (ორივე 73 კგ) და ალექსანდრე მსხალაძის (100 კგ) გაშვებას გეგმავდა, მაგრამ ფინანსური პრობლემის გამო ვერ შეძლო. ფედერაციის წლიური ბიუჯეტი უკვე გახარჯულია. დამატებითი თანხის მოძიება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

ტაშკენტის გრან პრის გარდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აბუ დაბის გრან სლემს (31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი), ქინგდაოს გრან პრისა (19-21 ნოემბერი) და ჯეჯუს გრან პრის (27-29 ნოემბერი) გამოტოვებს.

0.130305