საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან მატჩის (98:90) შემდეგ ისაუბრა.
„უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ძალიან რთული მეტოქეა, ნამდვილად ძალიან რთული. მათ გაცილებით მეტი ტალანტი აქვთ, ვიდრე ხალხი აფასებს და, ვფიქრობ, ყველას დრო სჭირდება იმის გასაგებად, რომ ესპანეთის, საბერძნეთის და სხვა ძლიერი გუნდების დამარცხება მარტივი არ არის.
ვუყურეთ მათ წინა თამაშებს და ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. ამ გუნდს დაემატა დიდი მოთამაშეები - კეტა, რომლის შესაძლებლობებიც ვიცით, და ეს ახალგაზრდა ბიჭი, პრეი... ეს უკვე ამ გუნდის გაძლიერებაა. ასევე სხვა ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს საღამოს ძალიან რთული იყო. საბოლოოდ, მოვიფიქრეთ, როგორ უნდა გადავრჩენილიყავით და როგორ უნდა მოგვეგო. ამისთვის მადლობა ჩემს მოთამაშეებს. მაგალითად, შენგელია მოედანზე 40 წუთის განმავლობაში მყავდა. თუ ჩემი მთავარი კალათბურთელების სათამაშო წუთებს ნახავთ, ყველა მათგანმა ძალიან დიდი დრო გაატარა მოედანზე და დიდი ძალისხმევა გაიღო. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მოვიგეთ“, - თქვა ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრებს 8 ტურის შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, საბერძნეთს სტუმრად შეხვდება.







