დღეს, 28 აგვისტოს სტარტი აიღო ლოზანას გრანდ-სლემმა, სადაც საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.
პირველსავე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა მოახერხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე: უზბეკი მაისა პარდაევა, ფინელი პიჰლა მატიკაინენი, იტალიელი ჯულია კარნა და ფრანგი მართა ფავაზი დაამარცხა.
ეთერის მეტოქე ფინალში ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი სარა ლეონი სისიკი იქნება. ფინალური ბლოკო თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
გეტყვით, რომ ლოზანას გრანდ-სლემი ისტორიაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას 73 ქვეყნის 530 ძიუდოისტი იღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟთა ნაკრები - თორნიკე გიგაური -66 კგ, ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ, მიხეილ ბახბახაშვილი -73 კგ, გიორგი ლოლაძე -73 კგ, ზაურ დვალიშვილი -81 კგ, ლუკა ჯავახიშვილი -90 კგ, აკაკი ჯაფარიძე -90 კგ, ილია სულამანიძე -100 კგ, გურამ თუშიშვილი +100 კგ.
გოგონათა ნაკრები - ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ, ნინო ლოლაძე -57 კგ, ნინო გულბანი -70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ.







