იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მილანის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვაც გამოაქვეყნა.
"ადამიანის გარდაცვალების გამოცხადება, რომელიც „მილანის“ გულისა და სულის განსახიერება იყო, წარმოუდგენლად მძიმეა. თუმცა, კლუბის თითოეულმა წევრმა და ყველა "მილანის" გულშემატკივარმა ღირსეულად უნდა გააგრძელოს ფრანკო ბარეზის მემკვიდრეობა. ყველაზე მძიმე დროსაც კი უნდა ვიყოთ ძლიერები და მთელი ძალა მოვიკრიბოთ.
ფრანკო ჩვენგან სულ რამდენიმე თვეში წავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ საჯაროდ გამოჩნდა, სავსე „სან სიროზე“, მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
მილანის“ მთელი ისტორია ცრემლებშია ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო. მისი მაგალითი და ღირსება, ისევე როგორც მისი ლეგენდარული ნომერი 6, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ისა და მთელი მისი გზის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად. "მილანი“ ფრანკო ბარეზის მთელ ოჯახს გულწრფელ სამძიმარს უცხადებს.
ამ უმძიმეს დროს კლუბის სამძიმარი იგივეა, რასაც თითოეული "როსონერის“ გულშემატკივარი საკუთარ თავსაც უცხადებს, რადგან ამ დანაკარგს პირად ტკივილად განიცდის", - ნათქვამია "მილანის" განცხადებაში.
ბარეზიმ მთელი პროფესიონალური კარიერა „მილანში“ გაატარა. 1977-1997 წლებში მან კლუბის მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მოიგო ექვსი სკუდეტო, სამი ევროპის ჩემპიონთა თასი და მრავალი სხვა ტიტული. 15 წლის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ მისი ლეგენდარული მე-6 ნომერი კლუბმა სამუდამოდ გააუქმა.
იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1994 წლის მუნდიალზე გუნდს კაპიტნობდა. ბოლო წლებში ფრანკო ბარეზი „მილანის“ საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2025 წელს მას ფილტვის კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს გადიოდა.





