ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება „სლოვანს“ ძალიან სჭირდებოდა და გუნდის მებრძოლი ხასიათი მოეწონა:
„გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს იყო საოცარი მატჩი და შესანიშნავი დღე ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვისიამოვნეთ. ხანდახან გოლებს ვიტან, მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ეს საუკეთესო გრძნობაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ხშირად არ ხდება, რომ ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს იტანდეს... გოლი რომ გამაქვს, თანაგუნდელებინ ხუმრობენ და ეს ატმოსფეროს აუმჯობესებს. სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება, რომ გოლს ვიტან, მაგრამ ლამაზი გოლი გამოვიდა.
ვფიქრობ, ეს იყო რაღაც, რაც კლუბს ნამდვილად სჭირდებოდა, განსაკუთრებით ასეთ საღამოს, ასეთ ძლიერ მეტოქესთან. მგონია, რომ ეს სამი ქულა დაგვეხმარება კიდევ უფრო წინ წასვლაში, რადგან ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენი თამაშები კარგი არ იყო და ეს ჩვენც ვიცით. რაც დღეს ჩემთვის ყველაზე დადებითია - ეს არის, თუ როგორ გვინდოდა გამარჯვება: ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ყველა მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდა და ეს ის რაღაც იყო, რაც გვაკლდა და დღეს ისევ დავინახე მშიერი, მოტივირებული მოთამაშეები, რაც ძალიან მიხარია. ხასიათი, რაც გუნდს დღეს ჰქონდა, გამახსენდა ორი წლის წინანდელი პერიოდი, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვთამაშობდით. ძალიან ჰგავდა დღევანდელს, რადგან ყველა იბრძოდა, ყველა თითოეულ ორთაბრძოლაში გამარჯვებისთვის შედიოდა. შეიძლება ხარისხი იდეალური არ იყო, მაგრამ დამოკიდებულება და ხასიათი ჩანდა. ტაქტიკური დისციპლინა და ძალიან კარგი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. "სტრასბურთან" მატჩთან შედარებით, დიდ განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ახლა ორი გოლი გავიტანეთ.
როდესაც ასეთ საშინაო მატჩებს ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივარი ბოლომდე მხარს გვიჭერს. მიხარია მათთვის, რადგან ვიცი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმედგაცრუებულები იყვნენ. მაგრამ ჩვენ „სლოვანი“ ვართ, გვინდა ჩემპიონატის მოგება და კონფერენსლიგაზე, რაც შეიძლება შორს წასვლა. დღეს დავადასტურეთ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.
ვაისმა შესვენებაზე გვითხრა, რომ ზოგიერთი რამ უნდა გამოგვესწორებინა, განსაკუთრებით პრესინგის მხრივ. უკეთ უნდა შეგვეტია და მეტი პირადი დუელი უნდა მოგვეგო, რაც შევძელით კიდეც. ძალიან მაღალი ხარისხის მეტოქეს ვეთამაშეთ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის შუაშია. როდესაც ასეთ მეტოქეს ეთამაშები, უნდა ელოდო, რომ რამდენიმე მომენტი ექნება. მათ შეუძლიათ მომენტების შექმნა "რეალის" ან "ბარსელონას" წინააღმდეგაც“, - თქვა კაშიამ.
„სლოვანმა“ კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურის მატჩს კი სტუმრად „შკენდიასთან“ გამართავს.









