პრემიერლიგის მე-9 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ბრენტფორდმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
პირველი გოლი მართლაც ბრენტფორდული გამოდგა, მაიკლ კაიოდემ მარცხენა ფრთიდან აუტიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, სადაც მერსისაიდელთა დაცვამ მორიგი შეცდომა დაუშვა და ბურკინაფასოელმა დანგო უატარამ ყველას დაასწრო, უძლიერესი დარტმით გაგზავნა ბუთი კარში. გიორგი მამარდაშვილს ვერაფერს ვუსაყვედურებთ. ახლოდან ასეთი ძლიერი დარტყმის მოგერიება პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდთ.
შემდეგ კი მამარდამ შესანიშნავი მოგერიება შეასრულა, როცა 39-ე წუთზე დანიელმა მიკელ დამსგორმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ქართველმა კარის დარაჯმა ნახტომში ბურთი კუთხურზე გადააგდო.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „ბრენტფორდმა“ აჯობა „ლივერპულს“ სტუმრებს ხეირიანი მომენტიც არ ჰქონიათ. თუ ბოლო წუთებს არ ჩავთვლით.
45-ე წუთზე იმავე დამსგორმა შესანიშნავი პასით საკუთარი მოედნიდან მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კევინ შადე, რომელმაც აუღელვებლად შეაგდო. ამ შემთხვევაშიც მამარდაშვილის ბრალი არაფერი ყოფილა. აქაც მცველებმა ვერ მოასწრეს უკან დაბრუნება.
მალევე კი მილოშ კერკეზმა „ლივეპულის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა და ერთი ბურთი გაქვითა. ეს ეპიზოდი საჯარიმოში უგო ეკიტიკეს მახვილგონივრულ ქუსლურ პასს მოჰყვა.
შესვენების შემდეგ ვითარება დიდად არ შეცვლილა. 56-ე წუთზე დამსგორი მარჯვენა დაბალ კუთხეში ურტყამდა და მამარდამ მუშტით მოიგერია. ეფექტური ეპიზოდი გამოდგა.
მალე კი „ლივერპულის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა „მოიტანა.“ ბრაზილიელმა იგორ ტიაგომ ზუსტად დაარტყა, მამარდაშვილის მოძრაობას დაელოდა და კარის შუაში დაარტყა.
ბოლო წუთები სტუმრების იყო. სალაჰმა ეფექტური გოლიც გაიტანა. საბოლოოდ - 3:2 და „ლივერპულის ზედიზედ მეოთხე მარცხი მიმდინარე პრემიერლიგაში. მამარდაშვილს ჯამში ხუთი მოგერიება დაუგროვდა.
ახლა „ლივერპულს“ 15 ქულა დარჩა და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. „ბრენტფორდი“ მერსისაიდელებს ორი ქულით ჩამორჩება და მე-10 ადგილზე დგას.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-9 ტური. 25 ოქტომბერი: ნიუკასლი - ფულემი 2:1, ჩელსი - სანდერლედი 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი 4:2, ბრენტფორდი - ლივერპული 3:2.






