ბლოგი

17:41 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზიური ბუნდოვანება

21-ე საუკუნის აზიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზეც დასტურდება, რადგან ტელეტრანსლაციების რაოდენობითა და გაყიდული სპორტული ამუნიციის მხრივ, აზია სხვა კონტინენტებს კარგა ხანია რაც აღარ ჩამოუვარდება.

2002 წლის იაპონია-სამხრეთ კორეის მუნდიალი აზიური ფეხბურთისათვის უდავოდ გარდამტეხ მოვლენად უნდა განვიხილოთ, რადგან სპორტის უპირველესმა სახეობამ ამ მოვლენის შემდეგ აზიის ისეთ მიყრუებულ უბნებშიც კი შეაღწია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჯიუჯიცუს, სუმოსა და ძიუდოს გარდა პატივს არაფერს სცემდნენ. ამათ დაუმატეთ აზიის არაბული ნაწილი, სადაც განგებამ ბლომად ნავთობი გამოიმეტა და ნავთობიდან გამომდინარე, კლუბებში გაჩნდა ძირითადად ვეტერანი, თუმცა ცნობილი ფეხბურთელების მიწვევის ამბიცია.

ვის აღარ უთამაშია აზიის სხვა და სხვა ქვეყნის ლიგებში, რომელი ერთი დიდი ფეხბურთელი ჩამოითვლება?! თავიდან შეიქმნა წარმოდგენა, რომ მობერებული ლეგენდები აზიელი მომავალი ფეხბურთელებისათვის შთაგონების წყარო გახდებოდნენ და ეს მალე გამოიწვევდა ამ კონტინენტზე ფეხბურთის არნახულ აყვავებას. თუმცა, ეს მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. აზიური ფეხბურთი ნამდვილად ვითარდება და ამაზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში წარმატებულად მოთამაშე აზიელ ფეხბურთელთა ასპარეზობაც მეტყველებს, მაგრამ უცაბედი და მყისიერი განვითარება ნამდვილად არ მომხდარა და პროგრესის ეს ტემპი ბევრ გულშემატკივარს არ აკმაყოფილებს.

აზიაში ფეხბურთის განვითარების არცთუ სწრაფი ტემპების მიზეზი უწინარესად ალბათ ამ კონტინენტზე მცხოვრები ხალხების ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებაა. რაც იაპონიის ადგილობრივ “ჯეი ლიგაში“ ფული იხარჯება, იმის ნახევარი ევროპის რომელიმე პატარა საფეხბურთო ქვეყანაში რომ დახარჯულიყო, პროგრესის მაჩვენებელი ალბათ ბევრად მეტი იქნებოდა, მაგრამ ის, რასაც იაპონიაში ფეხბურთის მესვეურებმა მიაღწიეს, მაინც დიდად დასაფასებელია, რადგან მათ გაარღვიეს ტრადიციების შირმით მოსილი გაუცხოების კედელი და ბევრი იაპონელი მშობელი დააჯერეს, რომ მათი შვილების ფეხბურთზე შეყვანა იაპონიის მორალურ და კულტურულ დაკნინებას არ გამოიწვევდა. ჩაკეტილ საზოგადოებებში კი (რაც არ უნდა ღია და გახსნილი ეკონომიკა ჰქონდეს ქვეყანას) ასეთი გარღვევები უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

არაბულ ქვეყნებში პრობლემები სულ სხვა ტიპისაა. ჩვენს პლანეტაზე რთულად თუ მოიძებნება ფეხბურთზე არაბებზე მეტად შეყვარებული ხალხი. ყოველი საფეხბურთო მატჩი (ტელევიზორში თუ სტადიონზე) მათთვის ჭეშმარიტი ზეიმია. ამას ემატება ისიც, რომ როგორც უკვე ვთქვით, მათ ფული განგებამ და ნავთობმა მოჰმადლეს. აშენდა არნახული სილამაზისა და ხარისხის სტადიონები, მოეწყო ბავშვთა აკადემიები და გადამზადების ცენტრები, მაგრამ ხელშესახები წარმატებები ჯერ კიდევ არ ჩანს. როგორც ერთი ინგლისელი ჟურნალისტი წერს: “არაბებმა უბრალოდ გვიან შეიყვარეს ფეხბურთი და ახლა გადიან იმ გზას, რაც ევროპელებმა ერთი საუკუნის წინ გაიარეს“. თუმცა, მხოლოდ ესაა მიზეზი? იქნებ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

ზოგს მშრალი სტატისტიკა მოჰყავს მაგალითად, სტატისტიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ ისლამური სახელმწიფოებიდან თურქეთი (რომელიც პრაქტიკულად ევროპის ზონას მიეკუთვნება) ერთადერთია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალამდე რომ მიუღწევია, ხოლო სამხრეთ კორეა ერთადერთია, რომელმაც სუფთა აზიური ქვეყნებიდან მუნდიალის ანალოგიურ საფეხურს უწია. მთელი უცნაურობა ისაა, რომ 2002 წლის მუნდიალზე მესამე ადგილის მოსაპოვებლად გამართულ მატჩში სწორედ ეს გუნდები შეერკინნენ ერთმანეთს. იაპონია-კორეის მუნდიალი მართლაც ნამეტანი უცნაური ჩემპიონატი იყო...

და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ მოვესწრებით ოდესმე აზიური ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობას? ან ჩვენი შვილები მოესწრებიან? ამაზე მართლაც შეიძლება გრძელვადიანი ფსონის დადება. მით უმეტეს, რომ ამ კითხვებაზე პასუხის გაცემა ურთულესი ამბავია. ცხონებული ბულგარელი ბრმა ბებიაც სამწუხაროდ კარგა ხანია მიაბარეს მიწას, თორემ ის მაინც გვიწინასწარმეტყველებდა რამეს...

0.115167