ჩოგბურთი

4:40 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასმა აშშ-ის ღია მოიგო და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა

ესპანელმა თინეიჯერმა კარლოს ალკარასმა, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, ნორვეგიელი კასპერ რუუდი 6-4, 2-6, 7-6(1), 6-3 დაამარცხა და პირველად გახდა დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი. ამ მოგებით, ის განახლებულ რეიტინგში პირველ საფეხურზე გადაინაცვლებს.

19 წლის ალკარასი არის ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი 1973 წლის შემდეგ, რაც ჩოგბურთში რეიტინგების სისტემა შემოიღეს. აქამდე ეს საპატიო წოდება ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნოდა, ვინც 2001 წელს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი 20 წლის ასაკში გახდა.

მოგების შემთხვევაში, რეიტინგს სათავეში რუუდიც მოექცეოდა. ის გახდებოდა პირველი ნორვეგიელი, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს მიიღებდა. მაგრამ ისევე როგორც საფრანგეთის ღია პირველობაზე, ნიუ იორკშიც ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

კვირის ფინლი იყო პირველი ATP-ს ისტორიაში, როდესაც კორტის ორივე მხარეს მდგარ ჩოგბურთელებს, დიდი სლემის პირველი ტიტული უნდა მოეგოთ და ორივეს რეიტინგის პირველი საფეხურის დაკავება შეეძლო.

„ყოველთვის ვამბობ, რომ დიდი სლემის ტურნირზე თამაშისას, დაღლის დრო არ გაქვს. თუ მიზნის მიღწევა გინდა, მაშინ ყველაფერი უნდა გაიღო, რაც შეგიძლია“, - განაცხადა ალკარასმა.

„ცუდი არც რეიტინგის მეორე საფეხურზე ყოფნაა. დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ და ყველაფერს ვიღონებ, რათა პირველი ჩოგანი გავხდე“, - განაცხადა რუუდმა.

ალკარასმა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა ბრეიკი და პირველი სეტის მოგება არც გასჭირვებია. მაგრამ მეორე სეტში, მოწოდბაზე შეცდმებს უხშირა. რუუდმა კი უკეთ თამაში დაიწყო და ასევე იოლად შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

მესამე სეტის პირველივე გეიმში ესპანელმა ისევ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება. მაგრამ რუუდმა მალევე უპასუხა და გარდა ამისა, მეტოქეს ერთი ბრეიკ პოინტის გამოყენების საშუალებაც არ მისცა. უფრო მეტიც, ბოლო გეიმში ორი სეტ პოინტიც მიიღო, თუმცა ამჯერად ალკარასმა ივაჟკაცა და ორივე გაქვითა. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც ესპანელმა უკეთ ითამაშა, ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და სეტებში 2-1 დაწინაურდა.

მეოთხე სეტში ალკარასმა ძლიერი დარტყმებით დაღალა მეტოქე და მატჩ პოინტზე შესანიშნავი მოწოდების შესრულებით მიაღწია გამარჯვებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115873