დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი სეზონი დასრულდა. დღეს ქვედა ექვსეულის გუნდებმა მეორე ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები გამართეს.
ბოლო ტურამდე უკვე გარკვეული იყო, რომ დიდი 10-ის მომავალ სეზონში, რომელშიც 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რუსთავის ‘ხარები’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ ითამაშებენ, ქუთაისის ‘არესი’ კი მისი საგზურისთვის ‘არმიასთან’ გამართავს ორრაუნდიან რკენას. პირველ ლიგაში დაქვეითდნენ პატარძეულის ‘ვეფხვები’, მარნეულის ‘არმაზი’ და გორის ‘ჯიქი’.
ხარები 47:7 არესი
დასკვნით ტურში, რუსთავში ‘ხარებმა’ ‘არესს’ 7 ლელო გაუტანა და 47:7 დაამარცხა. მასპინძელთაგან ორი ლელო ლევან ნარიმანიძემ გაიტანა, რომელიც საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, თითო ლელო კი გიორგი ნარიმანიძეს, გიორგი კოშაძეს, გიგა ქვლივიძეს, ბექა ბებიაშვილის და ანდრო ღარიბაშვილის ანგარიშზეა. ვაჟა ხუციშვილმა ხუთი, ხოლო გიორგი პეტრიაშვილმა ერთი გარდასახვა შეასრულა. ქუთაისელთა საპასუხო ლელო გიორგი ტორაძის ანგარიშზეა და ის თემურ კვიცარიამ გარდასახა.
ამ შეხვედრით მოთამაშის კარიერა დაასრულა 37 წლის კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა, რომელმაც 2006-2015 წლებში ბორჯღალოსნების რიგებში 40 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა! 2011-13 წლებში თამაშობდა ტოპ 14-ის ‘ბრივში’, 2015-2016 იასპარეზა ‘კლერმონის’ და ‘ტულონის’ რიგებში. 2016-ში რუმინეთში, ‘ბაია მარეს’ რიგებში ირიცხებოდა, ხოლო კარიერის ბოლო რამდენიმე სეზონი მშობლიურ რუსთავის ‘ხარებში’ გაატარა.
არმაზი 10:45 ვეფხვები
მარნეულის ‘არმაზმა’ პატარძეულის ‘ვეფხვები’ „შევარდენზე“ მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ 10:7 დაწინაურდა. ანგარიში მატჩის დებიუტში ოთარ მეტრეველმა ჯარიმით გახსნა, შესვენების წინ კი ავთო გოგიაშვილის ლელო გარდასახა. სტუმართა ლელო 30-ე წუთზე გიორგი ზუკაკიშვილმა გაიტანა და შმაგი სუხაშვილმა გარდასახა. შესვენების შემდეგ ‘ვეფხვებმა’ ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა და 45:10 გაიმარჯვა. სამი ლელო მატჩის საუკეთესო მოთამაშის, ოთო ზუკაკიშვილის ანგარიშზეა, გიორგი ლაფერიშვილმა, ბექა არველაძემ და დაჩი ელერდაშვილმა კი თითო ლელო გაიტანეს. მურთაზ ჩიხლაძემ ოთხი გარდასახა.
ლელო-სარასენსი 113:0 ჯიქი
თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ გორის ‘ჯიქს’ 17 ლელო გაუტანა და 113:0 დაამარცხა. მატჩი შეთანხმების საფუძველზე 70 წუთს გაგრძელდა. ლელოები 16-მა მოთამაშემ გაიტანა – კოლოტაური, ქათამაძე, იაშაღაშვილი, კოროშინაძე, ბაგაშვილი, ქობალია (2), ზღუდაძე, არჩვაძე, ეფრემიძე, ს. ჯღარკავა, კურტანიძე, გ. ჯღარკავა, გველესიანი, აბულაშვილი, ტერენტიევი, მაისურაძე. არჩილ იაშაღაშვილმა 14 გარდასახა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საბა ჯღარკავა გახდა.