ბლოგი

11:05 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეგობრის წერილი

როგორ ხარ ბიჭო. ბოდიში, ბოლო დროს ვეღარ ვიცლი მოსაწერად. არადა ადრე უცხოეთში წასული კაცთან დაკავშირება ეგრე ადვილი აბა როგორ იყო... მარა აი ხომ ხედავ, მაინც ვერ ვწერთ ერთმანეთს ხშირად. მე ძველებურად ვარ. იმ ავტოსადგომზე აღარ ვმუშაობ. მაღაზიაში გაიჩითა უფრო კარგი ადგილი და იქ ვარ ახლა. მაგარი ცივი ქალაქი კია ეს ტურინი. სულ ძვლებში ატანს ხოლმე ყინვა. ახლა მაგრად მეცინება თბილისურ ყინვაზე რომ ვწუწუნებდი ხოლმე.

გუშინ “იუვეს” თამაშზე ვიყავი და სულ შენ გახსენებდი. რამდენჯერ გვიოცნებია “იუვენტუსის” თამაშის ცოცხლად ცქერაზე ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა “იუვე” “დელე ალპიზე” თამაშობდა. ალბათ ნახავდი მაგ თამაშს ტელევიზორში. საცოდავი “პარმა” რა დღეში ჩავაგდეთ ეგეც გეცოდინება მაშინ, მაგრამ ტევესის გოლი მართლა ძალიან მაგარი რამე იყო და სულ იმას ვამბობდი, იქ ტრიბუნაზე ჩემს გევრდით რო ყოფილიყავი რა მაგარი ემოციები და ამბავი იქნებოდა.

“პარმა” მაგრად შემეცოდა. გახსოვს ერთ დროს რა მაგარი გუნდი იყო? რა ბიჭები ყავდათ? მთელი იტალიის ნაკრები სულ მაგ გუნდის დაზრდილები იყვნენ მაგრამ უფულობის დედა რომ ვატირე. შეექმნა ფინანსური პრობლემები და აგერ გუნდის მაგივრად რაღაცა უბედურებაა. უფულობის გამოა მეც აქ რომ ვარ, თორემ რა მინდა ამ გაყინულ ტურინში?

ერთ აქაურს ვუყვებოდი ამასწინათ შენზე და არ სჯეროდა. ამათ ჰგონიათ, რაკი “იუვენტუსი” იტალიური გუნდია, საქართველოში “იუვეს” მაგარი ფანები არ ჰყავს. ის მოვუყევი, მამაშენმა სულ ახალი ველოსიპედი რომ გიყიდა ბავშვობაში და ვიღაც თემქელს “იუვეს” ძველ, ვარდისფერ ფორმაში რომ გაუცვალე. აუ საწყალი მამაშენი, ტო. მახხოვს, გადაირია კაცი. მაშინ ახალი ველოსიპედის “დათრევა” ეგრე ადვილი ამბავი კი არ იყო. გიყიდა კაცმა, გაიჭირვა და შენ კიდე “იუვეს” გაქუცული “მაიკა” არჩიე...

არა რა... ნეტა მართლა ერთად გვენახა ტევესის ის მაგარი გოლი. აქ ვიღაცეები ამბობენ, მარადონამ რომ გაუტანა ინგლისს - იმ გოლზე მაგარი ეს იყოო. მთლად ეგეთი მაგარი გოლიც ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ადრე ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რომ ოდესმე ჩემი თვალით ვნახავდი “იუვე”-“პარმას” თამაშს და თან გამიმართლებდა და ასეთ ისტორიულ გოლსაც ვუყურებდი. მაგარი კი იყო, მაგრამ აბა ვის უნდა გაუზიარო? იტალიური ენა ხომ კარგად დავამხეცე, მაგრამ როგორც იმ ძველ იტალიურ ფილმშია, როცა ფეხბურთია, სწორედ მაშინ მიტევს ხოლმე ნაციონალური მუღამები. თამაშში (მნიშვნელობა არა აქვს, ვინც გინდა თამაშობდეს) გოლი რომ გადის და მთელი ხმით ქართულად ყვირიხარ, ყველა გაოცებული გიყურებს. აი მაგ დროს “ტეხავს” ყველაზე ძალიან, რომ ხვდები სხვა ქვეყნის კაცი ხარ და ფეხბურთის ცქერის დროსაც კი სხვა ხარ. თორე განა რამე... ზოგიერთები კი წუწუნებენ (უფრო მეტად ოჯახში მომუშავე ქართველი ქალები) იტალიელები ცუდი ხალხიაო, მაგრამ მე ძმაო დამეფიცება, რო კარგის მეტი ამათგან არაფერი მინახავს. ახლა თან რომ არავინ გადაგყვება “იასნია”. უცხო კაცი უცხო ქვეყანაში ჩასულხარ და შენზე მზე და მთვარე თუ არ ამოუვათ, რა მოხდა მერე...

აბა წავედი მე და შენც მომწერე ხოლმე მანდაური ამბები. შენი ბიჭი ალბათ უკვე დიდი იქნება. რავი, მეც მინდა ცოლის მოყვანა. რომ ჩამოვალ, მანდ ვიფიქრებ ცოლზე. მთავარია, ცოტა ფული მოვაგროვო და საქართველოში რამე საქმე დავიწყო. აქ ძმაო ფეხბურთის სანახავად უნდა ჩამოდიოდეს კაცი. კარგ, ხოშიან გრაპასაც მისცხებს და დაბრუნდება უკან. შენც უფულობის გამო არ წვალობ მანდ მაგდენს... ისევ მანდ წვალება მირჩევნია... აბა, დროებით ძმაო.

0.118941