სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

21:38 | 3.01.2018 | ნანახია 3281 - ჯერ

ზამთრის ყველაზე წარმატებული ტრანსფერები

ტრანსფერები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ხმაურიანი და წარმატებული ტრანსფერები ძირითადად ზაფხულში იჩარხება, ეს ბუნებრივიცაა, რადგან კლუბებს ამისთვის დიდი დრო აქვთ – 3 თვე.

თუმცა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდიც არაა ინტერესს მოკლებული. მართალია, ციებ-ცხელება მხოლოდ 1 თვე, იანვარში გრძელდება და გუნდებიც ამ პერიოდში ხმაურიან გარიგებებს ერიდებიან, მაგრამ ხშირად საინტერესო ტრანსფერების მომსწრენი მაინც ვხვდებით.

გთავაზობთ, ზამთარში გაჩარხულ 10 ტრანსფერს, რომელმაც სრულად გაამართლა:

იააპ სტამი (“ვილემ II-დან” პსვ-ში 1996 წელი)

პსვ ეინდჰოვენი იააპ სტამით ექვსი თვით ადრე დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ საწადელს 1996 წლის იანვარში მიაღწია და 23 წლის მცველი “ვილემ II-დან” შეიძინა. სტამმა “ფილიპს არენაზე” პირველი სეზონში ჰოლანდიის თასი მოიგო, მომდევნო წელს ჩემპიონი გახდა, ხოლო 1998 წელს “მანჩესტერ იუნაიტედს” 18 მილიონ ევროდ შეუერთდა და იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

დეიან სტანკოვიჩი (“ლაციოდან” “ინტერში” 2004 წელი)

ფინანსური პრობლემების მქონე “ლაციოს” არ შეეძლო უარით გაესტუმრებინა “ინტერის” წინადადება, რომელიც 4 მილიონ ევროსა და ბონუსებს მოიცავდა. შედეგად, 2004 წლის იანვარში გუნდის ლიდერი დეიან სტანკოვიჩი “ინტერში” გაასხვისა. სერბი “ნერაძურის” ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა.

ნემანია ვიდიჩი (“სპარტაკიდან” “მანჩესტერში” 2006 წელი)

სერ ალექს ფერიუსონმა “ლივერპულისა” და “ფიორენტინას” კონკურენციაში გაიმარჯვა და მოსკოვის “სპარტაკიდან” “მანჩესტერს” ნემანია ვიდიჩი შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად 2005 წლის 25 დეკემბერს დადასტურდა, ხოლო სერბი ინგლისში 2006 წლის 5 იანვარს ჩავიდა. ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დაცვის წყვილი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

აღსანინავია, რომ იმავე სატრანსფერო პერიოდში “წითელმა ეშმაკებმა” კიდევ ერთი სახელოვანი ფეხბურთელი, პატრის ევრა გაიფორმეს, რომელმაც ვიდიჩზე არანაკლები კვალი დატოვა “ოლდ ტრაფორდზე”.

კლაას-იან ჰუნტელაარი (“ჰერენვეენიდან” “აიაქსში” 2006 წელი)

იმედის მომცემი ჰოლანდიელი ფორვარდი მოკრძალებული “ჰერენვეენიდან” “აიაქსში” 2006 წლის იანვარში 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა. კლაასმა იმედები გაამართლა და “ამსტერდამ არენაზე” არასრულ სამ სეზონში 136-ჯერ ითამაშა და 105 გოლი გაიტანა. შედეგად, “რეალმა” “აიაქსს” 27 მილიონი ევრო გადაუხადა 2008 წელს.

მარსელო (“ფლუმინენსედან” “რეალში” 2007 წელი)

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა მცველი “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია, რომელიც 2007 წლის იანვარში განხორციელდა. მაშინ “სამეფო კლუბს” რამონ კალდერონი პრეზიდენტობდა. მარსელო იმთავითვე ლეგენდარული რობერტო კარლოსის მემკვიდრედ მიიჩნეოდა და შეიძლება ითქვას, გაცემული ავანსები გაამართლა. იმავე ზამთარში “რეალმა” “რივერ პლეიტიდან” გონსალო იგუაინი შეიძინა.

ანდრეა ბარძალი (“ვოლფსბურგიდან” “იუვენტუსში” 2011 წელი)

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეა ბარძალი უკვე ყველას ჩამოწერილი ჰყავდა. 29 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსმა” გერმანული “ვოლფსბურგიდან”, სადაც განაცხადშიც კი იშვიათად ხვდებოდა, სულ რაღაც 300 ათას ევროდ შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად 2011 წლის 26 იანვარს დადასტურდა. ბარძალის “იუვეში” ახალი სუნთქვა გაეხსნა და დღემდე გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად კი შექმნა სახელოვანი დაცვის ხაზი – BBჩ.

ლუის სუარესი (“აიაქსიდან” “ლივერპულში” 2011 წელი)

მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” “ჩელსიდან” ფერნანდო ტორესის სანაცვლოდ 57.5 მილიონი ევრო მიიღო, დიდი დრო არ დაუხარჯავს, რომ მისი შემცვლელები მოეყვანა. ენდი ქეროლის სანაცვლოდ “წითლებმა” 40 მილიონი გაიღეს, ხოლო ლუის სუარესი “აიაქსიდან” მხოლოდ 26.5 მილიონად დაიმატეს.

ქეროლიში გადახდილი თანხა წყალში გადაყრილი გამოდგა, მაგრამ ურუგვაელი “ენფილდ როუდს” დიდებულად მოერგო და გუნდის ლიდერად იქცა. 2014წელს “ლივერპული” სუარესის გოლებით ძალზე ახლოს ნანატრ ჩემპიონობასთან. საბოლოოდ, 133 მატჩისა და 82 გოლის შემდეგ (31 გოლი 2013-2014 წლების სეზონში), სუარესი 2014 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” 82.3 მილიონ ევროდ გადავიდა.

ივან რაკიტიჩი (“შალკედან” “სევილიაში” 2011 წელი)

ივან რაკიტიჩი “შალკედან” “სევილიას” 2011 წლის 28 იანვარს 2.5 მილიონ ევროდ შეუერთდა. ხორვატი “სანჩეს პისხუანზე” ჩინებულად ათამაშდა და გრანდების ინტერესი მალევე მიიპყრო. 2014 წელს “ბარსელონაში” გადაბარგდა.

ხუანფრანი (“ოსასუნადან” “ატლეტიკოში” 2011 წელი)

ხუანფრანის კარიერა მადრიდის “რეალიდან” დაიწყო, მაგრამ “სამეფო კლუბში” ფეხი ვერ მოიკიდა. “ოსასუნაში” კარგი თამაშის შემდეგ მან “ატლეტიკოს” ყურადღება მიიქცია და “ვისენტე კალდერონზე” 2011 წლის 11 იანვარს აღმოჩნდა. ხუანფრანი “როხიბლანკოს” ჩინებულად მოერგო და ევროპაში გამორჩეულ მარჯვენა მცველად იქცა.

ნემანია მატიჩი (“ჩელსიდან” “ბენფიკაში” 2011 წელი)

ნემანია მატიჩი “ჩელსის” 2009 წელს შეუერთდა, მაგრამ ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა და საბოლოოდ ყველაფერი “ბენფიკაში” ტრანსფერით დასრულდა. ეს 2011 წლის 31 იანვარს მოხდა. მატიჩი “და ლუჟზე” ჩინებულად ათამაშდა და 2014 წელს “ჩელსიში” მოუწია დაბრუნება. გასულ ზაფხულს კი “მანჩესტერის” რიგებში გადაინაცვლა.

...2018 წელი. ვნახოთ, 2018 წლის იანვრის სატრასფერო ფანჯარა გახსნილია და საინტერესოა, რა გარიგებებსა და გადაადგილებებს შემოგვთავაზებენ საფეხბურთო კლუბები. ამისთვის მათ ერთი თვე აქვთ...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:03 | 04.01.2018
gogssi (3289)

კოუტინიო ოქნება

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.062632