ავტოსპორტი

22:51 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსომ „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ფერნანდო ალონსომ გამოაცხადა, რომ „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააგრძელა. ამგვარად, დასრულდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ირგვლივ აგორებული ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოს, ის თავისი ფორმულა 1-ის კარიერის დასრულებას აპირებდა. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი სეზონით გაახანგრძლივა უოკინგელებთან კონტრაქტი, თუმცა კიდევ ერთხელ თქვა, რომ თავის ფ1-ის კარიერას „მაკლარენში“ დაასრულებს.

ახალი კონტრაქტის დეტალები არც ბრიტანულ გუნდს გამოუქვეყნებია. თუმცა მის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტი „მრავალწლიანია“. თქმა არ უნდა, ალონსოს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ფაქტორმა იქონია, რომ „მაკლარენმა“ უარი თქვა „ჰონდას“ ძრავებზე და „რენოს“ კლიენტი გახდა. ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ „მაკლარენი“ კვლავ დაუბრუნდება მოწინავეთა რიგებს.

„მაკლარენის“ შეფი ზაკ ბრაუნი ამბობს, რომ ალონსოს ახალი კონტრაქტი იმის საშუალებას იძლევა, რომ ალონსომ სეზონის განმავლობაში, სხვა სერიებშიც შეძლოს ასპარეზობა. იგულისხმება ინდი 500 და ლე მანის 24-საათიანი რბოლა. თუმცა ალონსო ამბობს, რომ მომავალ სეზონში ინდი 500-ზე არ გამოვა.

ბრაუნი აღიარებს, რომ ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რათა ალონსომ სხვაგან გადასვლა არ მოისურვოს. გუნდი მზადაა, მას ყველა სურვილი შეუსრულოს, ოღონდაც ესპანელი თავისთან შეინარჩუნოს. „ჩვენ ყველანაირი კომპრომისის განხილვაზე თანახმა ვიქნებით“, - ამბობს ბრაუნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.759218