ძიუდო

17:12 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს ფინალურ ბლოკამდე ასაკი და გამოცდილება დააკლდათ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოსს ჩემპიონატის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა. საქმეში ხუთი ქართველი სპორტსმენი ჩაება და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ხუთივემ დილის პროგრამაშივე დაკარგა.

ვაჟთა შორის, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორი ლუკა მაისურაძე და ტრისტან მოსახლიშვილი გავიდნენ. მაისურაძემ შეჯიბრება კუბელი იასელ ბაეზა დიასის ვაზარით ძლევით გახსნა. მეორე მეტოქეს – ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს 2 წუთსა და 56 წამში მოუმთავრა საქმე. მერვედფინალში კი ბელგიელ მატიას კასესთან უილეთო შეხვედრაში, "ოქროს დროში” მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.

მოსახლიშვილმა პირველი მოწინააღმდეგე – ლიბანელი ანდრეას მეჩლები 12 წამში ჩამოიშორა, მაგრამ ბრიტანელ სტიუარტ მაკოუტთან პირველ დამატებულ წუთზე შებოჭვაზე მოჰყვა.

90 კილოგრამში მოჭიდავე იმედა გოგოლაძემ პირველსავე წრეში, ორი ვაზარით დამარცხდა უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვთან. ამავე წონაში, ჭაბუკთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ჩიქოვანი ჩემპიონატს დომინიკის ნაკრების წევრ რობერტ ფლორენტინოსთან ვაზარით წაგებით გამოეთიშა. ამ შეხვედრამდე ჩიქოვანმა ლიხტენშტაინელი რაფაელ შვენდინგერის სუფთად ძლევა მოასწრო.

დღესვე, მსოფლიოს კონკურენციაში კადეტთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი მარიამ ჭანტურიაც (63 კგ) ჩაება და მონღოლი სარუულ ოტგონბაიარი წუთსა და 20 წამში დაანარცხა ბეჭებზე ეფექტური ბრუნით. შემდეგ კი ახალგაზრდებში ევროპის 2-გზის ჩემპიონს - ჰოლანდიელ სანე ვერმეერს დაეჭიდა და იპონით დამარცხდა.

დღეს ნაჭიდავები ქართველი ძიუდოისტები 21-წლამდელთა შორის ამ რანგის ტურნირზე პირველად გამოვიდნენ და წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გამოცდილების ნაკლებობა უნდა იყოს. მარიამ ჭანტურია 17 წლისაა, გიორგი ჩიქოვანი – 18 წლის, ხოლო ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი და იმედა გოგოლაძე – 19-ის.

მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იჭიდავებენ.

0.11468