ისტორია

9:55 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

20 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1961. დაიბადა იან ჯეიმს რაში. უელსის ნაკრების (1980-96), “ლივერპულის” (1980-87, 1988-96), “იუვენტუსის” (1987-88), “ლიდსის” (1996-97), “ნიუკასლის” (1997-98), “რექსჰემის” (1998-99), “სიდნეი ოლიმპიკის” (1999-2000) ფორვარდი. უელსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. უელსის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 28 გოლი. 1981 და 1984 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1982, 1983, 1984, 1986 და 1990 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1986, 1989 და 1992 წლებში კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. 1981, 1982, 1983, 1984 და 1985 წლებში მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. ინგლისის, იტალიის, ავსტრალიის ლიგებში ჩაატარა 603 მატჩი, გაიტანა 254 გოლი. 1984 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905. თურქეთის ქალაქ სტამბოლში სტუდენტთა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბი “გალათასარაი” დააარსა. “გალა” თურქეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. იგი 19-ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი და 14-ჯერ ფლობდა ეროვნულ თასს. 2000 წელს “გალათასარაიმ” უეფას თასის ფინალში პენალტების სერიით ლონდონის “არსენალი” დაამარცხა და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

1910. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ალკმაარი”. გუნდი ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონია, მისი მოთამაშე მწვრთნელი კი შოთა არველაძე იყო.

1912. ფინელმა სტაიერმა ჰანს კოლემაინენმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:29.39).

1944. თბილისის “დინამომ” პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა საზღვარგარეთ. გუნდმა თეირანში ირანის ნაკრებს 5:1 მოუგო. “დინამოელებმა” პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, გოლები კი ბორის პაიჭაძემ (2), ავთანდილ ღოღობერიძემ (2) და გაიოზ ჯეჯელავამ გაიტანეს. “დინამო”: შუდრა, სალდაძე, ფროლოვი, კიკნაძე, ბერძენიშვილი, გაგუა, ჯეჯელავა, პანიუკოვი, პაიჭაძე, ღოღობერიძე, ხარბედია.

1946. თბილისის “დინამომ” საკავშირო თასის ფინალში, დამატებით დროში მოსკოვის “სპარტაკთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები ავთანდილ ღოღობერიძემ და გიორგი ანთაძემ გაიტანეს.

1965. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რიგით მეცხრამეტე “ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩატარდა. მონრეალში, ადგილობრივმა “კანადიენსმა” “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებთან 2:5 წააგო.

1968. ეთიოპიელმა სტაიერმა მამო ვოლდემ რიგით მეთექვსმეტე ოლიმპიური მარათონული გარბენი მოიგო (2:20.26).

1968. ამერიკელმა მძლეოსანმა დიკ ფოსბერიმ სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი მეხიკოში 2 მეტრსა და 24 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაახტა. ფოსბერიმ ხტომაში ახალი სტილი დაამკვიდრა, რომელსაც მოგვიანებით “ფოსბერი ფლოპი” ეწოდა.

1971. ევროთასების ისტორიაში პირველად ჩატარდა მატჩი, რომლის შედეგიც მოგვიანებით გაუქმდა. ჩემპიონთა თასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” მილანის “ინტერს” 7:1 მოუგო. იტალიელებმა შეხვედრა გააპროტესტეს, რადგან პირველ ტაიმში (ანგარიში 2:1 იყო) ტრიბუნიდან ნასროლი ლუდის ქილა სტუმართა ფორვარდ რობერტო ბონინსენიას თავში მოხვდა. გადათამაშება დასავლეთ ბერლინში 1-ელ დეკემბერს ჩატარდა და იგი 0:0 დასრულდა. მანამდე კი გუნდებმა 3 ნოემბერს განმეორებითი მატჩი ჩაატარეს, რომელიც “ინტერმა” 4:2 მოიგო (ერთი გოლი ბონინსენიას ანგარიშზეა). იმ გათამაშებაში “ინტერმა” ფინალამდე გააღწია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იოჰან კრუიფის 2 გოლით ამსტერდამის “აიაქსთან” 0:2 დამარცხდა.

1976. თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მტკ-სთან 1:4 წააგო. შეხვედრა თბილისის “დინამოს” სტადიონზე ჩატარდა და მას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამოელთაგან” ერთადერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა. “დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, კოპალეიშვილი, მ. მაჩაიძე, ქორიძე, ჩელებაძე (დვალიშვილი), დარასელია, წერეთელი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1976. თავის მეთექვსმეტე დაბადების დღემდე 10 დღით ადრე “არგენტინოს ხუნიორსში” დებიუტი ჰქონდა დიეგო არმანდო მარადონას.

1977. თბილისის “დინამომ” უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში დანიაში “ბკ კოპენჰაგენს” 4:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე ჩივაძემ, დავით ყიფიანმა, რევაზ ჩელებაძემ და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე (ჩელებაძე), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი (შენგელია), დარასელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1979. ჯონ ტეიტმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერი კოეცი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1981. ნიუ ჯერსის “მიდოულენდს არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით, პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივი “ნეთსი” “ნიუ იორკ ნიკზთან” 99:103 დამარცხდა.

1982. მოსკოვში, “სპარტაკსა” და ჰოლანდიური “ჰაარლემის” საუეფასთასო შეხვედრის დასრულებული მატჩის შემდეგ ტრიბუნაზე მომხდარ ჭყლეტას 66 გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა.

2007. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს, ხულიო გრონდონა, რომელიც მაშინ 76 წლის იყო.

2007. რაგბიში მსოფლიოს თასის ფინალში სამხრეთ აფრიკამ იმგლისი 15:6 დაამარცხა და 1995 წლიდან მოყოლებული პირველად გაიმარჯვა აღნიშნულ ტურნირში. 2007 წლის მსოფლიოს თასის ფინალი პარიზის “სენ დენიზე” ჩატარდა.

2010. რაულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში თელ ავივის “ჰაპოელს” 2 ბურთი გაუტანა (მატჩი “შალკემ” 3:1 მოიგო) და ევროთასებზე გატანილ გოლთა რეკორდი დაამყარა. რაულს მადრიდის “რეალისა” და “შალკეს” რიგებში გამოსვლისას 70 საევროთასო ბურთი დაუგროვდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1926. ურსულა ჰაპე. გერმანელი მოცურავე. გულაღმა ცურვაში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1948. ანდრეი სურაიკინი. ციგურებით ფიგურულ სრიალში 1972 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

1949. ვალერი ბორზოვი. ლეგენდარული უკრაინელი სპრინტერი. 100 და 200 მეტრზე რბენაში მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 100 მეტრსა და ამავე დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე გარბენაში. 1991-98 წლებში იყო უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

1949. უეინ კოლეტი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1961. იან ჯეიმს რაში. უელსის ნაკრების (1980-96), “ლივერპულის” (1980-87, 1988-96), “იუვენტუსის” (1987-88), “ლიდსის” (1996-97), “ნიუკასლის” (1997-98), “რექსჰემის” (1998-99), “სიდნეი ოლიმპიკის” (1999-2000) ფორვარდი. უელსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. უელსის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 28 გოლი. 1981 და 1984 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1982, 1983, 1984, 1986 და 1990 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1986, 1989 და 1992 წლებში კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. 1981, 1982, 1983, 1984 და 1985 წლებში მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. ინგლისის, იტალიის, ავსტრალიის ლიგებში ჩაატარა 603 მატჩი, გაიტანა 254 გოლი. 1984 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.

1965. მიხაილ შტალენკოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “ფლორიდა პანტერზის” გოლკიპერი.

1973. სკოტ გუდმანი. ავსტრალიელი მოცურავე. ბატერფლაის სტილით 200 მეტრ გაცურვაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120217