ისტორია

9:19 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

19 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1921 – დაიბადა გუნარ ნორდალი. შვედეთის ნაკრების, “ნორჩეპინგის”, “მილანისა” და “რომას” ფორვარდი. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ოლიმპიურ ტურნირზე გახდა საუკეთესო ბომბარდირი. შვედეთის ეროვნული ნაკრების 33 მატჩში გაიტანა 44 გოლი. შვედეთის ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. შვედეთის ჩემპიონატების 172 მატჩში გაიტანა 149 გოლი. ორჯერ გახდა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. 1949 წელს გადავიდა “მილანში” (ამის შემდეგ ნორდალს შვედეთის ნაკრებში თამაში აეკრძალა, რადგან სკანდინავთა ეროვნულ გუნდში იმხანად მხოლოდ მოყვარული ფეხბურთელები გამოდიოდნენ), სადაც თანამემამულეებთან, გრენსა და ლინდჰოლმთან ერთად ფორვარდთა ტრიოს ქმნიდა, რომელსაც “გრენოლი” შეარქვეს. ნორდალი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1951, 1955), ორჯერ კი “კოპა ლათინას” ფლობდა. გუნარ ნორდალი 210 გოლით “მილანის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ორი სეზონი გაატარა “რომაში”. გუნარ ნორდალი ხუთჯერ იყო იტალიის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი. იტალიის პირველობების 291 მატჩში გატანილი აქვს 225 გოლი. ამ მაჩვენებლით ნორდალს მხოლოდ სილვიო პიოლა უსწრებს. ოთხჯერ იყო შვეციის, ხუთჯერ კი იტალიის პირველობის საუკეთესო გოლეადორი. შვეციისა და იტალიის ჩემპიონატების 504 მატჩში გაიტანა 404 გოლი. გუნარ ნორდალი 1995 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1873 - ჩატარდა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის პირველი მატჩი. ერთმანეთს “რენტინი” და “სელტიკი” შეხვდნენ. ასპარეზობა “რენტინის” მოგებით დასრულდა (3:0).

1901 - პრაღის ლუდხანა “ზლატე ვაჰიში” დაარსდა ჩეხიის (ჩეხოსლოვაკიის) საფეხბურთო კავშირი. ორგანიზაციის დამფუძნებლები 16 ჩეხური კლუბის წარმომადგენლები იყვნენ, პირველ პრეზიდენტად კი პრაღის “სლავიას” კაპიტანი კარელ ფრეი აირჩიეს. ჩეხოსლოვაკია ფიფას წევრი 1907 წელს გახდა.

1930 - ფრანგმა მძლეოსანმა ჟიულ ლადომჟემ კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:23.6).

1933 - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების პრგრამაში კალათბურთი შეიტანა.

1947 - თბილისის “დინამომ” საკავშირო პირველობის მეცხრე ჩემპიონატის ბოლო ტურში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. დინამოელთაგან გოლები სპარტაკ ჯეჯელავამ (2) და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ”ტორპედოელმა” გომესმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

1957 - “მონრეალ კანადიენსის” ჰოკეისტი მორის რიშარი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მეხუთასე შაიბის გატანა მოახერხა.

1961 - 48 წლის სტენლი მეტიუზი “ბლექპულიდან” “სტოკ სიტიში” დაბრუნდა. ეს მოხდა 30 წლის შემდეგ, რაც მეტიუზმა “სტოკ სიტიში” პირველი მატჩი ჩაატარა. ტრანსფერის თანხამ 3 ათასი გირვანქა შეადგინა, “ბლექპულს” კი სერ სტენლის ყიდვა 8 ათასი გირვანქა დაუჯდა.

1966 - კიევში ადგილობრივი “დინამოსა” და ალმა ატის “კაირატის” მატჩის მსვლელობისას ქართველმა არბიტრმა კარლო ყრუაშვილმა მინდვრიდან ყაზახთა გუნდის მცველი ანატოლი ფედოტოვი გააძევა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას. მოგვიანებით ფედოტოვს სეზონის ბოლომდე მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია.

1967 - საბჭოთა მძლეოსანმა იგორ ტერ-ოვანესიანმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8 მეტრი 35 სანტიმეტრი). ეს რეკორდი მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელმა ბობი ბიმონმა გააუმჯობესა (8.90). იგორ ტერ-ოვანესიანი პირველი სიგრძეზე მხტომელი იყო, რომელმაც რვა მეტრიანი ზღვარი გადალახა. ეს 1962 წელს მოხდა (8.01).

1983 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ფილადელფია ფლაიერზმა” ზედიზედ მოგებული 13 მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1991 - ამერიკულ ფეხბურთში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. ექვსი ოვერტაიმის გამო ასპარეზობა სამ საათსა და 52 წუთს გაიწელა.

2007 - საფრანგეთში მიმდინარე რაგბისტთა მსოფლიოს თასის მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინამ საფრანგეთს 34:10 მოუგო და პირველად გახდა აღნიშნული შეჯიბრების პრიზიორი.

2008 - ბრაზილიაში მიმდინარე ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ტურნირის მასპინძლებმა ესპანეთს მატჩისშემდგომი პენალტების სერიით 4:3 სძლიეს და ჩემპიონები გახდნენ. ასპარეზობის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა.

2013 - სტივენ ჯერარდმა მეასე გოლი გაიტანა პრემიერლიგის მატჩებში. “ნიუკასლი”-“არსენალი” 2:2.

ამ დღეს დაიბადნენ

1921 - გუნარ ნორდალი. შვედეთის ნაკრების, “ნორჩეპინგის”, “მილანისა” და “რომას” ფორვარდი. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ოლიმპიურ ტურნირზე გახდა საუკეთესო ბომბარდირი. შვედეთის ეროვნული ნაკრების 33 მატჩში გაიტანა 44 გოლი. შვედეთის ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. შვედეთის ჩემპიონატების 172 მატჩში გაიტანა 149 გოლი. ორჯერ გახდა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. 1949 წელს გადავიდა “მილანში” (ამის შემდეგ ნორდალს შვედეთის ნაკრებში თამაში აეკრძალა, რადგან სკანდინავთა ეროვნულ გუნდში იმხანად მხოლოდ მოყვარული ფეხბურთელები გამოდიოდნენ), სადაც თანამემამულეებთან, გრენსა და ლინდჰოლმთან ერთად ფორვარდთა ტრიოს ქმნიდა, რომელსაც “გრენოლი” შეარქვეს. ნორდალი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1951, 1955), ორჯერ კი “კოპა ლათინას” ფლობდა. გუნარ ნორდალი 210 გოლით “მილანის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ორი სეზონი გაატარა “რომაში”. გუნარ ნორდალი ხუთჯერ იყო იტალიის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი. იტალიის პირველობების 291 მატჩში გატანილი აქვს 225 გოლი. ამ მაჩვენებლით ნორდალს მხოლოდ სილვიო პიოლა უსწრებს. ოთხჯერ იყო შვეციის, ხუთჯერ კი იტალიის პირველობის საუკეთესო გოლეადორი. შვეციისა და იტალიის ჩემპიონატების 504 მატჩში გაიტანა 404 გოლი. გუნარ ნორდალი 1995 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა.

1927 - ჰანს შეფერი. გერმანიის ნაკრებისა (1952-62) და “კიოლნის” (1947-65) ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონატების მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. 1962 და 1964 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1963 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. “კიოლნის” შემადგენლობაში ჩაატარა 504 მატჩი, გაიტანა 300 გოლი.

1929 - ბალბირ სინგჰი. ინდოელი ბალახის ჰოკეისტი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952, 1956).

1929 - იგორ ნოვიკოვი. საბჭოთა მძლეოსანი. თანამედროვე ხუთჭიდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. ნოვიკოვი გუნდურ ჩათვლაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

1933 - ვილფრიდ დიტრიხი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოკრივე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში რომის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1933 - მიხაილ სემიონოვი. საბჭოთა კალათბურთელი. 1956 და 1960 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1940 - იეჟი კულეჟი. პოლონელი მოკრივე. ქვესაშუალო წონით კატეგორიაში 1964 და 1968 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1946 - იურგენ კროი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების (1967-81) და “ცვიკაუს” (1967-85) მეკარე. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გდრ-ის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი. 1972, 1976 და 1978 წლებში დაასახელეს გდრ-ის საუკეთესო ფეხბურთელად. 1967 და 1975 წლებში მოიპოვა გდრ-ის თასი. გდრ-ის ჩემპიონატებში ჩაატარა 372 მატჩი. კროი პლასტიკითა და რეაქციით გამოირჩეოდა, რის გამოც ბევრი მას ზეპ მაიერისა და დინო ძოფის კლასის ტოლ მეკარედ მიიჩნევდა.

1951 - სანასარ გევორქიანი. ერევნის “არარატის” მცველი. 1973 წელს მოიგო საკავშირო პირველობა და თასი, 1975-ში კი თასი.

1956 - სიუზი ბარკერი. ინგლისელი ჩოგბურთელი. 1976 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობის ქალ ერთეულთა ტურნირი. ბარკერმა 1977 წელს იასპარეზა უიმბლდონისა და ავსტრალიის ღია პირველობების ნახევარფინალებში.

1962 - ევანდერ ჰოლიფილდი. ამერიკელი მოკრივე. ერთადერთი მოკრივე პროფესიონალურ რინგზე, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში ოთხჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1996 წლის 9 ნოემბერს მან მე-11 რაუნდში მაიკ ტაისონი ნოკაუტში გაგზავნა და მესამედ გახდა პლანეტის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე. უკვე 1997 წლის 28 ივნისს მატჩ-რევანში შედგა, რომელშიც მაიკ ტაისონმა ჰოლიფილდს ყურის ბიბილო მოაჭამა, რისთვისაც “რკინის მაიკს” დისკვალიფიკაცია მისცეს. 1984 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებულ 53 მატჩში, 42 აქვს მოგებული (მათ შორის 27 ნოკაუტით). თავისი ბოლო ორთაბრძოლა ჰოლიფილდმა 2007 წლის 13 ოქტომბერს ჩაატარა.

1969 - ერვინ სანჩესი. ბოლივიის ნაკრების (1990-2006), რამდენიმე ბოლივიური კლუბისა, პორტუგალიური “ბენფიკასა” (1990-91, 1997-98) და “ბოავიშტას” (1992-97, 1998-2003) ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბოლივიის ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. 2001 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. საერთო აღიარებით ბოლივიის საუკეთესო ფეხბურტელი. 2007 წლიდან სათავეში ცაუდგა ბოლივიის ეროვნულ გუნდს.

1979 - კოსტას ცარცასი. საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებისა მძიმე ფორვარდი-მეფარე (210 სმ). ევროპის 2005 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1959 - ბუგერა ელ კუაფი. მაროკოელი სტაიერი. მარათონულ გარბენში 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. იგი 60 წლის ასაკში მოკლეს.

0.111851