ძიუდო

19:40 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს მედლით გახსნა. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილი ავიდა.

19 წლის მსუბუქწონოსანმა შეჯიბრება ფრანგ ტეო რაულ ჰებრარდთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ერთი თვის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის რეპეშაჟის ფინალში განცდილი მარცხისთვის ვაზარით აუღო რევანში. მეორე მოწინააღმდეგეს – ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს უილეთოდ, გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით სძლია. მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამცს წუთი და 11 წამი აკმარა. ნახევარფინალში კი ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა.

ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნათიგ გურბანლის დაეჭიდა და ვაზარიდ შეფასებული ორი გდებით გაუსწორდა.

ვაჟთა შორის, უმსუბუქეს წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ ვანო ნინიაშვილმაც იჭიდავა და რომ არა გურბანლისთან ნახევარფინალში განცდილი მარცხი, 55 კილოგრამის მსოფლიო კონკურენცია ქართული ფინალით დაგვირგვინდებოდა.

ნახევარფინალამდე ნინიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: ამერიკელი მაქს ანტონიუ, პორტუგალიელი ფელიპე კრუზი და უნგრელი დანიელ მონორი. "ბრინჯაოს ფინალში” კი მონღოლ ლხაგვაჯამცთან დაძაბულ შეხვედრაში კონტრილეთზე წამოეგო, ბეჭებზე დავარდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.

დღესვე, ხორვატიულ ტატამზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟები და 44 და 48 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონები გავიდნენ. ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

ხვალ მედლების მორიგი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში 66 და 73 კილოგრამებში, ხოლო გოგონებში – 52 და 57 კილოგრამებში. ქართული დროშის ქვეშ მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან: ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი.

20 ოქტომბერს ზაგრებულ ტატამზე ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე 81 კგ), გიორგი ჩიქოვანი, იმედა გოგოლაძე (ორივე 90 კგ) და მარიამ ჭანტურია (63 კგ) გავლენ. 21 ოქტომბერს კი ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იჭიდავებენ.

0.120297