ჭიდაობა

21:57 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორელი მოჭიდავეების მედლების სიუხვე გურამ საღარაძის ტურნირიდან  

მსოფლიოს ჩემპიონის გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ამბროლაურში გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს.

შეჯიბრებაზე, რომელიც 13-15 ოქტომბერს ჩატარდა და სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის უმცროსი ასაკის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, გორელები ორი გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი. მათ 15 წონით კატეგორიაში ჯამში 11 მედლის დაუფლება შეძლეს.

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის აღსაზრდელებმა 8, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის გუნდმა კი 3 მედალი აიღეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თეიმურაზ თუთარაშვილი, გიორგი მაისურაძე და ნიკოლოზ ბოჭორიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანებაში ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც გაერთიანების დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა ამბროლაურში მოასპარეზე გორელთა გუნდების მწვრთნელს და სპორტსმენებს წარმატება მიულოცა. გამარჯვებულმა მოჭიდავეებმა და მათმა დამრიგებელმა კი მედიასთან შეჯიბრების პერიპეტიების თაობაზე ისაუბრეს.

"მოჭიდავეები, რომლებიც გურამ საღარაძის სახელობის ტურნირზე ასპარეზობდნენ იმავე დარბაზებში ვარჯიშობენ, სადაც ჩვენი დიდი ფალავანები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი. დარწმუნებული ვართ რომ მათ მაგალითზე აღზრდილი სპორტსმენები თავადაც ბევრ დიდ გამარჯვებას მოიპოვებენ. გორის სპორტული სკოლების გაერთიანება ჩვენთან შემავალ ყველა სპორტულ სკოლას უწყობს ხელს რათა წარმატებების გზას ადგეს. ამბროლაურის საერთაშორისო შეჯიბრებაზე გორელი უმცროსი ასაკის მოჭიდავეების მიერ ნაჩვენები შედეგი ჩვენთვისაც სტიმულია და უშუალოდ მწვრთნელებისა და სპორტსმენებისთვისაც, რათა გორი სპორტული წარმატებებით ისევ გამორჩეული იყოს" - თქვა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

ვასილ ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110265