ფეხბურთი

17:43 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სარი: “გვარდიოლა საკის მსგავსად ნოვატორია”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდი და მისი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კომპლიმენტებით შეამკო.

“გვარდიოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. წლების წინ ასეთივე ნოვატორი არიგო საკი იყო, მაგრამ როგორც ვხედავთ დღესდღეობით პეპმა დიდი გავლენა მოახდინა.

“სიტისთან” მატჩი რთული იქნება, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არ უნდა შეეშინდეთ. მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა შიში ხელს შეგვიშლის.

ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის და ვიცი, რომ სერიოზულ ბრძოლას გამართავს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. ძლიერი გუნდი მყავს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეხედულება. ამას ჩატარებული მატჩები და შედეგები ადასტურებს.

“ქალაქელების” რამდენიმე მატჩი ვნახე, ისინი სულ სხვა დონეზე თამაშობენ. გვარდიოლას ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ჰყავს. მჯერა, რომ ჯგუფიდან უპრობლემოდ გავლენ, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, წინ ადვილი მატჩები არ გველის”, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ “სიტისა” და “ნაპოლის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114211