ავტოსპორტი

4:49 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლე მანის ჩემპიონი „ტორო როსოში“ საინსს შეცვლის

ფორმულა 1-ის გუნდების უმეტესობა უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს, მაგრამ „ტორო როსოს“ შუა სეზონშივე მოუწია პილოტების შეცვლამ. იტალიურმა გუნდმა ჯერ დანილ კვიატი სარეზერვო პილოტად ჩამოაქვეითა და მისი მონოპოსტი პიერ გასლის გადააბარა. ახლახანს კი „რენოში“ გადასული კარლოს საინსის ადგილზე, ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებული და გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონი ბრენდონ ჰარტლი მიიწვია.

ახალზელანდიელმა მრბოლმა ლე მანის 24 საათი ამ სეზონში მოიგო, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონი კი 2015 წელს გახდა. ორივე შემთხვევაში მან ეს „პორშეს“ LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპით შეძლო. უფრო მეტიც, ამავე ტიტულის მეორედ დაუფლების რეალურ შანსს ამ სეზონშიც ინარჩუნებს. თუმცა, გერმანული კომპანია მომავალი სეზონიდან პროტოტიპების კლასში ასპარეზობას აღარ აპირებს. ამ სიტუაციაში, „ტორო როსოში“ გადასვლა ჰარტლისთვის კარიერის გაგრძელების შესანიშნავი ვარიანტია.

ჰარტლი „რედ ბულის“ ფარმ გუნდში ოსტინის რბოლაში იასპარეზებს, სადაც არ იქნება გასლი. ფრანგი მრბოლი ამ დროს იაპონიაში გაემგზავრება, სადაც სუზუკას ტრეკზე სუპერ ფორმულას ტიტულისთვის იბრძოლებს. ამის გამო, მის ნაცვლად საჭეს ისევ კვიატი მიუჯდება.

ჰარტლისთვის ეს „ტორო როსოს“ უცხო არაა. ამ გუნდში ის 2008-2010 წლებში ტესტ პილოტის როლში იყო, 2012-2013 წლებში კი იმავე როლს „მერსედესის“ გუნდში ასრულებდა. ახალზელანდიელს 2007 წელს მოგებული აქვს ფორმულა „რენო“ 2.0 ევროკაპის სერია.

0.117061