ფეხბურთი

1:35 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: გალისიელებმა “გრან კანარიაზე” გაილაღეს

ლა ლიგის მერვე ტურის დასკვნითი შეხვედრა “გრან კანარიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლას პალმასი” ვიგოს “სელტას” დაუხვდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

კანარულ კლუბს კიკე სეტიენის წასვლა ძალიან ეტყობა. გასულ სეზონში “ლას პალმასი” ყველასთვის ანგარიშგასაწყევი ძალა იყო, წელს კი “ყვითლები” ძალიან სუსტად გამოიყურებიან და 6 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ: ბურთსაც უფრო დიდხანს ფლობდნენ, კარშიც მეტი დაარტყეს, კუთხურიც მეტჯერ მოაწოდეს, თუმცა საკუთარი შანსების გამოყენება ვერ შეძლეს, ხოლო მეტოქემ პირიქით, მომენტები მაქსიმალურად კარგად გამოიყენა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გალისიელებმა საწყისი 45 წუთი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს: ანგარიში მე-16 წუთზე ემრე მორმა ჭკვიანური დარტყმით გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ჩიჩიზოლას შეცდომას იაგო ასპასის გოლი მოჰყვა.

სტუმართათვის მეორე ნახევარი ჩინებულად დაიწყო და 49-ე წუთზე განხორციელებული კონტრშეტევა იაგო ასპასის მეორე გოლით დასრულდა. “ლას პალმასმა” პატარა შანსი 52-ე წუთზე მიიღო: სტუმართა მეკარემ ბლანკომ, მასთან პირისპირ გასული კალერი წააქცია და წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა კანარელებს ამ გოლმაც ვერ უშველა. პირიქით, 71-ე წუთზე პაბლო ერნანდესისგან მეოთხე გოლი მიიღეს, ხოლო 76-ე წუთზე იაგო ასპასმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ტაბლოზე მასპინძელთათვის სამარცხვინო ანგარიში დაფიქსირდა.

“ლას პალმასმა” რაც მოახერხა, ბოლო წუთებზე გატანილი პრესტიჟის გოლებია: 90-ე წუთზე პირველი ბურთი ვიტოლომ გაქვითა, ხოლო 93-ე წუთზე სხვაობა ლოიკ რემიმ შეამცირა – 2:5.

“სელტა” 11 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, “ლას პალმასი” 6 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.

ლას პალმასი – სელტა 2:5 (0:2)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-3-3): ჩიჩიზოლა, დ.გარსია, ბიგასი, ერერა (ვიტოლო 62), მიჩელი (ლემოსი 62), აკვილანი, ვიერა, ერნანი, ტანანე, მომო (რემი 46), კალერი.
მწვრთნელი: პაკო აიესტარანი

სელტა (4-2-3-1): ბლანკო, კაბრალი, ს.გომესი, ვასი, ხონი, პ.ერნანდესი (რადოია 80), ლობოტკა, ხოზაბედი (ფონტასი 64), სისტო, მორი (ს.ალვარესი 55), ასპასი.
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე

გოლები: 0:1 მორი (16), 0:2, 0:3, 0:5 ასპასი (20; 49; 76), 0:4 პ.ერნანდესი (71), 1:5 ვიტოლო (90), 2:5 რემი (93)
გაფრთხილებები: ბიგასი, აკვილანი – ხოზაბედი
გაძევება: ბლანკო (52)
მსაჯი: დავიდე მედიე ხიმენესი

თეგებილა ლიგა
0.118945