ფეხბურთი

21:55 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძმა ძმისთვისაო: პიპო სიმონეს აქებს

იტალიაში ახლა ერთ-ერთი მთავარი თემა სიმონე ინძაგია – რომის “ლაციო” 41 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში ძალიან კარგად აათამაშა და წელსაც აგრძელებს ექსპერტთა გაოცებას.

აგერ, “არწივებმა” მათთვის ერთობ უხერხული მეტოქე “იუვენტუსი” დაამარცხეს, თანაც მისსავე მოედანზე. საერთოდაც, “ლაციალეს” თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა და სპეციალისტები ამ ყველაფერს სწორედ ინძაგის უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ სიმონე უკვე განიხილება ტურინის “იუვენტუსს” შესაძლო მწვრთნელად მას მერე, რაც მასიმილიანო ალეგრი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

მოგეხსენებათ, სიმონე ინძაგი ფეხბურთელი იყო, თუმცა ამ მხრივ იმხელა კვალი არ დაუტოვებია, რამდენიც მისმა უფროსმა ძმამ, ფილიპომ დატოვა ფეხბურთში. საინტერესოა, რომ პიპოც მწვრთნელია, მაგრამ აღნიშნულ საქმიანობაში ჯერჯერობით უმცროს ძმას ჩამოუვარდება. ფილიპო ახლა სერია B-ს ბინადარ “ვენეციას” უდგას სათავეში და თავისი ძმის წარმატებით ტკბება:

“ჩემი ძმის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის ამჟამად ევროპის საუკეთესო მწვრთნელებს შორის შედის. სიმონემ ეს ყველაფერი დაიმსახურა – ჭკვინია და ბევრს სწავლობს. იტალიაში ადვილი არაა ახალგაზრდისთვის თავის დამკვიდრება. ამბობენ, რომ გამოცდილება არ აქვს და მზად არაა, მაგრამ ჩემი ძმის შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ არსებობს.

“მილანი”? – ვფიქრობ, “მადონინაში” მარცხი არ დაუმსახურებია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პერიოდს დაძლევს და სეზონს კარგად დაასრულებს”, - აღნიშნა ფილიპომ.

სიმონე ინძაგიმ "ლაციო" 2015-2016 წლების სეზონის მიწურულს ჩაიბარა და ბოლო სამი თამაში მოაგებინა. შარშან, "ბიანკოჩელესტემ" სეზონი მეოთხე დაასრულა, პარალელურად კი იტალიის თასის ფინალში გავიდა. მიმდინარე სეზონში კი, რომაელები "იუვენტუსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ და იქამდე, იმავე "იუვეს" იტალიის სუპერთასის შეხვედრაშიც აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116275