კალათბურთი

19:42 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილის 7 ქულა და 7 პასი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში მორიგი თამაში წააგო მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ”. თუმცა, ამაში ქართველი კალათბურთელი ნაკლებად იყო დამნაშავე.

“რეჯანამ” გასვლაზე “სასარის” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ 10 ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა შეხვედრა – 67:77.

მარკოიშვილი რეჯიო ემილიელთა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 34 წუთიც გაატარა. ამ დროში მანუჩარმა 7 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) დააგროვა.

ქართველმა მოთამაშემ ხუთიდან ორი ორქულიანი გამოიყენა და ოთხიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.

“რეჯანას” სამი ტურის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია. მომდევნო შეხვედრას მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები 22 ოქტომბერს, “კაპო დ’ორლანდოსთან” ჩაატარებენ.

0.130894