ფეხბურთი

16:52 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: “მილანში” დიდი ხნით მაინც არ დავრჩებოდი”

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 2015 წელი და “მილანის” შეთავაზება გაიხსენა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა - “როსონერის” საბოლოო არჩევანი ჩემზე რომ შეეჩერებინა, ამ კლუბში დიდი ხნით მაინც არ დავრჩებოდიო.

“2015 წელს მქონდა "როსონერიში" მისვლის შანსი, თუმცა ხელმძღვანელებმა არჩევანი სანიშა მიჰაელოვიჩზე შეაჩერეს. "მილანში” დიდი ხნით მაინც არ მომიწევდა დარჩენა, რადგან თუ მწვრთნელის საქმიანობაში სხვები ჩაერეოდნენ, მე ასე ვერ ვიმუშავებდი. ვფიქრობ, რომ ბერლუსკონზე აგორებული ჭორები უფრო მეტად მითია, ვიდრე სიმართლე” - აღნიშნა სარიმ, რომელმაც არიგო საკისა და პეპ გვარდიოლას შესახებაც ისაუბრა.

“ჩემი და საკის შედარება ალბათ გადაჭარბებულია, რადგან მე ჩემი პატარა ინოვაციები მაქვს. არიგომ საფეხბურთო ისტორია თავისი გამარჯვებებითა და მიღწევებით დაწერა. ის იყო უდიდესი ტაქტიკოსი”.

“შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩემი, ისევე გვარდიოლას საფეხბურთო ხედვა წლების განმავლობაში იცვლება. “ბარსელონასგან” განსხვავებით, “ბაიერნში” და “მანჩესტერ სიტში” მან ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ფილოსოფია იგივე დარჩა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიამ საინტერესო იქნება. ის ნიჭიერი მწვრთნელია, რომელიც ქმნის ეპოქას ფეხბურთში. თუ ჩვენ მანჩესტერიდან ქულის ან ქულების წამოღებას მოვახერხებთ, ეს სერიოზულად იმოქმედებს ჩვენს ჯგუფზე”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 ტურის შემდგომ F ჯგუფში 6 ქულით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს, 3-3 ქულა აქვთ “ნაპოლის” და “შახტარს”, რაც შეეხება “ფეინოორდს”, ჰოლანდიური კლუბი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

“მანჩესტერ სიტისა” და “ნაპოლის” მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.102455